ღვინიანიძეს შამპანურით წაასწრეს

AutoSharing Option
როგორც ჩანს, საქართველოს ნაკრებისა და "მიუნხენ 1860"-ის მცველი მათე ღვინიანიძე კლუბისგან ფინანსურ სანქციას ვერ ასცდება. საქმე ის არის, რომ ღვინიანიძე მიუნხენის ერთ-ერთ ბარში, ნაშუაღამევს ნახეს ყოფილ თანაკლუბელ სავიო ნსარეკოსთან ერთად შამპანურით სავსე ჭიქით. მათე, რომელსაც ტრავმის გამო თვეზე მეტი გაუცდა, უკვე მწყობრშია და "ლომების" მთავარი მწვრთნელი რაინერ მაურერი მას "ფიურტთან" ორშაბათის მატჩისთვის ამზადებდა. შესაბამისად, ღვინიანიძის ეს საქციელი, მეტი რომ არ ვთქვათ, არასპორტულად შეაფასეს და კლუბის ხელმძღვანელთა განცხადებამაც არ დააყოვნა.

"ყველა პროფესიულ კლუბს თავისი კოდექსი აქვს, ისევე, როგორც ყველა პროფესიონალ ფეხბურთელს.
ღვინიანიძის ეს საქციელი კი პროფესიონალი ფეხბურთელის კოდექსს არ შეეფერება. ამიტომ იგი სანქციას ვერ ასცდება, რომელიც სამაგალითო იქნება", - პრესასთან საუბარში განაცხდა "მიუნხენ 1860"-ის სპორტულმა დირექტორმა მიხაელ სტევიჩმა.

გერმანული საიტები 23 წლის ქართველ მცველისსაც დაეკითხნენ.

"სავიო ჩვენს კლუბში იყო. იმ საღამოს დამიკავშირდა და მთხოვა, ერთმანეთს ბარში შევხვედროდით. დავსხედით და ვისაუბრეთ, დიდხანს არ გავჩერებულვარ... გულწრფელად ვწუხვარ და ვნანობ. კლუბის ხელმძღვანელობას და მწვრთნელს უკვე ვესაუბრე და მათ ყველაფერი ავუხსენი", - აღნიშნა ღვინიანიძემ.

შეგახსენებთ, რომ მათეს სავარაუდო ტრანსფერის შესახებ ცნობები ამ ორიოდე კვირის წინათაც გავრცელდა. მაშინ ღვინიანიძემ თქვა, რომ დეკემბერში გადაწყვეტს, შეიცვალოს თუ არა კლუბი. ჩვენებურს "ლომებთან" მიმდინარე სეზონის ბოლოს უმთავრდება კონტრაქტი. მათემ ისიც აღნიშნა, რომ კლუბში თავს კარგად გრძნობს და ხელშეკრულების გაგრძელებასაც არ გამორიცხავს. თუმცა გერმანელი მიმომხილველები ვარაუდობენ, რომ მომხდარის შემდეგ მათე "ლომებს" ზამთარშივე დატოვებსო. მეორე ბუნდესლიგაში სეზონის პირველი წრის დასრულებამდე 4 ტურიღა დარჩა. ვნახოთ, რა მოხდება დეკემბერში.



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული