ლეგიონის უქმეები: ფრაიბურგიდან ფრაიბურგამდე [VIDEO]

AutoSharing Option
მართალია, ამჯერად ქართული ჰეთ თრიქი ვერ ვიხილეთ, მაგრამ მაინც ამბებით დახუნძლული ლეგიონის მიმოხილვა გამოგვივიდა - მთავარი კი ისაა, რომ ლევან კობიაშვილი ბუნდესლიგას დაუბრუნდა და 338-ე მატჩი ითამაშა!

აი, ხორვატულ NHL-ში სულ პირველად ითამაშა გიორგი ილურიძემ და გოლიც გაიტანა.

სხვა ქართული გოლებიც ვიხილეთ, რომელთაც საკმაოდ ხანგრძლივი "მშრალი" სერიები შეწყვიტეს.

დებიუტიც ასეთი უნდა
შაბათს ხორვატიაში ქართული ლეგიონის არსებობის ისტორიაში პირველი გოლი გავიდა - "ჰაიდუკისა" და "ზადარის" მატჩის მე-9 წუთზე თავი გიორგი ილურიძემ გამოიჩინა. რაც მთავარია, 21 წლის ფორვარდის შედეგიანი გასროლა მატჩში გამარჯვებისა
გამოდგა - 1:0.

"ჰაიდუკის" 11-მა ნომერმა პასი მარჯვენა ფლანგიდან მიიღო და 7 მეტრიდან დაუმუშავებლად გადაგზავნა "ზადარის" კარში.
იხილეთ ვიდეო

Sportall.Ge

დებიუტიც ასეთი უნდა - "პოლიუდზე" შეკრებილი 8 ათასი ფანი ტაშით აცილებდა ქართველ ფორვარდს (62-ე წუთზე შეცვალეს), რომელიც ძალზე აქტიური იყო, განსაკუთრებით, პირველ ტაიმში.

სხვათა შორის, მატჩისწინა პრესკონფერენციაზე იგორ ტუდორი გიორგისთან ერთად მივიდა. ჩვენებურის საუბარს კი "ჰაიდუკის" ფიზმომზადების რუსი მწვრთნელი თარგმნიდა.

აი, რას წერს "სპორტსკე ნოვოსტი" ჩვენებურზე:
"ჰაიდუკის" ფანობა გიორგი ილურიძეს აპლოდისმენტებით შეხვდა და ასევე გააცილა, როცა ქართველი იგორ ტუდორმა გაიყვანა. ილურიძემ თავისი დრო შესანიშნავად გამოიყენა, გოლის მომენტში არ უყოყმანია და ისედაც მრავალი მომენტი შექმნა. ეს უკვე ფაქტია - "თეთრები" ილურიძესთან ერთად გაცილებით მწვავედ იჩხვლიტებიან შეტევის დასკვნით ფაზაში. ილურიძე სწორედ ის არის, რაც "ჰაიდუკს" აკლდა".

ბებერი ხარის რქები
აზერბაიჯანის ჩემპიონატის მე-7 ტურში ბაქოური დერბი "ინტერსა" და "ბაქის" შორის ჩვენთვის საინტერესო გამოდგა - მატჩი 2:2 დასრულდა.

კახა ცხადაძის გუნდში კი 35 წლის ალექსანდრე იაშვილმა გაიბრწყინა.

პირველ ტაიმში ის ყველაზე სწრაფად გაერკვა სიტუაციაში და საჯარიმოს მარცხენა კუთხიდან გაიტანა, მეორეში კი მისი გარღვევის შემდეგ წაუვიდა "ინტერი" მარცხს - ქართველმა მარჯვენა ფრთაზე გაინავარდა, იქიდან კი ზუსტად დაკიდა ბურთი ხორვატი მატია შპიჩიჩის თავზე.
იხილეთ ვიდეო

Sportall.Ge

ალექსანდრე იაშვილმა "ინტერის" მაისურით პირველი გოლი გაიტანა. მან ამ გოლით ხანგრძლივი "მშრალი" სერია შეწყვიტა - ჩვენებურს ბოლოს შარშან, 30 ოქტომბერს ჰქონდა გატანილი გერმანიის თასზე "ბოხუმის" შემადგენლობაში.

ცხადაძემ სასტარტო შემადგენლობაში ათამაშა იაშვილი, ლაშა სალუქვაძე და ბაჩანა ცხადაძე.

მატჩის შემდეგ ცხადაძის თანაშემწე ზაურ სვანაძემ "აზერი ფუტბოლს" განუცხადა:

"თამაში ბოლომდე დაძაბული გამოდგა, ძნელი იყო შედეგის გამოცნობა. პირველ ტაიმში ჩვენ ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მწვრთნელმა საჭირო ტაქტიკური გადაადგილებები განახორციელა. იმედია, ეს შეხვედრა გამოდგება გარდამტეხი ჩვენთვის და ჩვენ გავაგრძელებთ ქულების დაგროვებას".

"ინტერმა" ჩვეულად ვერ დაიწყო ჩემპიონატი - ცხადაძის გუნდი 4 ქულით ბოლოსწინა ადგილზეა.

გიორგი ჩიხრაძის "სიმურგი" 0:0 ეთამაშა "ყარაბახს", რომლის შემადგენლობაშიც მეორე ტაიმი ითამაშა საქართველოს ნაკრების ფორვარდმა ნიკა გელაშვილმა.

"თამაში მძიმე და დაძაბული იყო, გუნდები მაღალ სისწრაფეზე თამაშობდნენ. კონტრშეტევებზე გოლის იმედად ვიყავით, არ გამოგვივიდა. მახარებს, რომ ბიჭები ბოლომდე იბრძვიან",
- ეს ჩიხრაძის კომენტარია.

მცველის გოლი უფრო დასაფასებელია
რუსულ პრემიერლიგაში IX ტურის მატჩები გაიმართა და "კრილია სოვეტოვის" მაისურით პირველი გოლი გაიტანა ალექსანდრე ამისულაშვილმა.

სამარელთა კაპიტანმა მე-18 წუთზე გაათანაბრა ანგარიში "ურალთან" შეხვედრაში (ლაშა გვალია ჯერ არ არის კლუბის განაცხადში) - 1:1.

ქართველმა მცველმა "კრილიას" შეტევა ახლო მანძილიდან დააბოლოვა. "ჩემპიონატმა" ჩვენებურს, რომელმაც 90 წუთი ითამაშა, მატჩში ერთ-ერთი საუკეთესო შეფასება, 6,5 ბალი დაუწერა.
იხილეთ ვიდეო

Sportall.Ge

მატჩის შემდეგ ამისულაშვილმა მცირე ინტერვიუ მისცა "სპორტ ექსპრესს":

"ჩემი აზრით, კარგია, როცა მცველებსაც გაგვაქვს გოლები. რა მნიშვნელობა აქვს, ვინ იქნება გოლის ავტორი, მთავარია, გუნდმა გაიტანოს და ქულები დავაგროვოთ.

ცუდია, რომ ვერ მოვიგეთ. სიმართლე გითხრათ, ფრე მეცოტავა. სასიამოვნოა, რომ გავიტანე, მაგრამ ამისგან დღესასწაულს არ ვქმნი - "ურალი" კარგი მეტოქე იყო, ცუდმა მოედანმა კი ორივე გუნდს შეგვიშალა ხელი.

ახლა კი "ზენიტთან" ოთხშაბათის მატჩზე ვფიქრობ, მომზადება უნდა მოვასწროთ",
- განაცხადა 31 წლის ქართველმა ლეგიონერმა.

აღსანიშნავია, რომ ამისულაშვილმა საკლუბო დონეზე ზუსტად 2-წლიანი პაუზის მერე გაიტანა (მაშინ "კრასნოდარში" თამაშობდა), თუმცა მას მერე ეროვნულ გუნდში ორჯერ გამოიჩინა თავი.

კვირას გია გრიგალავა ყოფილი გუნდის წინააღმდეგ გავიდა სათამაშოდ და დამარცხდა - "ვოლგამ" შინ "ანჟის" 2:1 მოუგო.

ქართველმა 90 წუთი ითამაშა (ცენტრალურ მცველად) და ერთი-ორჯერ შეტევაშიც ჩავიდა თავდამსხმელების დასახმარებლად.

ყველაზე ბოლოს ჯანო ანანიძის "როსტოვმა" ითამაშა, თუმცა ვერაფერი გააწყო "ზენიტთან". ქართველი 67-ე წუთზე შეცვალეს, "როსტოვმა" კი 0:4 წააგო.

შოთამ დუელი რობერტო კარლოსს მოუგო
თურქეთის სუპერლიგის მე-5 ტურში "სივასისა" და "ქასიმფაშას" სათადარიგოთა სკამს შესაბამისად, ბრაზილიური ფეხბურთის ლეგენდა რობერტო კარლოსი და ქართველი შოთა არველაძე ხელმძღვანელობდნენ. სტუმრებმა 2:1 მოიგეს.

შოთას გუნდმა 5 ტურში 9 ქულა დააგროვა. ზურაბ ხიზანიშვილის "ქაისერისფორი" "ტრაბზონს" 23 სექტემბერს უმასპინძლებს.

ირაკლი შეყილაძისა (21 წლის) და ლევან მჭედლიძის (23) "ემპოლი" უკვე 4-ქულიანი უპირატესობით ლიდერობს სერია B-ში.

ამ ტურში "ემპოლიმ" 3:1 დაამარცხა "პადოვა". მჭედლიძემ 71-ე წუთზე მასიმო მაკარონე შეცვალა, ხოლო შეყილაძე განაცხადში ვერ მოხვდა.

პორტუგალიის ჩემპიონატში ავთო ებრალიძე პირველად იყო "ჟილ ვისენტეს" სასტარტო შემადგენლობაში. მისი გუნდი "ოლანენშეს" 1:1 დაუზავდა.

ჩვენებური მეორე ტაიმში გამოცვალეს, ის საკმაოდ აქტიური იყო.

ქართული გოლი გავიდა ბელორუსში - ქვედა ექვსეულის მატჩში ბრესტის "დინამომ" სტუმრად 3:1 დაამარცხა "ნაფტანი" და 90-ე წუთზე საბოლოო ანგარიში უჩა გოგოლაძემ დააფიქსირა.

ლადოს ტრავმა აქვს
უკრაინის პრემიერლიგის მე-10 ტურში "სევასტოპოლმა" 4:2 დაამარცხა დონეცკის "მეტალურგი". ამ შეხვედრაში თავიდან ბოლომდე ითამაშა მცველმა მათე ღვინიანიძემ.

ქართველთა "ილიჩევეცი" სტუმრად 0:1 დამარცხდა "ვოლინთან". თორნიკე ოქრიაშვილი მოედანზე იყო, ხოლო დავით თარგამაძე - სათადარიგოთა სკამზე.

"დნიპრომ" სტუმრად ქართველთა დახმარების გარეშე მოუგო ზაპოროჟიეს "მეტალურგს". სანდრო კობახიძე სათადარიგო იყო.

პოლონეთში ტრავმის გამო გამოტოვა მორიგი ტური ლადო დვალიშვილმა, რომელმაც გასულ უქმეებზე ჰეთ თრიქი შეასრულა.

ქართველებმა ლიდერი მოარბიეს
ჰოლანდიის ჩემპიონატის მე-7 ტურში პრეზიდენტ მერაბ ჟორდანიას კლუბმა "ვიტესმა" ლიდერ "ზვოლეს" უმასპინძლა და უშანსოდ დაამარცხა - 3:0.

ქართული ტრიოდან მხოლოდ გიორგი ჭანტურიას არ უთამაშია (დისკვალიფიცირებულია), ხოლო გურამ კაშია და ვაკო ყაზაიშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ.

ეს უკანასკნელი ცენტრალური ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშობდა და 86-ე წუთზე შეცვალეს. "ვიტესს" 6 ტურში 11 ქულა დაუგროვდა.

დაბრუნება 17 თვის მერე
ლევან კობიაშვილმა კვირას კარიერაში 338-ე მატჩი ითამაშა ბუნდესლიგაში! ის ამ მაჩვენებლით მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ლიგის ლეგიონერთა შორის მეორე ადგილზეა, უსწრებს რა "გრემიოში" წასულ ზე რობერტოს (336 მატჩი).

ლევანი მხოლოდ კლაუდიო პისაროს (ბაიერნი) ჩამორჩება, რომლის ანგარიშზეც 355 ბუნდესლიგური მატჩია.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირაში ლევანმა "ბილდს" უთხრა, რომ სეზონის დასრულების შემდეგ კარიერის დასრულებას აპირებს. 36 წლის ქართველმა ელიტურ ლიგაში 2012 წლის 10 აპრილის შემდეგ პირველად ითამაშა, ანუ 17 თვის შემდეგ.

სიმბოლურია, რომ ლევანი ბუნდესლიგას ისევ ყოფილ გუნდთან მატჩში დაუბრუნდა - გუნდთან, რომლის საშუალებითაც ის მთელმა გერმანიამ და ევროპამ გაიცნო - "ფრაიბურგთან" შეხვედრის მე-20 წუთზე იოს ლუჰუკაიმ ლევანი ცენტრალური მცველის, იონ ბრუკსის ნაცვლად შეიყვანა. 20 წლის ბრუკსმა, სავარაუდოდ, ხელი მოიტეხა. "ფრაიბურგი" და "ჰერტა" 1:1 დაზავდნენ.

"შპორტალმა" ლევანს 3,5 ბალი დაუწერა:

"ის დაუბრუნდა ბუნდესლიგას - თავის ძველ სახლს და არ გაუწბილებია მწვრთნელი. კობიაშვილმა საყრდენად ითამაშა და ფაქტია, "ჰერტა" უკეთ ათამაშდა. ხანდახან ასეთი ვეტერანების მოედანზე ყოფნა აუცილებელიცაა" - წერს გამოცემა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული