ზურაბ მენთეშაშვილი ზესტაფონში?

AutoSharing Option
ზურაბ მენთეშაშვილს ისრაელში საქმე რომ აერია, უკვე გაცნობეთ. ჩვენებურმა 20 ათასი შეკელით დაჯარიმება უსამართლოდ მიიჩნია, აშკელონის "ჰაპოელს" სასამართლოში უჩივლა და ებრაული ვებგვერდების ცნობით, კლუბიდან დაითხოვეს.

თუმცა, ებრაულ საიტებზე გუშინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შესაძლოა, ვითარება შეიცვალოს. მენთეშაშვილთან ერთად მის თანაკლუბელ ერან ლევის დასჯის საკითხიც განიხილებოდა. როგორც ჩანს, ლევის გავლენიანი მფარველი ჰყავს. ამავე დროს გუნდის ფანებმაც პროტესტი გამოთქვეს ამ ორი ფეხბურთელის დასჯის გამო. ერთი სიტყვით, საქმე გახმაურდა და აშკელონის "ჰაპოელის" მეპატრონე პროსპერ აზგის ყურამდეც მივიდა, რომელიც კლუბის სპორტულ დირექტორს შეხვდა და ფეხბურთელთა
დაუთხოვნელად კონფლიქტის მოგვარება დაავალა.

ისრაელში რომ ეს ამბებია, ჩვენში გავრცელდა ხმები, დიდი შანსია მენთეშაშვილი ზამთრის პაუზისას "ზესტაფონში" ვიხილოთო. მით უმეტეს, რომ თუ ებრაულმა კლუბმა ზურას კონტრაქტი გაუწყვიტა, ის თავისუფალი აგენტი გახდება და უსასყიდლოდ დაიმატებს მსურველი კლუბი.

ზურას "ზესტაფონში" სავარაუდო ჩამოსვლასთან დაკავშირებით ვითარებაში გარკვევას შევეცადეთ, მაგრამ ზესტაფონელთა კლუბში მენთეშაშვილის ტრანსფერი არ დაგვიდასტურეს. ის კი გვითხრეს, რომ გასულ ზაფხულს მისი დამატების საკითხი მართლაც აქტიურად განიხილებოდა. მაშინ საქმე მოლაპარაკებამდეც კი მივიდა, მაგრამ... თუმცა, კვამლი უცეცხლოდ არ ჩნდება და ჩვენც ზამთრის სატრანსფერო პერიოდს დაველოდოთ.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული