რაზე ელაპარაკა ქეცბაია გერმანიიდან დაბრუნებულ ჯაბა კანკავას

AutoSharing Option
ხანგრძლივი და იძულებითი პაუზის შემდეგ ჯაბა კანკავა ეროვნულ ნაკრებს დაუბრუნდა და ქეცბაიას გუნდში სლოვენიაში პირველად ითამაშა. კოპერში ძველებურად მოთამაშე კანკავა ვერ ვიხილეთ და საინტერესოა, როდის ვნახავთ "ძველ ჯაბას". რას ფიქრობს ფეხბურთელი ნაკრებზე, მასთან ინტერვიუდან შეიტყობთ.

- სამშობლოში გერმანიდან დაბრუნდით. იქ რა მიზნით იყავით?
- მიუნსტერში ვიყავი იმ პროფესორთან კონსულტაციაზე, ვინც ბოლო ოპერაცია გამიკეთა. ტკივილები ისევ მაწუხებს და ვარჯიშებზე ზოგჯერ გამაყუჩებელი ნემსით გავდივარ. მაინტერესებდა, ეს ნემსი საზიანო ხომ არ არის, როდემდე უნდა მქონდეს ტკივილი, ტერფში ლითონის ფირფიტაც მაქვს ჩადგმული და რამდენ
ხანს უნდა ვიყო ასე. პროფესორმა მითხრა, ტკივილი ბუნებრივი პროცესია და დროა საჭიროო. ფირფიტაზე კი დამამშვიდეს, რაც უფრო დიდხანს გექნება, უკეთესიაო. ერთი სიტყვით, გერმანიიდან გულდამშვიდებული ჩამოვედი.

- ტრავმამ დიდი დრო დაგაკარგვინათ. ზამთრის შესვენებამდე "დნიპროში" თამაშმა არ მოგიწიათ.
- სამწუხაროდ, ეგრეა. თუმცა ერთი მატჩი მაინც ჩავატარე. თასის მერვედფინალში "კრემლინი" სტუმრად 3:0 დავამარცხეთ და მეორე ტაიმი მთლიანად ვითამაშე.

- მწვრთნელმა რა პოზიციაზე გაგამწესათ?
- ორი საყრდენი ნახევარმცველიდან მე უფრო წინ ვიყავი. შეტევებშიც ვერთვებოდი და ბურთის ართმევაც მევალებოდა. ძალიან მოვინდომე, მაგრამ ამდენი გაცდენის შემდეგ ისე ვერ ვითამაშე, როგორც შემიძლია.

- გუნდის ესპანელი მწვრთნელი ხუანდე რამოსი რამდენად გიცნობს, რას გეუბნება ხოლმე?
- მან ყველაფერი იცის ჩემ შესახებ, ისიც, რომ ტრავმების გამო ბევრი გამიცდა და დაშავებამდე ეროვნულ ნაკრებში რომ ვთამაშობდი. მომთხოვნი კაცია, დავალებას კარგად გვიხსნის. საკუთარ თავში ჩაკეტილი ადამიანი არ არის, მაგრამ დიდად კონტაქტურია-მეთქი, ვერ ვიტყვი. რამოსი უფრო ტექნიკურ ფეხბურთზეა ორიენტირებული, მოკლე პასებით თამაში უყვარს, მოსწონს ტექნიკური და სწრაფად მოაზროვნე ფეხბურთელები, თუმცა ბურთის თრევას ვერ იტანს. რაც მთავარია, უკან პასზე მწვავედ რეაგირებს და ფეხბურთელებისგან მხოლოდ პასის წინ გაკეთებას ითხოვს.

- საკუთარი თამაშით კმაყოფილი არ ხართ.
- დიდი დრო გამიცდა და ოპტიმალური ფორმისგან შორს ვარ. ამჟამად შესაძლებლობების 40 პროცენტს ვავლენ და მომზადება მჭირდება.

- უკრაინაში ჩემპიონატი გაზაფხულზე განახლდება. იქამდე მოასწრებთ ფორმის აღდგენას?
- საკმაო დროა და თუ მოსამზადებელ პერიოდი სტაბილურად გავიარე, ფორმასაც აღვიდგენ.

