ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

თურქეთში ეს შესაძლებელია - რა ხდება რეხვიაშვილსა და "ბოლუსფორს" შორის?

AutoSharing Option
გიორგი რეხვიაშვილი თურქეთის პირველი ლიგის ბინადარ "ბოლუსფორში" ამ ზაფხულს, საჩხერის "ჩიხურადან" გადავიდა და 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ამ გუნდში მან სულ რაღაც 6 მატჩი ჩაატარა. 19 ოქტომბერს, როცა "ბოლუსფორი" შინ "ალთონორდუს" შეხვდა, რეხვიაშვილმა ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა და ექიმებმა ხანგრძლივი პერიოდით დასვენება გამოუწერეს.

ორიოდე დღის წინათ, boluolay.com-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, "ბოლუსფორისა" და 26 წლის ქართველი მცველის გზები გაიყარა. თურქული ინტერნეტპორტალი ამტკიცებდა, რომ მიზეზი ტრავმა გახდა და კლუბის ხელმძღვანელობამ ფეხბურთელთან შეთანხმების საფუძველზე ხელშეკრულება ნაადრევად გააუქმა.

გიორგი რეხვიაშვილის მენეჯერი მამუკა ლომიძე (ახლო წარსულში საქართველოს
ახალგაზრდული ნაკრებისა და თბილისის "დინამოს" მარცხენა მცველი) კი ამბობს, რომ საქმე სხვაგვარადაა:

"რეხვიაშვილმა კლუბთან კონტრაქტი კი არ გაწყვიტა, არამედ დროებით შეაჩერა. საქმე ისაა, რომ თურქეთის პირველი ლიგის კლუბებს განაცხადში მხოლოდ სამი ლეგიონერის შეყვანის უფლება აქვთ. "ბოლუსფორში" კი ასეთები არიან პრიოვიჩი, მბამბა და რეხვიაშვილი.

იმ ფაქტმა არ მოგატყუოთ, რომ ასლანი, დემირი, ოდაბასი და კულაბასი სხვა ქვეყნის მოქალაქეები არიან - ისინი თურქები არიან, ორმაგ მოქალაქეობას ფლობენ და თურქეთში ლეგიონერებად არ ითვლებიან. რეალურად, განაცხადში არც ბულგარელი ზლატკოვია, რომლის გვარიც საერთაშორისო ცნობარებშია შეტანილი.

გიორგი სწორედ მის შემცვლელად აიყვანეს, მაგრამ ტრავმის გამო მაისამდე ვერ ითამაშებს და გუნდში ლეგიონერის ადგილი რომ არ დაეკავებინა, კლუბს კონტრაქტის შეჩერებაზე შეუთანხმდა.

თურქეთში ასეთი რამ შესაძლებელია".

ლომიძის თქმით, "ბოლუსფორი" ქართველ მცველთან დაშორებას არ აპირებს:

"გიორგის გაშვებაზე ნამდვილად არ ფიქრობენ. ამას ისიც ადასტურებს, რომ ოპერაციის შემდეგაც თურქეთში დარჩა, იზმირის საუკეთესო კლინიკაში "ბოლუსფორის" ხარჯით მკურნალობს, ბინა და მანქანა შეუნარჩუნეს და რეაბილიტაციის პერიოდში უფულოდ რომ არ დარჩეს, კომპენსაციასაც გადაუხდიან.

ახლა რეაბილიტაციას გადის და, სავარაუდოდ, მოედანს მაისში დაუბრუნდება. მერე ახალ სამედიცინო შემოწმებას გაივლის, რის შემდეგაც კონტრაქტი ისევ ამოქმედდება".

მენეჯერი სხვა საინტერესო ამბებსაც გვიმხელს:

"გუნდის მთავარი მწვრთნელი რეჰა ერგინერი გიორგის თამაშით ძალიან კმაყოფილი იყო, რეალურად, დაცვას სწორედ ის კრავსო.

მართალია, მხოლოდ 6 მატჩის ჩატარება მოასწრო, მაგრამ ძალიან კარგი გამოხმაურება ჰქონდა და ერგინერის თქმით, მისით სუპერლიგის რამდენიმე გუნდიც დაინტერესდა.

ტყუილს ვერ ვიტყვი, "გალათასარაი" და "ფენერბაჰჩე" აქტიურობენ-მეთქი, მაგრამ საშუალო გუნდებიდან საკმაოდ დიდი ინტერესია, რადგან სუპერლიგაში მემარცხენე ცენტრალური მცველების დეფიციტია. "ბოლუსფორი" კი პირველ ლიგაშია და გიორგის სარფიანად გაყიდვა სურს".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"