კახა ცხადაძე: რომ შემეძლოს, დინამოს ვიყიდდი

AutoSharing Option
ყველაზე ტიტულოვანი ქართული კლუბის, თბილისის "დინამოს" მოსალოდნელი გაყიდვის ამბავი, ბუნებრივია ჩვენს მეზობელ ქვეყნებშიც გახმაურდა. ვებგვერდმა Extratime.az-მა ბაქოს "ინტერის" მთავარი მწვრთნელის კახა ცხადაძის ინტერვიუ გამოაქვეყნა, რომელშიც მას ამაზეც დაეკითხნენ.

"საქართველო საფეხბურთო ქვეყანაა. ჩვენთან ყოველთვის იყვნენ ტალანტები, ახლაც არიან და მომავალშიც იქნებიან. თბილისის "დინამო" ქართული ფეხბურთის ისტორიის უდიდესი ნაწილია. ეს ბრენდია და ძნელად თუ მოიძებნება საქართველოში უკეთესი კლუბი კაპიტალის ჩასადებად. თავის დროზე "დინამოში" ვთამაშობდი, მერე გუნდის მთავარი მწვრთნელი ვიყავი და კარგად ვიცნობ ამ კლუბს. დიდი ფული რომ მქონდეს, აუცილებლად ვიყიდიდი "დინამოს". ძალიან
მინდა, ეს კლუბი კარგი მეპტრონის ხელში აღმოჩნდეს. როგორც გავიგე, სწორედ ასეთი სურვილი აქვს პატარკაციშვილის ოჯახსაც. მათ განაცხადეს, რომ კლუბს გადასცემენ მას, ვინც მას განვითარების გრძელვადიან პროექტსა და გარანტიას წარადგენს. იმედი მაქვს, "დინამოს" კარგი მეპატრონე ეყოლება", - აღნიშნა ცხადაძემ.

"ინტერის" თავკაცს კოლეგა-მეგობრებზეც ჰკითხეს.

"ნაკრებში ჩემს ყოფილ თანაგუნდელებთან დღემდე მეგობრული ურთიერთობა მაკავშირებს. ტელეფონით ხშირად ველაპარაკები თურქული "ქაისერისფორის" მთავარ მწვრთნელ შოთა არველაძეს და ჩვენი გუნდების თამაშზე ვსაუბრობთ. ასევე ხშირი კონტაქტი მაქვს თემურ ქეცბაიასთან, რომელიც საქართველოს ნაკრებს წვრთნის. ახლახან "ვოლგას" თავკაც ომარ თეთრაძეს პრემიერლიგაში გადასვლა მივულოცე. მან ორ წელიწადში ზედიზედ მეორე გუნდი გადაიყვანა პირველი ლიგიდან პრემიერლიგაში. ეს კი დიდი შედეგია... იყო დრო, ჩვენ ცნობილი ფეხბურთელები ვიყავით და ბედნიერი ვიქნები, თუ ყველანი ცნობილი მწვრთნელები გავხდებით", - ისურვა კახა ცხადაძემ.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული