ლევან კობიაშვილი: ყოჩაღ დევდარიანს! გორის "დილამ" გამაოცა!

AutoSharing Option
"ოლიმპიაშტადიონზე" წაუგებელი მატჩების სერია "ჰერტას" ბუნდესლიგაშიც არ შეუწყვეტია. იოს ლუჰუკაის ხელმძღვანელობით, ბერლინელებმა ბუნდესლიგაში დაბრუნება ფრანკფურტის "აინტრახტთან" გამანადგურებელი გამარჯვებით აღნიშნეს - 6:1.

სამწუხაროდ, ლევან კობიაშვილი არც "ჰერტას" ძირითად შემადგენლობაში იყო და არც სათადარიგოთა შორის. მას გერმანიაში დავუკავშირდით და ინტერვიუ ვთხოვეთ.

ვფიქრობთ, საინტერესო უნდა იყოს, რა აზრისაა მრავლისმნახველი კობიაშვილი ჩვენი ფეხბურთის პრობლემებზე...

- ცხადია, ჯერ პირველ ტურში თქვენი უთამაშებლობის მიზეზი გვაინტერესებს...
- ეს იყო ბუნდესლიგაში პირველი შეხვედრა, მე კი სეზონის დაწყებამდეც ვიცოდი, რომ ყველა თამაშის ჩატარება არ მომიწევდა. რაც უნდა იყოს, მაინც
ბოლო სეზონია, ალბათ... თანაც, პირველი მატჩი ასეთი ანგარიშით რომ მოვიგეთ, დიდი ალბათობით, მეორე შეხვედრასაც გამოვტოვებ - მოგებულ შემადგენლობას არ ცვლიან.

ისედაც, ბუნდესლიგაში გადასვლის შემდეგ, იოს ლუჰუკაიმ შემადგენლობა გარკვეულწილად გადაახალისა, ოთხი ახალი ფეხბურთელი დაიმატა, კაპიტან პიტერ ნიმაიერსაც მოუნახა შემცვლელი.

- გუნდს რომ არ სჭირდებოდეთ, კონტრაქტს ხომ არ გაგიფორმებდნენ?
- სეზონი დიდია და ცხადია, თამაშები მექნება.

- მოტივაციაც გაქვთ, ბუნდესლიგაში 334 მატჩი ჩაატარეთ, რეკორდსმენი ბრაზილიელი ზე რობერტო კი მხოლოდ ორი თამაშით გისწრებთ...
- მე ყველა მატჩს ვერ ვითამაშებ, მაგრამ წესით, ეს რეკორდი უნდა გავაუმჯობესო. ალბათ, ჩემი გამოცდილება გუნდს სადღაც დასჭირდება.

- როგორც ვიცით, "ჰერტასთან" გაქვთ შეთანხმება, რომ კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ კლუბში დასაქმდებით...
- დიახ, ასეთი შეთანხმება ნამდვილად გვაქვს. "ჰერტა" ვალდებულებას იღებს, რომ კლუბის სტრუქტურაში ვიმუშავებ. სხვათა შორის, ერთი კვირის წინათაც ვილაპარაკეთ, რა მიმართულებით შეიძლებოდა ჩემი დასაქმება.

- ...და რა შემოგთავაზეს?
- ლაპარაკია, რომ მენეჯმენტში ან საფეხბურთო აკადემიაში დამასაქმებენ, მწვრთნელობაზე კი თავად ვთქვი უარი, ეს საქმე არ მიზიდავს. მაგრამ ამაზე ჯერ არ დავკონკრეტებულვართ. სეზონის დასრულების შემდეგ უფრო კონკრეტულად ვილაპარაკებთ. თუმცა ისიც მინდა გითხრათ, რომ მაინცდამაინც გერმანიაში დარჩენაც არ არის ჩემთვის იდეა-ფიქსი. თუ დავრჩები, ხომ კარგი, თუ არა და, სხვა კუთხით ვიმუშავებ.

- სეზონი დაიწყო, მაგრამ შევიტყვეთ, რომ თბილისში იმყოფებოდით...
- დიახ, ორიოდე დღით საქმეებზე ჩამოვედი. თანაც, შესაძლებლობა ხელიდან არ გავუშვი და "დინამო"-"სტიაუას" შეხვედრასაც დავესწარი, "დილას" თამაშებიც ვნახე და არ შემიძლია, ამ გუნდისა და მისი მწვრთნელის მიმართ აღტაცება არ გამოვხატო. ყოჩაღ, დევდარიანს! ძალიან კარგი გუნდი ჩამოუყალიბებია.

"ჰაიდუკთან" გორელების პირველი თამაშიც ვნახე და იცით, რამ გამაოცა? ასეთი დალაგებული, აზრიანი და ტაქტიკურად გამართული ქართული გუნდი არ მახსენდება. თბილისში ხომ ძალიან კარგად ითამაშეს, მაგრამ უფრო დიდი შთაბეჭდილებების ქვეშ სპლიტის მატჩის შემდეგ ვიყავი, რადგან გუნდის კლასი სწორედ გასვლით შეხვედრაში ჩნდება.

გულახდილად ვიტყვი - "დილას" ფეხბურთით ძალიან ვისიამოვნე. მოთამაშეებმა ზუსტად იცოდნენ, ვის რა, როგორ და როდის უნდა გაეკეთებინა.

- თუ გაქვთ წარმოდგენა, რა გუნდია პლეი ოფში მისი ამჟამინდელი მეტოქე ვენის "რაპიდი"?
- "ჰაიდუკზე" ოდნავ ძლიერია. საკმაოდ კარგ ჩეპიონატში რომ თამაშობს, ესეც ბევრს ნიშნავს. მაგრამ "დილამ" იმდენად დამაიმედა, რომ მჯერა, ამ ბარიერის გადალახვას შეძლებს, თუ ბიჭები მოედანზე მობილიზებულები გავლენ.

- ანუ, "დილას" შანსებს ხედავთ?
- შანსებს 50/50-ზე შევაფასებდი. გეტყვით, რატომ აქვს "დილას" რთული ამოცანა - მას პირველი ორი მეტოქე მაინც ზემოდან უყურებდა. ეტყობა, ფიქრობდნენ, რომ ქართული გუნდია და ადვილად გავივლითო. მაგრამ "ოლბორგს" და "ჰაიდუკს" რომ მოუგებ, ეს უკვე ძალიან ბევრს ნიშნავს და ავსტრიელებიც სერიოზულად განეწყობიან. მათ უკვე იციან, რომ სოლიდური მეტოქე ჰყავთ.

ამიტომ ვთქვი, რომ თავად გორელები უნდა იყვნენ მაქსიმალურად მობილიზებულები, რომ ასეთი მეტოქე დაამარცხონ. მთავარია, წინა თამაშების მსგავსად მოეკიდონ მეტოქეს და არ ჩათვალონ, რომ "რაპიდის" მოგებაც იოლი იქნება.

თუ გორელები ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვდებიან, ეს ქართული ფეხბურთისთვის უდიდესი წარმატება იქნება. ჩვენს ქვეყანასა და ხალხს ეს ძალიან სჭირდება.

კარგი იქნება, "დილასა" და "დინამოს" მსგავსი 2-3 გუნდი კიდევ რომ გვყავდეს. ამით ჩვენი ფეხბურთის დონე აიწევდა და ნაკრებსაც ძალიან დაეხმარებოდა.

- თქვენი აზრით, საქართველოში რამდენიმე ძლიერი გუნდის ჩამოყალიბება შესაძლებელია?
- შესაძლებელი იქნება, თუ კლუბებს სტაბილურად დააფინანსებენ. წლებია, გერმანიაში ვთამაშობ და აქაური გადასახედიდან ძალიან ძნელი წარმოსადგენია, როგორ შეიძლება გუნდები სეზონს ისე იწყებდნენ, რომ წინასწარ არ იცოდნენ, რა შემადგენლობა ეყოლებათ, სად მოემზადებიან, ექნებათ თუ არა ბიუჯეტი და თუ ექნებათ - რამდენი. ეს არასტაბილურობაა სწორედ იმის მიზეზი, რომ ჩვენი ფეხბურთი არ ვითარდება.

- იმაზე რას იტყვით, რომ ეგრეთ წოდებულ სახელმწიფო კლუბებში მოთამაშეებს მხოლოდ 6-თვიან კონტრაქტებს უფორმებენ, რაც შემადგენლობების მუდმივ ცვლას იწვევს? სხვათა შორის, "დილაშიც" ასეა...
- ...და ეს ძალიან ცუდია. "დილას" და ასეთ გუნდებს მიხედვა სჭირდებათ. ისე არ მინდა, რომ ვინმემ ჭკუის დარიგებად მიიღოს, მაგრამ სახელმწიფო ფინანსები უფრო გონივრულად უნდა დაიხარჯოს და დარწმუნებული ვარ, ამ საქმეს ადრე თუ გვიან მოევლება.

ადრე ისეთი ინერცია იყო, თითქოს მუნიციპალიტეტებში ერთი სული ჰქონდათ, ოღონდ რაიმე თანხა მიეგდოთ კლუბებისთვის და ხელები დაებანათ. არადა, სახელმწიფო სახსრები რომ იდება, ბევრად უფრო გააზრებული და მიზანმიმართული პოლიტიკა უნდა იყოს, ეს ხომ ინვესტიციაა და მას შედეგი უნდა მოჰყვეს.

6-თვიანი გუნდებით კი ჩვენი ჩემპიონატი და ფეხბურთი ვერ განვითარდება, შესაბამისად, ფეხბურთელებიც ვერ გაიზრდებიან.

- ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებმა საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომ ნაკრებიდან წასული მოთამაშეებისთვის გამოსამშვიდობებელ შეხვედრას გამართავენ. ეს ყველაფერი თქვენ გამო ითქვა. როდის გაიმართება ეს მატჩი?
- მას შემდეგ არავინ შემხმიანებია და სიმართლე გითხრათ, არც დავინტერესებულვარ - ეს თემა ჩემთვის დახურულია. კიდევ ერთი წელი ვითამაშებ და გამოსათხოვარ მატჩს თავად მივხედავ, ორგანიზებასაც გავუკეთებ და ყველაფერს ჩემი სახსრებით გავაკეთებ.

ლევან კობიაშვილი: გამოსათხოვარ მატჩს თავად მივხედავ (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
სამაგალითო პროფესიონალი - რას წერენ გერმანიაში ლევან კობიაშვილზე
ფოტოფაქტი: კობ-ი-აშვილი
ლევან კობიაშვილი: როცა საქმე კარგად მიდის, არავინ არჩევს იოზილსა და მიულერს
კობიაშვილმა "ჰერტას" მოაგებინა, "ილიჩევეცს" ოქრიაშვილმა უშველა [VIDEO]
ლევან კობიაშვილმა ბუნდესლიგაში დაბრუნება ლუდის შხაპით აღნიშნა
ლევან კობიაშვილი: გამოსათხოვარ მატჩს თავად გავმართავ!
მივდივარ, მაგრამ დავბრუნდები - ლევან კობიაშვილის მიმართვა გულშემატკივარს
მკითხველის კომენტარები / 9 /
ქართულლი ფეხბურთი დააქციეთ!
giga
08:48 19-08-2013
0
კობი მართლაც ბოლომდე იხარჯებოდა ნაკრებში სხვებისგან განსხვავებით და არ შეიძლება უკვალოდ მისი წასვლა..
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული