ლეგიონის უქმეები: რატომ არ იპარსავს წვერს გურამ კაშია

AutoSharing Option
ქართველები ლიდერთა გუნდებში - ასეთი რამ იშვიათად ხდება. ასე რომ, დავტკბეთ ჰოლანდიის ჩემპიონატში არნემის "ვიტესის" ლიდერობით.

აქვე მოგიყვებით, თუ რატომ არ იპარსავს წვერს "ვიტესის" კაპიტანი გურამ კაშია და რა მონაცემით სჯობს რუსეთში ყველას ალეკო ამისულაშვილი, რომელიც გაზაფხულამდე საგოლე პასით დაგვემშვიდობა.

16 ტური შეუცვლელად!
დასავლეთ ევროპის ყველაზე "ქართული" კლუბი, არნემის "ვიტესი" არა მარტო ინარჩუნებს ერთპიროვნულ ლიდერობას, არამედ ჰოლანდიური ფეხბურთის გრანდს არნახულად არცხვენს - "ვიტესმა" "ფილიპს არენაზე" "ეინდჰოვენს" 6:2 მოუგო!

გრანდის რბევაში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა ქართველმა, კაპიტანმა გურამ კაშიამ (90 წუთი, მეორე
ტაიმში გააფრთხილეს) მიიღო. გიორგი ჭანტურია და ვაკო ყაზაიშვილი სათადარიგოები იყვნენ.

"ვიტესი" 33 ქულით პირველია და 2 ქულით უსწრებს "აიაქსს".

"ეინდჰოვენთან" თამაშის წინ გურამ კაშიამ Goal.com-ს აუხსნა, თუ რატომ არ იპარსავს წვერს:

"სანამ არ წავაგებთ, მანამდე არ გავიპარსავ. უკვე დიდი ხანია, მაქვს წვერი და ცოტა არ იყოს, მაწუხებს კიდევაც, თუმცა იმედი მაქვს, რომ არც "ეინდჰოვენთან" მატჩის შემდეგ მომიწევს გაპარსვა", - არც მოუწია.

სხვათა შორის, კაშია "ვიტესის" ერთადერთი მინდვრის მოთამაშეა, რომელმაც 16-ივე ტურის ყველა შეხვედრა შეუცვლელად ითამაშა.

იტალიაშიც ქართველები ლიდერობენ
ბუნდესლიგაში "აინტრახტი"-"ჰერტა" (0:2), როგორც მოსალოდნელი იყო, უქართველოდ წარიმართა - ბერლინელი ლევან კობიაშვილი სათადარიგო იყო.

II ბუნდესლიგაში ლევან ყენიას "ფორტუნა" 9 დეკემბერს თამაშობს სტუმრად "კაიზერსლაუტერნთან". ქართველი ტრავმირებულია.

III ბუნდესლიგაში ლუკას ჰუფნაგელი (უნტერჰახინგი) სათადარიგო იყო ლიდერ "ჰაიდენჰაიმთან" 0:3 წაგებულ მატჩში.

სერია B-ში "ემპოლი" სტუმრად "კროტონეს" დაუზავდა - 1:1. ლევან მჭედლიძემ "ემპოლის" რიგებში ბოლო 15 წუთი ითამაშა, ხოლო ირაკლი შეყილაძე განაცხადშიც არ ყოფილა. ქართველთა გუნდი 32 ქულით ერთპიროვნული ლიდერია.

ავთო ებრალიძის "ჟილ ვისენტე" "სპორტინგს" შეხვდა და 0:2 დამარცხდა. ჩვენებური 67-ე წუთზე შეცვალეს.

მეკარეთა პირველი მხსნელი
რუსული პრემიერლიგა გამოსაზამთრებლად დაგვემშვიდობა. ჯანო ანანიძეს კლუბებს შორის მოლაპარაკების გამო "სპარტაკთან" თამაშის უფლება არ ჰქონდა. მოგეხსენებათ, ჯანო "როსტოვში" იჯარით თამაშობს, მაგრამ "სპარტაკის" საკუთრებაა.

ალექსანდრე ამისულაშვილის "კრილია სოვეტოვმა" სტუმრად 2:1 მოუგო "ვოლგას". ჩვენებურმა 90 წუთი ითამაშა და აქტივში საგოლე პასიც ჩაიწერა. "კრილია" 0:1-ს აგებდა, როცა ქართველი მცველის 40-მეტრიანი პასით ლუის კაბალიერომ დათოვლილ მოედანზე ანგარიში გაათანაბრა.

"ჩემპიონატმა" ამისულაშვილის გარჯა 6 ბალით შეაფასა. აქვე აღვნიშნავთ, რომ ჩვენებური რუსეთის პრემიერლიგაში პირველია მეტოქის დარტყმების დაბლოკვის მიხედვით (19).

საბა კვირკველიას "რუბინი" "ლოკომოტივს" ესტუმრა და 0:0 დაუზავდა. ჩვენებურმა საიმედოდ ითამაშა (6,5 ბალი). აუტსაიდერი "ანჟის" მატჩი "ყუბანთან" ანალოგიური ანგარიშით მორჩა. გია გრიგალავამ (5,5 ბალი) შეუცვლელად ითამაშა.

დაუმარცხებელი და მოუგებელიც
თურქეთის ჩემპიონატში შოთა არველაძის "ქასიმფაშამ" მაინც არ წააგო. არადა, ბოლო 15 წუთი 9 კაცით ითამაშა სტუმრად "ანტალიასთან" - 1:1.

"პირველ ტაიმში ტემპი გვაკლდა, მეორეში კი გამოვასწორეთ თამაში. 9 კაცით როცა დავრჩით, მას მერე ფეხბურთი, ფაქტობრივად, არ ყოფილა.

მოედანზე დარჩენილებმა გმირულად იბრძოლეს, რისთვისაც მე მათი მადლობელი ვარ. თავაუღებელმა ვარჯიშებმა შედეგი გამოიღო",
- განაცხადა არველაძემ.

შეგახსენებთ, რომ "ქასიმფაშას" 29 სექტემბრის შემდეგ ჩემპიონატში არ წაუგია, თუმცა სუპერლიგაში ზედიზედ მესამე 1:1 ითამაშა. არველაძის გუნდი ისევ მეორე ადგილზეა, თუმცა 9 დეკემბერს მისი გადასწრება "ბეშიქთაშს" შეუძლია.

აზერბაიჯანშიც ქართველი ლიდერია
აზერბაიჯანის პრემიერლიგის მე-16 ტურში კახა ცხადაძის ბაქოს "ინტერი" შინ "ხაზარს" დაუზავდა - 0:0.

ცხადაძემ სამი ქართველი სასტარტოში დააყენა: გიორგი ლომაია, ლაშა სალუქვაძე და ალექსანდრე იაშვილი (მეორე ტაიმში შეცვალეს). მეორე ტაიმში ლომაიამ მეტოქის ძალიან სახიფათო თავური მოიგერია. არ უთამაშია ბაჩანა ცხადაძეს, რომელიც ტრავმირებულია.

"ინტერი" 24 ქულით მე-4 ადგილზე რჩება.

ტურის ცენტრალურ მატჩში "ყარაბახმა" "ნეფთჩის" უმასპინძლა. მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში არ ყოფილა ნიკოლოზ გელაშვილი. ქართველი მეორე ტაიმში გამოვიდა, როცა უკვე 3:1 იყო "ყარაბახის" სასარგებლოდ. თამაში ასეც მორჩა.

"ყარაბახი" 33 ქულით ლიდერობს, "გაბალას" 32 ქულა აქვს, "ნეფთჩის" - 31.

დვალიშვილი არ ათამაშეს
კვიპროსის ჩემპიონატში შოთა გრიგალაშვილის "ანორთოსისმა" 1:0 მოუგო "არისს". ჩვენებურმა 90 წუთი ითამაშა.

დანიაში "ორჰუსი" "მიდტიულანდს" ეწვია და 0:3 წააგო. დამარცხებულთა რიგებში მხოლოდ ერთმა ქართველმა ითამაშა - დავით დევდარიანმა (90 წუთი), დავით სხირტლაძე სათადარიგო იყო, მათე ვაწაძეს ტრავმა აქვს.

პოლონეთის ჩემპიონატის მე-20 ტურში "იაგელონია" სტუმრად "პოგონს" დაუზავდა - 1:1. სტუმართა რიგებში გიორგი ფოფხაძემ შეუცვლელად ითამაშა, ნიკა ძალამიძე კი ტრავმირებულია.

პოლონეთში "ლეგია" სტუმრად "ლეხიასთან" 0:2 დამარცხდა. ლადო დვალიშვილი სათადარიგო იყო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული