უკრაინის ვიშა ლიგის მიმდინარე სეზონი თავდამსხმელმა ბექა გოცირიძემ და ნახევარმცველმა სანდრო კობახიძემ კრივოი როგის "კრივბასში" დაიწყეს. თუმცა თამაში იშვიათად უწევდათ. გოცირიძემ ხუთი მატჩი ჩაატარა, კობახიძემ კი მხოლოდ ერთი. ჩვენებურთა თქმით, ეს მხოლოდ სუბიექტური მიზეზით აიხსნება. კობახიძემ "ლელოსთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ "კრივბასის" მთავარი მწვრთნელი იური მაქსიმოვი ქართველებს კარგი თვალით არ უყურებს და მათ ნაცვლად თავისიანებს ათამაშებს.
როგორც ჩანს, ჩვენებურთა კრივბასული პერიოდი დასრულდა. კლუბის გენერალურმა დირექტორმა ალექსანდრ ზატულკომ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ გუნდს ოთხი ფეხბურთელი დატოვებს, მათ შორის გოცირიძეც და კობახიძეც.
ბუნებრივია, საინტერესოა,
სად გააგრძელებენ კარიერას ჩვენებურები. შეგახსენებთ, რომ გოცირიძე და კობახიძე "კრივბასში" დნეპროპეტროვსკის "დნიპროდან" გაანათხოვრეს. ორივე მათგანი კონტრაქტით მომავალი წლის 30 ივნისამდე ისევ "დნიპროს" ეკუთვნის.
როგორც ჩანს, გოცირიძე და კობახიძე ზამთრის მოსამზადებელ შეკრებაზე "დნიპროში" გამოჩნდებიან. თუ საკონტროლო მატჩებში გუნდის თავკაც ხუანდე რამოსს თავს მოაწონებენ, მაშინ, ცხადია დარჩებიან, თუ არა, ზაფხულამდე ისევ სხვა გუნდში მოუწევთ განათხოვრება. უკრაინის ვიშა ლიგაში უკვე ზამთრის შესვენებაა. დნეპროპეტროვსკელთა გუნდი კი 35 ქულით მეოთხე ადგილზეა და 3 ქულით ჩამორჩება ხარკოვის "მეტალისტს".