ჯაბა კანკავა - მეოთხედ უკრაინის ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში

AutoSharing Option
ჯაბა კანკავა ჩინებულ სეზონს ატარებს. საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა და "დნიპროს" ერთ-ერთმა ლიდერმა უკრაინის ჩემპიონატის ბოლო ტურში შეუცვლელად ითამაშა - დნეპროპეტროვსკელებმა "კარპატი" გასვლაზე 4:0 დაამარცხეს.

უკრაინულმა ინტერნეტგამოცემა "ფუტბოლმა" ჯაბას შეფასებად 6.5 დაუწერა და ტურის სიმბოლურ ნაკრებშიც მიუჩინა ადგილი.

აღსანიშნავია, რომ კანკავამ მეტოქეებს ბურთი 8-ჯერ აართვა და ტურში ამითიც გამორჩეული აღმოჩნდა - მეტი ვერავინ მოახერხა, ხოლო ზუსტად ამდენივე ართმევა ოდესის "ჩერნომორეცის" საყრდენ არტიომ სტარგოროდსკისა და უჟგოროდის "ჰოვერლა-ზაკარპატიეს" ნახევარმცველ სოტირიოს ბალაფასს ჰქონდათ.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონში (უკრაინის პრემიერლიგაში 13 ტური გაიმართა) "ფუტბოლმა"
"დნიპროს" ქართველი ლეგიონერი სიმბოლურ ნაკრებში უკვე მეოთხედ შეიყვანა, "უა-ფუტბოლმა" კი - სამჯერ.

კანკავასთვის ეს სეზონი რომ გამორჩეულია, ამას უკრაინელი სპეციალისტებიც აღნიშნავენ. გარდა ზემოთქმულისა, "დნიპროს" ვებგვერდზე ქართველი პირველ ადგილზეა გულშემატკივართა გამოკითხვაში, რომლის მიზანიც "სეზონის გმირის" გამოვლენაა. კანკავას საშუალო რეიტინგი 8.0 ქულაა.

ეს პატარა ამბავი არ არის, რადგან "დნიპრო" უკრაინის ნაკრების ერთ-ერთი საბაზო გუნდია და ისიც კარგად მოგეხსენებათ, რომ მისი გულშემატკივრები ადგილობრივი ფეხბურთელის მიმართ ყოველთვის მეტი სიმპათიით არიან განწყობილნი.

ამ დროს კი უკრაინის ნაკრების მოთამაშეები და "დნიპროს" ქომაგთა ფავორიტები კანკავას ჩამორჩებიან: მეორე-მესამე ადგილებს ევგენი კონოპლიანკა და რუსლან როტანი (მათი საშუალო შეფასებაა 7.8) იყოფენ, ხოლო მათ შემდეგ რომან ზოზულია და ევგენი სელეზნიოვი (ორივეს - 7.7) მოდიან.

ეგ არის, რომ კანკავას წარმატებულ საკლუბო სეზონს საქართველოს ნაკრები აუფერულებს. ისე კი, ვფიქრობთ, ასეთი საყრდენი ნახევარმცველის გარშემო გაცილებით ძლიერი გუნდის აწყობა შეიძლებოდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ჯაბამანია უკრაინაში - შეუმჩნეველი, მაგრამ ძალიან პროდუქტიული ჯაბა კანკავა
ჯაბა კანკავასა და გია გრიგალავას ფასმა მილიონი ევროთი მოიმატა
ჯაბა კანკავა: ბოდიშს ვუხდი ქართველ გულშემატკივარს
მკითხველის კომენტარები / 3 /
აუ, რა კაი ტიპია:)) იმედია, ყველა წარმატებული ადამიანივით თავში არ ექნება ავარდნილი . წარმატებებს გისურვებ!
sofia
13:11 25-10-2013
0
კანკავა ნამდვილად კარგი ფეხბურთელია,თვითონ ვხედავდი როდესაც სხვა ფეხბურთელი დარდიმანდობას გადაყვებოდა მის ადგილზე,ის კი ამ დროს ტრმვა ახალი მორჩენილი ქონდა და ყიველ დღე თავდაუზოგავად ვარჯიშობდა 'ქარიშხალას" დარბაზში ინდივიდუალურად
nukri
12:08 25-10-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული