თვალსაზრისი: მაგრად შეგეშალა, ფრენკი! გახსოვთ ტონი მონტანა?

AutoSharing Option
"ნაიარევი სახე" (SCARFACE) - ლეგენდარული ფილმია, ისეთი, ბევრი სცენა ზეპირად რომ გახსოვს.

ტონი მონტანა ფრენკ ლოპესის მოსაკლავად რომ მიდის, მისგან ბევრ აბდაუბდას მოისმენს. საცოდავი ფრენკი თავის ძუკნას, ელვირასაც კი უთმობს მონტანას, მაგრამ გაფუჭებულ საქმეს უკვე ვერაფრით შველის.

მაგრად შეგეშალა, ფრენკი! - ამბობს ტონი და კლავს მას.

10 ივლისს ლევან კობიაშვილი 36 წლის გახდა. ის ერთადერთი ქართველი ფეხბურთელია, ვინც 2013-14 წლების სეზონში ელიტარულ საფეხბურთო ლიგაში ითამაშებს. ეს უკვე
ისეთი რამეა, რომ აღარ ღირს იმის დათვლა, რამდენი მატჩი ითამაშა კობიაშვილმა ბუნდესლიგაში - ის ამ ქვეყანაში ყველასათვის სამაგალითოა.

კობიაშვილმა მოინელა ექვსთვიანი დისკვალიფიკაცია, ხელმეორედ გახდა ბერლინის "ჰერტას" საკვანძო მოთამაშე და ბუნდესლიგაშიც დაბრუნდა.

გერმანულ პრესაში ამ ყველაფერზე ბევრი დაიწერა. გერმანია დალაგებული ქვეყანაა, სადაც იციან ადამიანის და ფეხბურთელის ფასი; ისიც, რომ გერმანიაში მკაცრად და უსამართლოდ მოექცნენ კობიაშვილს, ექვსი თვით ჩამოაშორეს ფეხბურთს, მაგრამ ესეც იქაური წესების ნაწილია - მსაჯი ყოველთვის მართალია!

იყო ბუნდესლიგის ფეხბურთელი ასეთ ასაკში - ამას შეძლება უნდა. კობიაშვილი მოედანზე მხოლოდ ფეხბურთელი აღარ არის; დიდი გამოცდილება მას იმის უფლებასაც აძლევს, თანაგუნდელებს მითითებები მისცეს. კობიაშვილი ლიდერი იყო "ფრაიბურგში", ოტო რეჰაგელმა კი "ჰერტაში" მას კაპიტნის სამკლავურიც გაუკეთა.

კობი ისეთი ლიდერი და კაპიტანი იყო, ყოველთვის დადებითი მუხტი რომ შეჰქონდა გუნდში. ასე იყო საქართველოს ეროვნულ ნაკრებშიც, სადაც კაპიტნის სამკლავური დღეს ისეთი ფორმალობაა, როგორც "ჰერმესის" ქამარი მწვრთნელისთვის.

თავმდაბალი, გაწონასწორებული და მიზანდასახული - კობიაშვილი ასეთი ახსოვთ ჯერ კიდევ თბილისის "დინამოდან", სანამ ის ვლადიკავკაზის "ალანიაში" გადავიდოდა.

კობის პროფესიონალიზმი მართლაც ცალკე თემაა. მე არ მახსოვს მისი ჩაგდებული თამაში ნაკრებში. როგორც ყველას, მოედანზე მასაც მოსვლია შეცდომა, მაგრამ თამაში არასდროს ჩაუგდია. მაღალი კონცენტრაცია თითქოს თანდაყოლილი თვისება იყო ნაკრებში მოთამაშე კობიაშვილისთვის.

კობიმ ნაკრებში ასი მატჩი ითამაშა და 12 გოლი გაიტანა. ევროსარბიელზე "შალკეს" შემადგენლობაში 7 გოლი შეაგდო, რაც მეოთხე მაჩვენებელია "ხუმარათა" ყოფილი თავდამსხმელების - კლაუს ფიშერის, კევინ კურანის და ლინკოლნის შემდეგ.