- სლოვენიასთან მატჩისთვის ნაკრებში გამოძახებამდე თემურ ქეცბაია უკრაინაში ტელეფონით გელაპარაკათ. რაზე ისაუბრეთ?
- ქეცბაიამ ჩემი თამაში წლეულს იანვარში, თურქულ შეკრებაზე ნახა. ეს ბოლო ტრავმამდე იყო და მაშინ უკეთ ვიყავი. ანთალიაში ვილაპარაკეთ კიდეც. რაც შეეხება სატელეფონო საუბარს, ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობით დაინტერესდა. ოპერაციასა და სარეაბილიტაციო პერიოდზე მკითხა. ვუთხარი, რომ ფორმაში არ ვიყავი, შიგადაშიგ ტკივილი მაწუხებდა და ტკივილგამაყუჩებელ ნემსს ვიკეთებდი. ერთი სიტყვით, პროფესიული საუბარი გვქონდა.

- სლოვენიასთან მატჩსაც მივადექით. როგორ იხსენებთ ამ შეხვედრას?
- თამაშის ხარისხი ისეთი არ იყო, რაც ჩვენს ნაკრებს თუნდაც იმ შემადგენლობით შეუძლია აჩვენოს. თუმცა შედეგის კარგი ეთქმოდა, მით უმეტეს, რომ ვაგებდით და თამაში შემოვაბრუნეთ.

- ბევრი მიიჩნევს, რომ მთავარი შედეგია...
- ერთი წელიწადია, რაც ქეცბაია ჩვენს ნაკრებს ხელმძღვანელობს და ახლა მართლაც შედეგია მთავარი. ამდენი წაგების შემდეგ გუნდის განწყობა უნდა შეიცვალოს, გულშემატკივარი გავახაროთ და სხვა გუნდებმა სათანადოდ დაგვაფასონ. თუმცა შედეგით გული არ უნდა დავიმშვიდოთ, თამაშის ხარისხის გასაუმჯობესებლად დიდი მუშაობა გვმართებს.

- კოპერში თამაში ცხადია გაგიჭირდებოდათ. მით უმეტეს, სანაკრებო დონე სხვაა.
- გამიჭირდა, მაგრამ თავიდანვე ვიცოდი, რომ ასე იქნებოდა. ეროვნულ ნაკრებში თამაში ჩემთვის ისეთი მოტივაციაა, რომ მოედანზე თავი არ დამიზოგავს. რაც გამომივიდა, ყველამ ნახა. რა თქმა უნდა, ჩემი თამაშით კმაყოფილი არ ვარ. ბევრად უკეთ შემიძლია. გაზაფხულისთვის ჩვეულ ფორმაში მინდა ვიყო და ნაკრებს მეტად გამოვადგე.

- ნაკრებში თამაშისთვის კლუბში სტაბილურად ასპარეზობაა საჭირო, საამისოდ კი "დნიპროს" ძირითადში ადგილი უნდა დაიბრუნოთ.
- კონკურენცია ბუნებრივი ამბავია, ამიტომ ბოლომდე ვიბრძოლებ გუნდის სასტარტოში ადგილის დასაბრუნებლად. იმედი მაქვს, ტკივილი ხელს აღარ შემიშლის. თუ ამას შევძლებ და თამაში მომიწევს, ხომ კარგი, თუ არა, მაშინ სხვა გუნდზე მომიწევს ფიქრი.

- "დნიპრო" შეგელევათ?
- ამდენი დრო გამიცდა და ფიზიკურად რაც უნდა კარგად ვიყო, სათამაშო პრაქტიკა მჭირდება. თუ თამაშმა არ მომიწია, ნაკრებშიც ვეღარ მოვხვდები. ამიტომ, თუ შევატყვე, რომ "დნიპროში" თამაში არ მომიწევს, მაშინ სხვა გუნდში გადასვლაზე ვიზრუნებ.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"




მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული