ლადო დვალიშვილი: მინდა "ტრაბზონს" და "ლეხს" თითო გოლი მაინც გავუტანო

AutoSharing Option
ვარშავის "ლეგიამ" 4:1 გაანადგურა "პიასტი" და 12 თამაშიდან 27 ქულით ექსტრაკლასას ერთპიროვნული ლიდერია.

ამ თამაშში გაიბრწყინა ლადო დვალიშვილმა. მის ანგარიშზე ორი გოლია, ორივე თავურით. ერთხელაც ჩვენებურის დარტყმა ძელმა უკუაგდო და იქვე დაამატა ლადოს თანაგუნდელმა.

დვალიშვილი 8 თამაშიდან 7 გოლით ბომბარდირთა დავაში მე-2-მე-3 ადგილებს იყოფს. ლიდერობს პორტუგალიელი მარკო პაიშაო (შლასკი) 9 გოლით.

21 ოქტომბერს პოლონური პრესის სპორტული გვერდები დიდ ადგილს უთმობდნენ ლადო დვალიშვილის თამაშის განხილვას, პრესის მიმოხილვა კი "ლეგიას" ოფიციალურმა საიტმა შეკრიბა.

"გაზეტა ვიბორშა"
"დვალიშვილი ისევ დაბრუნდა: 32-ე წუთზე იაკუბ ვავრინიაკის
ჩაწოდება თითქოს მცველების "საკბილო" უნდა ყოფილიყო, მაგრამ არა - ვლადიმერ დვალიშვილი ორ მცველს შორის ახტა და აჯობა მეკარე დარიუშ ტრელას.

მოკლედ, ქართველი ისევ "აფეთქდა", არადა, მას მე-7 ტურის შემდეგ გოლი არ გაეტანა. "კორონასთან" ჰეთ თრიქ
ის შესრულების შემდეგ ლადომ ჯერ ტრავმა მიიღო, მერე ფორმიდან ამოვარდა. "აპოლონთან" ის ისევ დაბრუნდა, მაგრამ იმ თამაშში ვერაფერი გააკეთა. ასე იყო მომდევნო შეხვედრებშიც, ქართველი შესანიშნავ მომენტებს ანიავებდა. პრესამ კი მისი კრიტიკა დაიწყო.

ორკვირიანი ლოდინის შემდეგ ლადომ შანსი გამოიყენა და ფანების თვალში რეაბილიტაცია შეძლო.

ლადოს თამაშთან ბევრი პრეტენზია იყო, რადგან ფორვარდისთვის მთავარია გოლების გატანა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის საკუთარი ძალების რწმენას დაკარგავს.


"ფაქტი"
"როდესაც პირველ ტაიმში კარგი ჩაწოდების შემდეგ ლადომ გოლი გაიტანა, ის სარეკლამო ბანერს ეცა და "ჯავრი მასზე ამოიყარა". ლადომ ზურგიდან დიდი ზეწოლა ჩამოიცილა, რადგან ბოლო მატჩებში არ უმართლებდა. შეგვიძლია ვთქვათ დარწმუნებით, რომ რაც სეზონი დაიწყო, პოლონურ პრესაში ყველაზე მეტად ლადო დვალიშვილს აკრიტიკებდნენ. ფანები მას არაეფექტურობასა და ნაკლებ დინამიზმში სდებდნენ ბრალს. ბოლოს საქმე იქამდე მივიდა, რომ მწვრთნელ იან ურბანს სხვა ალტერნატივა რომ ჰყოლოდა, ლადო სკამზე გადაჯდებოდა.

და ახლა ლადო დვალიშვილს 8 მატჩში 7 გოლი აქვს გატანილი. ამ შედეგისთვის მას 517 წუთი ეყო".

"სუპერ ექსპრესი"
"მწვრთნელი ურბანი ცამდე აქებს ვლადიმერ დვალიშვილს, რომელმაც ორი გოლი გაიტანა და ფაქტობრივად, მესამეშიც უდიდესი წვლილი შეიტანა".

ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, დვალიშვილმა მეტოქის კარისკენ 4-ჯერ დაარტყა, ორჯერ კარში (ორივეჯერ გაიტანა), ერთხელ ძელს გაარტყა და ერთხელ ააცილა.

"ფაქტმა" გამოითვალა, რომ ლადოს ყოველ 73 წუთში ერთი გოლი გააქვს, მაშინ, როცა მარკო პაიშაოს ამისთვის 126 წუთი სჭირდება.

ვარშავის "სპორტმა" ლადოს თამაში ხუთბალიანი სისტემით 5-ით შეაფასა.

დაბოლოს, თავად ფეხბურთელის კომენტარიც, რომელიც მან "ლეგიას" საიტს მისცა:

"პიასტის" წინააღმდეგ მატჩი მართლაც ძნელი აღმოჩნდა ჩვენთვის, რადგან "ლეგიას" წინააღმდეგ თითოეული გუნდი ორმაგად მოტივირებული გამოდის".

"პირველ გოლზე ასე გამოვხატე ჩემი ემოციები. რაც ყველაზე მთავარია, დავამტკიცე, რომ გუნდისთვის დახმარება შემიძლია. თუმცა ამით არაფერი მთავრდება, ყოველ მატჩში უნდა დავამტკიცო, რომ ფეხბურთის თამაში კარგად შემიძლია. ახლა ჩვენ ორი უმნიშვნელოვანესი მატჩი გველის: "ტრაბზონთან" ევროპალიგაზე და "ლეხთან" პოლონეთის ჩემპიონატში. მინდა, რომ ამ გუნდებს თითო გოლი მაინც გავუტანო", - ეს კომენტარი ლადომ "ფაქტს" მისცა. 

ასევე იხილეთ:
ლეგიონი: ებრალიძემ და გრიგალაშვილმა გოლების ანგარიში გახსნეს [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული