ალექსანდრე იაშვილის მასტერკლასი

AutoSharing Option
აზერბაიჯანის ჩემპიონი, თანამეგობრობის თასის გამარჯვებული, აზერბაიჯანის ჩემპიონატის ორგზის ბრინჯაოსპრიზიორი - აი, ასეთია ბაქოს "ინტერის" ქართველი თავკაცის, კახა ცხადაძის იქაური მონაგარი ბოლო ოთხი სეზონის განმავლობაში. აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ უკვე მეორე წელიწადია, კახა ცხადაძეს კიდევ ერთი ქართველი სპეციალისტი ეხმარება: 1981 წლის თასების მფლობელთა თასის ტრიუმფატორი ზაურ სვანაძე.

სანაკრებო პაუზების დროს ბაქოს "ინტერი" შეკრებას საქართველოში ხშირად გადის ხოლმე და ასე იყო ახლაც: ქართველი მწვრთნელების დამოძღვრილი გუნდი ხუთი დღის განმავლობაში თბილისში ემზადებოდა და საფეხბურთო სკოლა "ოლიმპიკის" მოედნებზე ვარჯიშობდა.

"ინტერი" აზერბაიჯანში 13 ოქტომბერს გაემგზავრა,
მანამდე კი ორი საკონტროლო მატჩიც ჩაატარა: 11 ოქტომბერს დუბლშემადგენლობამ ცხინვალის "სპარტაკს" 2:0 მოუგო, მეორე დღეს კი ძირითადი შემადგენლობა რუსთავის "მეტალურგს" დაუპირისპირდა.

აღსანიშნავია, რომ "ინტერი"-"მეტალურგის" ამ სპარინგმატჩს დაახლოებით 200 გულშემატკივარი ესწრებოდა და საგურამოს საფეხბურთო სპორტკომპლექსის მოედანზე ჩატარებული შეხვედრა საინტერესოც გამოდგა.

ვიდრე ამ საკონტროლო მატჩის პერიპეტიებზე ვისაუბრებდეთ, ისიც უნდა ითქვას, რომ მეტოქეებს არაოპტიმალური შემადგენლობებით მოუწიათ მოედანზე გამოსვლა. "ინტერს" აკლდა საქართველოს ნაკრებში გამოძახებული ბაჩანა ცხადაძე, აზერბაიჯანის ნაკრების ფეხბურთელები (ვაგიფ ჯავადოვი, რუსლან ამირჯანოვი, სალახატ აგაევი), აგრეთვე, აზერბაიჯანის ახალგაზრდული ნაკრების ორი მოთამაშე (აბდულა აბაციევი, ილგარ ალეკპეროვი).

ამათ გარდა, კვლავაც ვერ ითამაშა თბილისის "დინამოს" ყოფილმა ფეხბურთელმა მიკელ ალვარომ: 30 წლის ბასკი ნახევარმცველი მძიმე ტრავმის მერე კვლავაც სარეაბილიტაციო პერიოდს გადის და ჯერჯერობით ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშობს.

არანაკლები საკადრო პრობლემა ჰქონდა "მეტალურგის" მთავარ მწვრთნელ გელა სანაიასაც: სხვადასხვა სახის ტრავმის გამო ამ საკონტროლო მატჩში მონაწილეობა ვერ მიიღეს ლევან კორღალიძემ, დავით კირკიტაძემ, გიორგი ბერიაშვილმა, გიორგი ქავთარაძემ, ლევან კაკუბავამ და გიორგი გავაშელიშვილმა.

მატჩის საწყისი წუთები "ინტერის" უპირატესობით წარიმართა და ბაქოელთა გუნდის მაკედონიელ ლეგიონერ ილჩო ნაუმოსკის დებიუტშივე შეეძლო ანგარიშის გახსნა, მაგრამ რეალური მომენტი ვერ გამოიყენა;

ამის შემდეგ "ინტერის" ქართველმა ლეგიონერმა ალექსანდრე იაშვილმა გაიბრწყინა, თუმცა მის ჩინებულ რეიდს ასიფ მამედოვმა ლოგიკური გაგრძელება ვერ მოუძებნა.

მამედოვმა შეცდომა მალევე გამოასწორა, როცა "მეტალურგის" მცველების უხეში შეცდომის შემდეგ ბურთი, ფაქტობრივად, ცარიელ კარში შეაგორა. ამ სწრაფი გოლის მერე თამაში ცოტა "დაწყნარდა", თანაც ძლიერმა ქარმაც დაღი დაასვა შეხვედრას და პირველ ტაიმში განსაკუთრებული არც არაფერი მომხდარა.

თუმცა "მეტალურგს" ერთ ეპიზოდში შეეძლო, ანგარიში გაეთანაბრებინა: დავით ჩირგაძისა და ივან ბენიტესის საჰაერო ორთაბრძოლისას "ინტერის" არგენტინელ ლეგიონერს ბურთი "აეჭრა" და სტუმრები ძელმა იხსნა; დამატებაზე კი ბექა ტუღუშმა დაასწრო ყველას, მაგრამ მახვილი კუთხიდან ზუსტად ვერ დაარტყა.