სანაკრებო გოლებიდან ყველაზე დასამახსოვრებელი, ალბათ, ორი იყო - 2003 წელს, თბილისში ირლანდიასთან საჯარიმო დარტყმით რომ გაათანაბრა ანგარიში და წინა შესარჩევში საქართველომ ბოლო წუთზე ხორვატიას რომ მოუგო - 1:0.

არ ვიცი, ვინ და რატომ დაწყევლა საქართველოს ნაკრები, მაგრამ ფაქტია - ჩვენმა უპირველესმა გუნდმა ვერც ერთი მწვრთნელის ხელში ვერ გაიხარა, ფეხბურთელთა ვერც ერთი თაობით ვერ მიაღწია რაიმე ღირებულ წარმატებას. კობიაშვილიც ამ ყველაფერში მოყვა.

თემურ ქეცბაიამ მას ნაკრების კარი მიუხურა.

მუდმივი არაფერი არ არის და კობიაშვილიც ვერ ითამაშებდა უსასრულოდ ჩვენს ეროვნულ გუნდში, მაგრამ ყველაფერს თავისი ფორმა აქვს - ქეცბაიას კობიაშვილთან მაგრად შეეშალა.

ამ ცოტა ხნის წინათ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სპორტულ დირექტორად არჩილ არველაძე დაინიშნა და, ალბათ, ყველა ხვდება, თუ რატომ მოჰკიდა ტყუპისცალმა ხელი ამ საქმეს - იქნებ მან მაინც დააბალანსოს ურთიერთობები.

კობიაშვილი კი ამასობაში ბუნდესლიგაში ითამაშებს, მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ლიგაში, კოხტა და სავსე სტადიონებზე, მკაცრი და ძლიერი მედიის ობიექტივში, იქ, სადაც არის მისი ადგილი.

ის არ არის ისეთი დაუნდობელი, როგორც ტონი მონტანა და ალბათ, მაქვს უფლება ვივარაუდო, რომ ბოღმას გულში არ ჩაიდებს. კობიაშვილი ცუდად გაუშვეს ნაკრებიდან და ამ საქმეს ვერავინ და ვერაფერი გამოასწორებს. ის პროფესიონალია და ასეთი კაცი ყველაფრისთვის არის მზად.

მაგრად შეგეშალა, ფრენკი!

რას ვიზამთ, ესეც ფეხბურთის ნაწილია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
აი, რას ნიშნავს კობი გერმანელებისთვის! საქართველოს ნაკრებისთვის?
მივდივარ, მაგრამ დავბრუნდები - ლევან კობიაშვილის მიმართვა გულშემატკივარს
ლევან კობიაშვილმა Sportall.ge-ს მკითხველებს უპასუხა
ლევან კობიაშვილი: დღეებს ვითვლი, როდის გავა დისკვალიფიკაციის ვადა
ლევან კობიაშვილი: თავს დავდებ, რომ ვოლფგანგ შტარკს განზრახ არ შევხებივარ!
ლევან კობიაშვილი: ნაკრების თამაშების "შორიდან" ყურება ძალიან მიჭირს
თემურ ქეცბაია: კობიაშვილთან და იაშვილთან, ალბათ, დამნაშავე ვარ
ლევან კობიაშვილი და საქართველოს ნაკრები: დაერეკათ და პირდაპირ ეთქვათ!
მკითხველის კომენტარები / 9 /
კობის ნაკრებში თამაში რომ შეუძლია ეს ფაქტია. გულშემატკივრები თუ მოვითხოვთ იქნებ კიდევაც მოიწვიონ? წარმატებები კობი!!!!
guja_kakhadze
13:15 12-07-2013
0
რაგინდათ ვერ გავიგე ძალიან კარგი სტატიაა თემურა რო საშნლად მოექცა კობის მაგას რათ უნდა ბევრი ლაპრაკი თორე კობი რო ტონი არაა ეგ ყველამ ვიცით
ioio
15:22 12-07-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული