ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

სანდრო კობახიძე: "დნიპროში" დაბრუნება არც მე მსურს და კლუბიც თავს არ იკლავს

AutoSharing Option
წელი დასრულდა, ლეგიონერები შინ დაბრუნდნენ და ყველაზე სანატრელი დრო დაუდგათ - მშობლიურ გარემოში ისვენებენ. მაგრამ ბევრი ჩვენი ლეგიონერი ახლაც ვერ არის გულდამშვიდებული: ზოგიერთი ახალი კლუბის ძიებაშია, ბევრიც - გაურკვევლობაში...

ერთ-ერთი მათგანია საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი სანდრო კობახიძე...

ეს ფრანგებს გაუჭირდებათ...
სანდრო კობახიძის ტრანსფერი დნეპროპეტროვსკის "დნიპროს" ეკუთვნის, რომელმაც 27 წლის შუახაზელი იჯარით უკვე მესამე კლუბში გაუშვა: კრივოი როგის "კრივბასისა" და კიევის "დინამოს" შემდეგ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ზაფხულში ლუცკის "ვოლინში" გაანათხოვრეს.

კობახიძეს ახლა იჯარის ვადა დაუსრულდა და ჯერ არ იცის, კარიერას რომელ კლუბში
გააგრძელებს.

მაგრამ შევიტყვეთ, რომ მისით ფრანგული კლუბი დაინტერესდა. ეს ამბავი აღმოსავლეთ ევროპაში ბელგიური სამენეჯერო სააგენტო Vision Foot-ის წარმომადგენელმა ლაშა ჯაკობიამ გაგვიმხილა.

"კობახიძეს საფრანგეთის ლიგა 2-ის გუნდი "აიაჩო" იწვევდა. სანდროსაც დავუკავშირდით და ვუთხარით, რომ ასეთი შეთავაზება ჰქონდა. ძალიან გაუხარდა, მას ევროპაში თამაში სურს და ამბობს, რომ განსაკუთრებულ ხელფასს არ მოითხოვს.

მაგრამ, სამწუხაროდ, ეს გარიგება გამოირიცხა. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ ევროპული კლუბები ახლა საკმაოდ დაბალ ხელფასებს იხდიან, "აიაჩო" კი რანგით მეორე ლიგაში თამაშობს და ცხადია, იმ ოდენობის ხელფასს ვერ შესწვდება, რამდენსაც უკრაინის პრემიერლიგის კლუბი გადაიხდის.

რაც უნდა გაგიკვირდეთ, ომისა და მძიმე მდგომარეობის მიუხედავადაც, უკრაინელები მოთამაშეებს დღესაც საკმაოდ კარგ პირობებს სთავაზობენ. დაბრკოლება მხოლოდ ეს არ არის - "დნიპროც" დიდ ფულს ითხოვს და სანდრო თანახმა რომც იყოს, ფრანგები ტრანსფერს მაინც ვერ გამოისყიდიან", - ამბობს ჯაკობია.

მოლაპარაკება ძნელია
თავად სანდრო კობახიძე კი ამბობს, რომ "ვოლინით" უკმაყოფილო არ არის:

- ეს უკვე მოძველებული თემაა: "დნიპროში" საქმეები ვერ ამეწყო, ძირითადში არ მათამაშებდნენ და იქ სკამზე ჯდომას "ვოლინში" თამაში ვამჯობინე. ამიტომ იჯარით გამიშვეს. სხვათა შორის, "ვოლინში" საკმაოდ ძლიერი გუნდი ჩამოყალიბდა. ბოლო ტურში "მეტალისტთან" რომ მოგვეგო, მე-4 ადგილზე გადავინაცვლებდით, დონეცკის "ოლიმპიკსაც" გადავასწრებდით და თავად "მეტალისტსაც".

- ვიცით, თქვენით სხვა კლუბებიც დაინტერესდნენ. რამდენად რეალურია, "ვოლინი" რომ დატოვოთ?
- ცხადია, "დნიპროს" არ დავუბრუნდები. ეს არც მე მსურს და კლუბიც თავს არ იკლავს. "ვოლინში" კი მენდობიან და მათამაშებენ. ვიცი, რომ დაინტერესებული კლუბები მართლაც არიან, მაგრამ მათ ჯერ "დნიპროსთან" უნდა მოაგვარონ ურთიერთობა და საკმაოდ დიდი ფულიც გადაიხადონ. ეს კი სერიოზული პრობლემაა. როცა კლუბები მიკავშირდებიან და ამ საკითხს შევეხებით ხოლმე, მაშინვე უკან იხევენ.

- საინტერესოა, რა თანხას ითხოვს "დნიპრო"?
- ზუსტად ვერ გეტყვით, ამას კლუბის პრეზიდენტი წყვეტს. იანვრის დასაწყისამდე ვისვენებ, მერე კი იჯარა მიმთავრდება და 12 იანვარს ისევ "დნიპროში" უნდა მივიდე. დაველაპარაკები, რომ "ვოლინში" დამტოვონ. შეიძლება, სხვა გუნდშიც წავიდე.

- რეალური ვარიანტები არ გაქვთ?
- "დნიპროსთან" მოლაპარაკება ადვილი არ არის. მიუხედავად ამისა, უფრო რეალურია იჯარით ისევ უკრაინაში თამაში. თუმცა, ვიმეორებ - ახლა "ვოლინში" დარჩენა მირჩევნია. გუნდითაც კმაყოფილი ვარ და მწვრთნელითაც - ვიტალი კვარციანი კარგადაა ჩემ მიმართ განწყობილი, მშვენიერი ურთიერთობა გვაქვს, ლიდერებს ბევრით არ ჩამოვრჩებით და რატომ წავიდე?

- უკრაინის რამდენიმე კლუბმა ფეხბურთელებთან გაფორმებულ კონტრაქტებს გადახედა და ხელფასები შეუმცირა. ამ მხრივ "ვოლინში" როგორი ვითარებაა?
- ზოგადად, უკრაინაშია სტაბილურად მძიმე ვითარება. სიმართლე გითხრათ, არც მეგონა, ასეთ გარემოში ჩემპიონატის გამართვას და მაღალ დონეზე ჩატარებას თუ შეძლებდნენ, მაგრამ შეძლეს. "ვოლინზეც" იმავეს ვიტყვი.

- საომარი ვითარება ჩემპიონატის დონესაც დაეტყობოდა...
- რა თქმა უნდა! ომის გამო უკრაინაში ლეგიონერები აღარ მოდიან.

ალბათ, ქართველი მწვრთნელი აჯობებს...
- თემურ ქეცბაია წავიდა, ნაკრების მწვრთნელის პოსტი ვაკანტურია. თქვენი აზრით, ქართველი მწვრთნელის დანიშვნა აჯობებს თუ უცხოელის?
- ასე გადაჭრით ვერ ვიტყვი. მთავარია, მწვრთნელი ვინ იქნება, როგორ გამოიყენებს ფეხბურთელთა პოტენციალს და რას შეცვლის, მაგრამ, ალბათ, ქართველის დანიშვნა აჯობებს, რადგან ნაკრებს შესარჩევი ციკლი დასამთავრებელი აქვს და მწვრთნელი ჩვენს გუნდს და ფეხბურთელებს უნდა იცნობდეს.

შესაძლოა, მაღალი დონის უცხოელი ჩამოიყვანონ, მაგრამ მის პლუსებს ჩვენი ფეხბურთის არცოდნა გააბათილებს. ასე ხომ ბევრს მოსვლია.

- ბევრს არარეალური ჰგონია, რომ ნაკრები რომელიმე მწვრთნელმა ბევრად უკეთ აათამაშოს...
- ახალ მწვრთნელს ბევრი სამუშაო არა იმდენად ტაქტიკა-სტრატეგიაზე ექნება, რამდენადაც - ფეხბურთელთა ფსიქოლოგიაზე. იმიტომ, რომ სულ ვაგებდით და ეს თითოეულ ჩვენგანზე აისახებოდა. ქართველისკენ ამიტომ უფრო ვიხრები, ამ პრობლემას კარგი ადგილობრივი სპეციალისტი უფრო მოაგვარებს.

- ნუთუ ფეხბურთელები ფსიქოლოგიურად ასეთ მძიმე მდგომარეობაში ხართ?
- მარტო ფსიქოლოგიურად კი არა, ყველანაირად. გარკვევით ვიტყვი და სწორად გამიგონ: ეს წაგებების გამო მოხდა და არა - ქეცბაიას გამო. იდეალური არც ჩვენი თამაში იყო და არც ბევრი რამ. მაგრამ ვინც რა უნდა თქვას, ნაკრებში ქეცბაიამ ჩამომიყვანა და უმადური ვერ ვიქნები. სამწუხაროდ, ხალხი ჯერჯერობით ვერ გავახარეთ...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"