დავით ჩირგაძე "მეტალურგის" ახალწვეულია და აქამდე დუბლშემადგენლობაში გამოდიოდა. მანამდე კი ტანმაღალი ფორვარდი წლების განმავლობაში აშშ-ის გუნდში, "ნიუ იორკ რედ ბულში" ირიცხებოდა. ჩირგაძის გარდა, ამ მატჩში კიდევ ერთი "ახალი სახე" ვიხილეთ: "გაგრას" და თბილისის "დინამოს" ყოფილი მეკარე, 27 წლის კოკა სეფიაშვილი, რომლის "მეტალურგში" ჩარიცხვის საკითხიც უახლოეს დღეებში გადაწყდება.

მეორე ტაიმი სანახაობრივად ბევრად უკეთესი გამოდგა და ისიც უნდა ითქვას, რომ პირველი 20 წუთის განმავლობაში "მეტალურგი" მეტოქეზე ბევრად აქტიურად გამოიყურებოდა. თუმცა "ინტერის" დაცვის ხაზი საიმედოდ ჰქონდათ გადაკეტილი ლაშა სალუქვაძესა და ბრიუს აბდულაიეს, ხოლო "მეტალურგის" ფეხბურთელთა რამდენიმე შორეული დარტყმის აღება გიორგი ლომაიას (რომელიც იმ დღეს კაპიტნის სამკლავურით ვიხილეთ) ნამდვილად არ გასჭირვებია.

ამასობაში ორივე გუნდის მთავარმა მწვრთნელებმა თავის გამოჩენის საშუალება სხვა ფეხბურთელებსაც მისცეს, თუმცა მეორე ტაიმის საწყისი 20 წუთის შემდეგ მოედანზე სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა და "ინტერის" უპირატესობა თვალსაჩინო გახდა.

სასარგებლოდ მოქმედებდა საყრდენი ნახევარმცველი, პარაგვაელი დევიდ კოლი (ადრე იტალიურ "ჩეზენაში" გამოდიოდა), ფლანგებზე აქტიურობდნენ არიფ დაშდამიროვი და მატია შპიჩიჩი, თუმცა ამ საკონტროლო მატჩში ერთი ფეხბურთელი მაინც ყველასგან გამორჩეული გახლდათ! 35 წლის ალექსანდრე იაშვილზე მოგახსენებთ, თავისი მაღალი ოსტატობა არაერთხელ რომ გამოამჟღავნა.

როგორც თავის საუკეთესო წლებში, "იაშკა" ახლაც მოუღლელად მოქმედებდა და თავისი ზეენერგიული თამაშით პარტნიორებიც აიყოლია. ქართველმა ვეტერანმა ერთ ეპიზოდში მართლაც ზღაპრული პასი მისცა შეცვლაზე შემოსულ აზერ სალახლის, მაგრამ ახალგაზრდა მცველი ასეთ "მეფურ საჩუქარს", ეტყობა, არ ელოდა და რეალური მომენტიც ვერ გამოიყენა.

ამას გარდა, იაშვილი ორჯერ თვითონაც დაემუქრა "მეტალურგის" კარს: ერთ ეპიზოდში ჩინებული რეიდი განახორციელა, მაგრამ დარტყმა მცირეოდენ არაზუსტი გამოუვიდა; მეორედ კი ოსტატურად შეასრულა საჯარიმო დარტყმა, მაგრამ ბურთი ძელს მოხვდა.

თუმცა იაშვილი მოედნიდან უგოლოდ მაინც არ გასულა: "ინტერმა" სწრაფი და მრავალსვლიანი კომბინაცია გაითამაშა და არიფ დაშდამიროვის ფლანგური გარღვევის შემდეგ აზერბაიჯანული გუნდის ქართველმა ლეგიონერმა ახლო მანძილიდან ბურთი კარში შეაგორა - 2:0!

Sportall.Ge

აი, ასე დამთავრდა ორივე გუნდისათვის, უდავოდ, სასარგებლო სპარინგმატჩი, რომელშიც "ინტერმა" და "მეტალურგმა" ასეთი შემადგენლობებით იასპარეზეს:

ინტერი: ლომაია - სალუქვაძე, აბდულაიე, ბენიტესი - დაშდამიროვი, დ. კოლი, ბაირამოვი (46. ნაზირი/70. ნამავენდი), შპიჩიჩი (74. სალახლი) - მამედოვი (50. ზარგაროვი), იაშვილი (87. ს. კოლი) - ნაუმოსკი (64. მანსუროვი)
მეტალურგი: ბედიაშვილი (46. სეფიაშვილი) - ჯაფარიძე (63. ექვთიმიშვილი), ორბელაძე (46. მაისაშვილი), მახვილაძე, თ. კაკულია (75. სუხიაშვილი) - ვასაძე (68. დობროვოლსკი), რაზმაძე (43. გურ. გურეშიძე) - ტუღუში, ფიფია, გეწაძე (74. ხაბელაშვილი) - ჩირგაძე (46. სიხარულიძე).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული