ლევან ყენიას ბოლო შანსი - სად, თუ არა ნაღდ ევროპაში

AutoSharing Option
ლევან ყენია პრაღის "სლავიაში" გადავიდა. ბოლოს და ბოლოს, ის აღარ არის თავისუფალი აგენტი და ხელში ნამდვილ ევროპულ კლუბთან გაფორმებული კონტრაქტი უჭირავს.

ამ ზაფხულს და შემოდგომის დასაწყისში გვეგონა, რომ ყენიას და კონტრაქტს ერთად ვეღარ ვნახავდით. ის გუნდიდან გუნდში გადადიოდა. ამბობენ, რომ ეს არ იყო სინჯები. ჩვენც ვიცით, რომ ჯანმრთელ ყენიას მოსკოვის "ტორპედოს" გასასინჯი არაფერი სჭირს. უბრალოდ, ამდენი მოგზაურობა არასოლიდური იყო. ეს ლევანმაც უნდა იცოდეს.

ყენიას მთელი კარიერა ჩვენს თვალწინაა. უნდა ვაღიარო - ლევანი რომ გამოჩნდა, გულს გიორგი ქინქლაძის ნოსტალგია მიღრღნიდა. დღევანდელ
ფეხბურთში "ათიანები" დინოზავრებივით გადაშენდნენ.

დღევანდელი ფეხბურთი მათ ვერ იტანს და დაუნდობლად ცვლის. მე ფეხბურთი სწორედ "ათიანებით" მიყვარს - მარადონათი, ზიდანით, რუი კოშტათი, გულიტით, ტოტით, დელ პიეროთი, ქინქლაძით...

ჩემი თაობისთვის ქინქლაძე ლეგენდაა. მაშინ არ გვქონდა შუქი და პურის რიგში ვათენებდით. ღამით გენერატორის შუქზე ვუყურებდით გიოს და "სიტის". ეს სასწაული იყო იმ მუქ ქვეყანაში, სადაც სინათლე არც მზიან დღეებში ჩანდა.

აღარ მეგონა, თუ ვინმე ქინქლაძეს მომაგონებდა. ერთხელ მეგობარმა "დინამოს" ბავშვთა გუნდის მატჩზე წასვლა მირჩია და იმის შემდეგ ჩემი მშვიდი ცხოვრება მორჩა - ის პატარა ბიჭი მინდორზე სასწაულებს აკეთებდა.

მერე და მერე ყენიას კარიერა თავისი გზით წავიდა. ჩვენი პროფესიის ხალხს თითქოს ეკრძალება ამა თუ იმ ფეხბურთელის გამორჩეული სიყვარული, მაგრამ ჟურნალისტიც ადამიანია და მასაც აქვს სიმპათია-ანტიპათია.

ლევან ყენია ჩემთვის ქართული ფეხბურთის მომავლის სიმბოლოდ იქცა.

შეძლებისდაგვარად, არ ვაცდენდი ყენიას თამაშებს როგორც ბავშვთა გუნდში, ისე "ლოკომოტივში", მერე კი საქართველოს ნაკრებში მისი გამოჩენის ჯერიც დადგა. კლაუს ტოპმიოლერმა უწვერული ბიჭები დააწინაურა ეროვნულ გუნდში.

ახლა შეიძლება ამის დაწერა. წლების წინათ, ტოპმიოლერმა მთხოვა, მისი ეს ნააზრევი არ დამეწერა. ემანდ, ბიჭზე ცუდად არ იმოქმედოსო. არც დამიწერია. ახლა ყენია ბიჭი აღარ არის, კაცია. იმ ამბის შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა და დღეს მასზე მთელი საქართველო აღარ ლაპარაკობს. დღეს ის ჩამოწერილია.

პირდაპირ ნათქვამად ვერ დავწერ, მაგრამ მაშინ ტოპმიოლერმა დაახლოებით ასეთი რამ მითხრა - ჩემი სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში არაერთ ვარსკვლავთან მიმუშავია, მაგრამ ასეთი ნიჭი მე ცხოვრებაში არ შემხვედრიაო.

დამეთანხმებით, ბევრისდამტევი შეფასებაა - ტოპმიოლერს მართლაც უმუშავია ისეთ ფეხბურთელებთან, დღესაც მთელი მსოფლიო რომ ლაპარაკობს. განათლებულმა და საფეხბურთო ნიუანსების კარგად მცოდნე კლაუსმა კარგად იცის თავისი სიტყვის ფასი.

ახლა ყენია ბევრისთვის ჩამოწერილი ფეხბურთელია. მისი აღარავის ეიმედება. მიზეზებზე საუბარმა იქნებ ძალიან შორს წაგვიყვანოს. მაინც უნდა ვთქვათ. ბუნებაში უმიზეზოდ არაფერი ხდება.

მთავარი მიზეზი ყენიას ბოლოდროინდელი წარუმატებლობისა, ფელიქს მაგათი მგონია. "დესპოტის" არაადამიანურ დატვირთვებს ბევრი ფეხბურთელი დაუღუპავს და ყენიასაც არ არგო. ამან ტრავმებისკენ მიდრეკილება მოიტანა.

კი, ცხოვრების რაღაც ეტაპზე, შესაძლოა, ლევანს ზედმეტი წარმოდგენა შეექმნა საკუთარ თავზე.

ყენიამ მძაფრად გააკრიტიკა თემურ ქეცბაია და "ცივი წყალიც" ახსენა. ნაკრებთან დაკავშირებით ლევანს ალბათ არასწორი არაფერი უთქვამს, თუმცა ფეხბურთელის საქმე თამაშია და როცა საქართველოს ეხება საქმე, იქ "ცივი წყალი" არ უნდა ახსენო.

ახლახან, ყენიამ მოინანია. უფრო დიდი სანაკრებო სკანდალებიც გვახსოვს. წესით, ამას უნდა ეშველოს. ფეხბურთელისგან პირველი ნაბიჯი გადადგმულია. ახლა მწვრთნელის შემხვედრი ნაბიჯია საჭირო.

უეჭველია - თუ ყენიამ თამაში დაიწყო "სლავიაში", ის უბრალოდ შეუცვლელი ფეხბურთელი იქნება საქართველოს ნაკრებისთვის. ყენიას შეუძლია ქვეყნის პირველი გუნდის თამაშში სინატიფის, სილამაზის, აზრის შემოტანა. თუნდაც ერთი ისეთი პასის გაკეთება, ფეხზე რომ წამოგახტუნებს.

არ შემიძლია, ერთიც არ დავწერო: არ ვიცი, რა და როგორაა ბოლო ერთი წლის განმავლობაში, მაგრამ მანამდე სისტემატურად ვუყურებდი მინდორზე და ვესაუბრებოდი ლევან ყენიას - ვერავინ დამარწმუნებს, რომ მას უხიაგი ხასიათი აქვს.

კი, ბატონო, ყენია მინდორზე ზედმეტად თამამია, არ ცნობს ავტორიტეტებს, ბევრს იღებს საკუთარ თავზე, თუმცა ვინ თქვა, რომ ეს ცუდი თვისებაა? ფეხბურთს არ უყვარს თვინიერი ბიჭები.

წერილი ერთი მოგონებით უნდა დავამთავრო - ტოპმიოლერის დროს საქართველოს ნაკრები გასვლაზე ამხანაგურად ეთამაშება აზერბაიჯანს.

ყენია ერთ ეპიზოდში ლამის თერთმეტივე მეტოქეს ატყუებს. მთელი სტადიონი ფეხზე დგას და ტაშს უკრავს. არადა, სტადიონი ქართველთა მიმართ კეთილგანწყობილი არ არის...

...იმ მატჩს დავესწარი. საგოლე პასი დიმიტრი ტატანაშვილს სწორედ ყენიამ მისცა. ნამატჩევს ის აზერბაიჯანელმა ქომაგებმა გულში ჩაიკრეს.

"სლავია" ლევანის ბოლო შანსია. სად, თუ არა ნაღდ ევროპაში უნდა დაიბრუნოს ფეხბურთელმა დაკარგული.

ცხოვრება ბრძოლაა, სადაც ძლიერები იმარჯვებენ. საქართველოში კი გამოუყენებელი ნიჭით ვერავის გააკვირვებ. ჩვენთან ყენიაზე დიდები და მაგრები დაკარგულან.

ბოლო შანსს გამოყენება სჭირდება.

ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week"
მკითხველის კომენტარები / 9 /
ნელნელა ვრწმუნდები იმ აზრის სისწორეში, რაც თავიდანვე ჩამომიყალიბდა "ამხანაგ ა.კაკაურიძის" "შემოქმედების" ჩემს მიერ პირველივე სტატიის წაკითხვისას.
ძალიან რბილად რომ ვთქვათ, ტენდენციური, მიკერძოებული, არაკომპეტენტური, არაადეკვატური და ..... ****. რამდენჯერ მოგწერე კითხვარები ჩემს საკმაოდ კომენტარებში, მაგრამ სამწუხაროდ ბევრჯერ არ დაიდო, რატომ? აბა გამოიცანი.......
დღეს მსოფლიოში ყველა ეძებს ნიჭიერ/ტალანტ, ფიზიკურად ძლიერ, ტექნიკურ ფეხბურთელებს არასაფეხბურთო (დიდ ლიგებს ვგულისხმობ) ქვეყნებიდან, რადგან ერთიდაიგივე დონის ინგლისელი და ვთქვათ განელი, ალჟირელი, კოლუმბიელი.... ფეხბურთელები სხვადასხვა ფასი ღირს, წინააღმდეგ შემთხვევაში რეალს ხამესი, ის რომ ესპანელი ყოფილიყო სულ სხვა თანხა დაუჯდებოდა. არიან ასევე გამონაკლისებიც, მაგ. ბეილი. ხედავ ***, რომ ნიჭიერ, მაგარ ფეხბურთელებს შენი ენით რომ ვთქვათ "დახლზე" რომ არ აჩერებენ? ხვდები ეხლა რამდენად *** როდესაც ყენიას ადარებ ყველა დროის ერთ ერთ ვარსკვლავს, ქინქლას? ქინქლა იყო უდიდესი ფეხბურთელი, რომელსაც რეალში, ბარსაში, ან კიდევ სხვაგან თამაშში მხოლოდ მისმა ხასიათმა შეუშალა ხელი, რომელ ხასიათსაც შენ ყენიას არ უწუნებ, მაგრამ პრაღის სლავია სანატრელი რომ გაუხდა? იქაც დუბლებში ვხედავთ ჯერჯერობით. შენს მიერ ერთ დროს ნაქები ჯანო კიდევ სპარტაკის ძირითადსა და დუბლებს შორის მოგზაურობს. კიდევ უფრო მაგრად ნაქებმა ოქრიკამ კი ყველას თავი მოგვჭრა "ევროპის მასშტაბით".
შენს მიერ საქვეყნოდ ძირგამოთხრილ ქეცბას კი ხედავ არჩევანის გაკეთება ვისსა და ვის შორის უწევს? დაფიქრდი სანამ პირს გააღებ თუ "კალამს აიღებ", დამიჯერე. გგონია ქეცბა წავიდა და აწი ევროპაში ან მსოფლიოზე ისე გავალთ პლეიოფებიც კი არ დაგვჭირდება? პოზიციებზე ფეხბურთელების დეფიციტი რომ გვაქვს მაგას ვხედავ ვერ, ან "არ" ხვდები. ფეხბუღტელები მოკლე და საშუალო სიგრძის პასებს რომ ვერ აკეთებენ და პასებს ისე ვერ იღებენ ბურთი სამ მეტრზე რომ არ გადაუვარდეთ ესეც ქეცბაიას ბრალია? ფეხბურთელი უბურთოდ რომ ვერ გარბის ესეც ქეცბაიას ბრალია? ბურთიანად სირბილზე საუბარიც არ არის. ფიზიკაში საერთოდ ვერავის რომ ვერ ვჯობნით ეს ნეტა ვისი ბრალია? ამიტომაც ფეხბურთელის კლასი, დონის დიდი ნაწილი პირდაპირპროპორციულია იმ გუნდის დონის რომელშიც ის თამაშობს და მისი ძირითადში გამოჩენის დროის.
მოკლედ ფეხბურთის "გაგნებაში" არ ხარ რა....
გულშემატკივარი
11:24 17-11-2014
0
ალეკო, ქეცბაია მოშორებულია. ახლა შეგიძლია კარიაერაშერყეულ ფეხბურთელებზე წერო და წერო რამდენიც გინდა. მომავალში ვისზე აპირებ სტატიის დაწერას? ალბათ ამისულაშვილზე ან ხიზანაზე ან........ვაი შენ რა გითხარი...
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული