ჯანო და "სპარტაკი" - ანანიძის ყოფილი მწვრთნელისა და თანაგუნდელის თვალით

AutoSharing Option
4 დეკემბერს, რუსეთის პრემიერლიგის მე-16 ტურში მოსკოვის "სპარტაკმა" "როსტოვი" მიიღო და ფრეს დასჯერდა - 1:1. მოსკოვური კლუბის ქართველი ლეგიონერი ჯანო ანანიძე თავისი ყოფილი და ამჟამინდელი გუნდების დაპირისპირებას თვალს სათადარიგოთა სკამიდან ადევნებდა...

შეგახსენებთ, რომ წინა სეზონი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა იჯარით სწორედ "როსტოვში" გაატარა, ამ ზაფხულს კი "სპარტაკს" იმ იმედით დაუბრუნდა, რომ თამაში სანატრელი არ გაუხდებოდა, მაგრამ...

"როსტოვში" ჯანოს ყოფილმა მწვრთნელმა მიოდრაგ ბოჟოვიჩმა და თანაგუნდელმა ვიტალი დიაკოვმა championat.com-ს ანანიძესა და არტიომ ძიუბაზე ესაუბრნენ. სწორედ ჯანო და ძიუბა იყვნენ "როსტოვის" წარმატების მთავარი შემოქმედნი
- გუნდმა წინა სეზონში რუსეთის თასი მოიპოვა, ჩემპიონატი კი მეშვიდე ადგილზე დაასრულა.

გასაგები მიზეზების გამო სტატიიდან ჩვენ მხოლოდ იმ მონაკვეთებს შემოგთავაზებთ, სადაც რესპონდენტები და სტატიის ავტორი ანტონ მატვეევი ქართველ ჰავბეკზე აზრს გამოთქვამენ.

* * *
2013 წლის ზაფხულში არტიომ ძიუბა და ჯანო ანანიძე "სპარტაკიდან" "როსტოვში" გაუშვეს. შეიძლება ითქვას, კარპინის ეს გადაწყვეტილება ლოგიკური იყო - ახალგაზრდა ქართველ ფანტაზისტს ახალი გამოწვევა სჭირდებოდა, ხოლო ძიუბა შემადგენლობაში ვერ ხვდებოდა...

"როსტოვში" ჯანომაც და ძიუბამაც გაიბრწყინეს და უკვე პირველივე ტურებიდან დაისვა კითხვა: "ნუთუ ეს ფეხბურთელები "სპარტაკს" არ სჭირდებოდა?"

მიოდრაგ ბოჟოვიჩი: "როდესაც მითხრეს, რომ "როსტოვში" იჯარით ძიუბასა და ჯანოს მოყვანა შეიძლებოდა, ორი ხელით დავთანხმდი. ძიუბა და ჯანო ძალიან ძლიერები არიან".

ზეწარმატებული სტარტის შემდეგ არც ჯანოს და არ ძიუბას თამაში არ გაუნელებიათ. რა თქმა უნდა, არტიომი ყოველ მატჩში ჰეთ-თრიქს არ ასრულებდა, ანანიძე კი - საგოლე გადაცემებს, მაგრამ ყველა შემთხვევაში, სეზონი ორივემ სტაბილურად, ძალიან მაღალ დონეზე ჩაატარა.

თითქოს ჯანოსა და ძიუბას სულ არ სჭირდებოდათ გუნდი - ისინი გამოდიოდნენ მოედანზე ორნი და ერთად უმკლავდებოდნენ მეტოქეებს. ანანიძემ დაიმსახურა ტიტული "როსტოვის" მთავარი კრეატიული ძალა", არტიომის თამაშზე კი ყველა ეპითეტზე უკეთესად მისი სტატისტიკა მეტყველებდა: 19 გოლი და 4 საგოლე პასი ყველა ტურნირზე.

გასაგებია, რომ ბოჟოვიჩის თავკაცობით "როსტოვი" კარგად შეკრული გუნდი იყო, მაგრამ სისულელე იქნებოდა იმის მტკიცება, რომ ჯანოსა და ძიუბას გარეშე "როსტოვი" რუსეთის თასს მოიგებდა და ჩემპიონატში მეშვიდე ადგილს დაიკავებდა.

ვიტალი დიაკოვი: "მათთან მხოლოდ საუკეთესო მოგონებები მაკავშირებს. დიახ, ძალიან მეგობრული, საერთო მიზნისკენ მომართული გუნდი გვყავდა, თუმცა ანანიძე და ძიუბა ძალიან დაგვეხმარნენ. ისინი გუნდის ლიდერები იყვნენ - კარგი ფეხბურთელებიც და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, კარგი ადამიანებიც. არტიომთანაც და ჯანოსთანაც სასიამოვნოა ურთიერთობა, დროის გატარება".

მიოდრაგ ბოჟოვიჩი: "თქმა არ უნდა, არტიომმაც და ჯანომაც უდიდესი წვლილი შეიტანეს "როსტოვის" წარმატებაში. ისინი მთელი სეზონის განმავლობაში შრომობდნენ და საკუთარ თავს მოდუნების უფლებას არ აძლევდნენ".

არასდროს არავინ დაეჭვებულა იმაში, რომ ანანიძე საქართველოს ნაკრებისთვის სასარგებლო მოთამაშეა (ის არც რუსეთის ეროვნულ გუნდს აწყენდა), მაგრამ ძიუბას შემთხვევაში ეროვნულ გუნდთან დაკავშირებით ყველაფერი რთულად იყო - თავიდან ფაბიო კაპელოს ის არ მოუვიდა თვალში და არც მსოფლიოს ჩემპიონატზე წაიყვანა...

"როსტოვში" მიღებულ მასტერ-კლასს არ შეიძლებოდა გავლენა არ მოეხდინა ჯანოსა და ძიუბას მომავალზე "სპარტაკში". როგორც მოსალოდნელი იყო, ეს ფეხბურთელები დაუბრუნდნენ მშობლიურ კლუბს. გუნდის ახალი თავკაცი მურატ იაკინი თავიდანვე ენდო მათ. არტიომმა "სპარტაკშიც" გააგრძელა როსტოვური ხაზი - ბრწყინვალედ დაიწყო სეზონი, ლამის ყველა მატჩში იტანდა, ჯანო კი ზედიზედ სამჯერ სასტარტო შემადგენლობაში გამოჩნდა.

თითქოს ეს წყვილი კვლავ ყველას მოაჯადოებდა თავისი თამაშით... თუმცა სულ მალე ორივემ ბუნტი მოაწყო - ანანიძემ უარი თქვა გუნდთან ერთად ამურის კომსომოლსკში გაფრენაზე, ძიუბამ კი "სპარტაკთან" ახალი კონტრაქტის გაფორმების თაობაზე მცირე "საპნის ოპერა" დადგა...

ვიტალი დიაკოვი: "როსტოვი" პატარა გუნდია. აქ ჯანოს ნდობა ჰქონდა გამოცხადებული და არც წნეხის ქვეშ ექცეოდა. სწორედ ამიტომ იყო, რომ ანანიძე, უბრალოდ, თამაშობდა ფეხბურთს და სიამოვნებას იღებდა მისგან. "სპარტაკში" ყველაფერი სხვაგვარადაა - პასუხისმგებლობა უდიდეს ტვირთად დააწვა. ერთი მატჩის ჩაგდება და - კარგად იყავი, სათადარიგოთა სკამზე! ჯანოს "სპარტაკში" ნდობა აშკარად აკლია და აქედანაა მისი პრობლემებიც, მათ შორის, ამურში გაფრენასთან დაკავშირებულიც".

მიოდრაგ ბოჟოვიჩი: "ვფიქრობ, "სპარტაკში" ჯანო ნირწამხდარია იმის გამო, რომ ცოტას თამაშობს, მაგრამ ეს არაა მიზეზი, ბოიკოტი გამოაცხადო. შესაბამისად, გაკვირვებული ვარ მისი ქმედებით".

ასევე იხილეთ:
ჯანო ანანიძეს ტრანსფერზე დაყენების პირველ კანდიდატად მიიჩნევენ
მკითხველის კომენტარები / 2 /
REALURAD SHEVXEDOT RUSETIS CHEMPIONATI GACILEBI ZLIERIA BELGIIS CHEMPIONATZE
0
ესეც გეკმა რომ წაიყვანოს არ შეიძლებაა?
zura1504
16:42 05-12-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული