გიორგი სარჯველაძე: ერთი კვირაა, "რასინგის" დუბლებში მიმიწვიეს და ვვარჯიშობ

AutoSharing Option
გიორგი სარჯველაძეზე "ლელო" ადრეც წერდა. შეგახსენებთ, რომ მეორე წელია, რაც 19 წლის ქართველი ცენტრალური ნახევარმცველი ესპანეთშია.

თბილისში დაბადებული სარჯველაძე 2011 წელს ოთხი თვის განმავლობაში "დნიპროს" ასაკობრივ გუნდში ვარჯიშობდა. ესპანეთში ამის შემდეგ წავიდა. იქ "ერკულესის" 19-წლამდელთა გუნდის მთავარ მწვრთნელს თავი მოაწონა და 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. რაც მთავარია, ის გუნდში სისტემატურად თამაშობდა...

ახლა სარჯველაძე სანტანდერის "რასინგშია" და იმედოვნებს, რომ მალე კანტაბრიულ კლუბთან კონტრაქტს გააფორმებს.

"ერთი კვირაა, რაც "რასინგის" დუბლებში მიმიწვიეს და ვვარჯიშობ.

ადრე ეს გუნდი პრიმერა დივიზიონში გამოდიოდა, საკმაოდ ძლიერი იყო და
ევროთასებზეც უთამაშია. ახლა სეგუნდაშია, "რასინგი B" კი, სადაც ახლა ვარ, ტერსერა (ანუ მესამე) დივიზიონში გამოდის.

მართალია, ჯერ კონტრაქტი არ გამიფორმებია, მაგრამ ამ საკითხზე უკვე დავილაპარაკეთ, პარასკევს კი დეტალებს გავარკვევთ.

წესით, "რასინგთან" ხელშეკრულებას ხელი უახლოეს დღეებში უნდა მოვაწერო",
- სჯერა სარჯველაძეს.

გიორგი საქართველოს 17 და 19-წლამდელთა ნაკრებებში მოხვედრის კანდიდატი გახლდათ და რამდენიმე შეკრებაზეც მიიწვიეს - შარშან შემოდგომაზე კახა კაჭარავამ, წლეულს კი გია ცეცაძემ 19-წლამდელთა გუნდში გამოიძახა, თუმცა ელიტრაუნდზე არ წაიყვანა.

სარჯველაძემ "ერკულესი" ივნისში დატოვა და იმედოვნებდა, რომ ბასკეთში წავიდოდა, სადაც სეგუნდა B-ს "სესტაო რივერსა" და "ბარაკალდოში" იწვევდნენ, მაგრამ საბოლოოდ, თითქოს ყველაზე რეალური "რასინგი" აღმოჩნდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

გიორგი სარჯველაძე - "ერკულესიდან" ბასკეთში
გიორგი სარჯველაძე: "ერკულესში" შემთხვევით ჩავირიცხე
ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული