ებრაულ ვებგვერდებზე გუშინ სკანდალური ცნობა გავრცელდა. საქმე ის არის, რომ აშკელონის "ჰაპოელმა" 30 წლის ქართველი ნახევარმცველი ზურაბ მენთეშაშვილი მოულოდნელად კლუბიდან დაითხოვა. ამისი მიზეზი ინციდენტია, რომელშიც მენთეშაშვილი დაადანაშაულეს და ფინანსურადაც დასაჯეს. ყველაფერი კი ჰაიფას "მაქაბისთან" მატჩის შემდეგ დაიწყო. ამ შეხვედრაში ზურაბ მენთეშაშვილმა და ლადო დვალიშვილმა ერთმანეთის წინააღმდეგ ითამაშეს. მე-17 წუთზე მიღებული გაფრთხილების შემდეგ, 75-ე წუთზე მენთეშაშვილი კიდევ ერთხელ "გააყვითლეს" და მოედნიდან გააძევეს. დვალიშვილმა მატჩი ჩაამთავრა და გუნდის გამარჯვებას (3:0), 44-ე წუთზე სათავე დაუდო.
"ჰაიფას "მაქაბისთან" წაგებამ აშქელონის "ჰაპოელს" არა მარტო ქულები
დააკარგვინა, არამედ გუნდში დიდი არეულობა გამოიწვია. 25 წლის თავდამსხმელი ერან ლევი და ქართველი ნახევარმცველი ზურაბ მენთეშაშვილი ინციდენტის გამო სანქციას ვერ ასცდნენ. უცნაური ისაა, რომ ისინი თანაკლუბელები არიან. კლუბის მესვეურებმა განაცხადეს, რომ მენთეშაშვილი ადრეც იყო შემჩნეული ინციდენტში და 20 ათასი შეკელით დააჯარიმეს. ქართველი ფეხბურთელი თავს დამნაშავედ არ ცნობს და საკუთარი უფლებების დასაცავად სასამართლოს მიმართა. აშკელონის "ჰაპოელის" რეაქციამაც არ დააყოვნა და მენთეშაშვილი კლუბიდან დაითხოვეს. კლუბის მესვეურები აცხადებენ, რომ გადაწყვეტილებას არ შეცვლიან და ქართველს ახალი გუნდის მოძებნა მოუწევს", - წერს ვებგვერდი ლიგა.ცო.ილ-ი.
ამ საქმეს სკანდალის სუნი იმიტომაც უდის, რომ მენთეშაშვილს "ჰაპოელთან" 30 ივნისს უმთავრდება კონტრაქტი, ხელშეკრულების გაწყვეტა მხოლოდ ორმხრივი თანხმობის შემთხვევაშია შესაძლებელი, ზემოთ მოყვანილი ინფორმაციის თანახმად კი, კონტრაქტის კლუბის მიერ ცალმხრივად არის გაწყვეტილი. თანაც მენთეშაშვილმა სასამართლოს მიმართა. როგორც ჩანს, ამ საქმეს გაგრძელება ექნება. შეგახსენებთ, რომ ისრაელის ჩემპიონატში პირველი წრის დასრულებამდე სამი ტურით ადრე უმაღლესი ლიგის დებიუტანტი "ჰაპოელი" 10 ქულით მე-13 ადგილზეა. განვლილი 12 ტურიდან მენთეშაშვილმა 11 შეხვედრაში ითამაშა და თანაც ძირითად შემადგენლობაში. მას ეროვნულ ნაკრებში 38 მატჩში 1 გოლი აქვს გატანილი.