"ახლა მაქსიმუმი უნდა მივცე ფეხბურთს, თორემ მერე შეიძლება გვიან იყოს"

AutoSharing Option
24 წლის მეკარე გიორგი მაკარიძე, ვისაც საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 5 მატჩი აქვს ჩატარებული, დიდი ალბათობით, ზამთარში გუნდს არ გამოიცვლის და კვლავ პორტუგალიის პირველი ლიგის ბინადარ "ფეირენსეში" ითამაშებს.

ერთი ხანობა "ფეირენსე" პორტუგალიის რანგით მეორე ლიგის გამოკვეთილი აუტსაიდერი იყო, თუმცა ბოლო დროს თამაში გამოასწორა და ახლა 23 ქულით მე-12 ადგილი უჭირავს სატურნირო ცხრილში.

"თითქმის გადაწყვეტილია, რომ ზამთარში კლუბს არ შევიცვლი და სეზონს "ფეირენსეში" ჩავამთავრებ. ბოლო დროს გუნდის თამაშში უკეთესობა შეიმჩნევა, რაც ჩვენს შედეგებზეც აისახება", - გვითხრა მაკარიძემ, რომელსაც პორტუგალიაში დავუკავშირდით.

მაკარიძე კარგად
მოერგო პორტუგალიურ გუნდს და მეგობრებიც სწრაფადვე გაიჩინა:

"გუნდში კარგი სიტუაციაა. აბსოლუტურად ყველასთან იდეალური ურთიერთობა მაქვს. ბიჭებზე მხოლოდ კარგს ვიტყვი - მხიარულები, გახსნილები არიან. სასიამოვნოა ასეთ ატმოსფეროში ყოფნა", - გვეუბნება მაკარიძე.

როგორ ატარებს თავისუფალ დროს ქართველი მეკარე ქალაქ ფეირაში?

"არაფერი განსაკუთრებული - თუ არ ვვარჯიშობ, სახლში ვარ და ვისვენებ. ჩემი ცხოვრება ძირითადად ვარჯიშისა და დასვენებისგან შედგება.

ახლა მაქსიმუმი უნდა მივცე ფეხბურთს, თორემ მერე შეიძლება გვიან იყოს", - გვეუბნება გიორგი.

Sportall.Ge

საქართველოს ნაკრებს მალე ახალი მწვრთნელი ეყოლება. დიდი ალბათობით, შანსი მაკარიძესაც მიეცემა, ვინც კლაუს ტოპმიოლერმა 17 წლისა ათამაშა ეროვნულ გუნდში.

"ჩემი საქმეა, კარგად ვითამაშო და სულ ფორმაში ვიყო. საქართველოს ნაკრებში თამაში კი ნებისმიერი ქართველისთვის დიდი პატივია", - ასე ასრულებს მაკარიძე "ლელოსთან" საუბარს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული