თუ კახას სურს, ახალ კონტრაქტს გაუფორმებენ

AutoSharing Option
რევაზ ჭოხონელიძე არა მარტო პოსტსაბჭოთა სივრცეში, არამედ ევროპულ ფეხბურთში ცნობილი სახეა. წლების განმავლობაში "მილანში" მუშაობდა და ამ კლუბში კალაძის, შევჩენკოსა და სხვა ფეხბურთელების ტრანსფერისას აზრს სწორედ მას დაეკითხნენ. დღეს იგი კიევის "დინამოს" გენერალური დირექტორია. ფეხბურთში კი ქუთაისის "ტორპედოდან" გამოჩნდა. ამ საინტერესო პიროვნებასთან საუბარი წარსულით დავიწყეთ, მერე კი სხვა საინტერესო თემებსაც შევეხეთ.


- 1970 წლიდან, 6 წელი ქუთაისის "ტორპედოში" ვთამაშობდი. მარცხენა მცველი, გუნდის კაპიტანი ვიყავი. კარგი პერიოდი იყო, ძლიერი გუნდი გვყავდა. წლების განმავლობაში, თბილისის "დინამო" რეგიონებიდან ძლიერდებოდა და ყველაზე დიდ შევსებას
სწორედ "ტორპედოდან" იღებდა. დღესაც ტკბილად მახსენდება ქუთაისში გატარებული წლები. ისევე როგორც თბილისის "დინამოს" დუბლებში. "დინამოს" ბავშვთა სკოლაში ჩემი მწვრთნელები გრიგოლ გაგუა და ომარ უშვერიძე იყვნენ. ფეხბურთელად ჩემს ჩამოყალიბებაში მათ უდიდესი წვლილი მიუძღვით...

- ქუთაისიდან ლენინგრადის "დინამოში" როგორ აღმოჩნდით?
- ლენინგრადის "დინამოს" მთავარი მწვრთნელი ვასილიევი მოსკოვში შემხვდა. მითხრა, თქვენზე ბევრი რამ ვიცით, მარცხენა მცველი გვჭირდება და კარგი იქნება თუ ჩამოხვალო. მაშინ, ქუთაისის "ტორპედოში" გაურკვეველი სიტუაცია იყო და მეც ლენინგრადში გადასვლა გადავწყვიტე და კლუბი შევიცვალე. ლენინგრადის "დინამოს" სასტარტო შემადგენლობაში მალე დავმკვიდრდი და კაპიტნადაც ამირჩიეს.

- "ზენიტი" მთავარ შევსებას სწორედ ლენინგრადის "დინამოდან" იღებდა. თქვენც გქონდათ "ზენიტში" გადასვლის შესაძლებლობა, მაგრამ "დინამოს" ბოლომდე უერთგულეთ...
- ერთი ხანობა "ზენიტს" გერმან ზონინი წვრთნიდა. ინფარქტი მიიღო და კლუბის მესვეურები შორს არ წასულან - ლენინგრადის "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა, იური მოროზოვმა ჩაიბარა "ზენიტი". ახალ კლუბში გადასვლამდე, მოროზოვმა მითხრა, შენ და კიდევ 5 ფეხბურთელი "ზენიტში" უნდა გადაგიყვანოთო. "ზენიტში" გადასვლას ჩემი თანხმობის გარდა წინ არაფერი ედგა. ნაჩქარევად არ მჩვევია სერიოზული ნაბიჯის გადადგმა და დავფიქრდი. თან "დინამოს" ხელმძღვანელობასაც ვუთხარი ამ წინადადების შესახებ. "ზენიტში" 20-30 მანეთით მეტი მექნებოდა ანაზღაურება. ლენინგრადის "დინამომ" შემომთავაზა, ჩვენთან დარჩი და მოთამაშის კარიერის დასრულების შემდეგ, ჩვენს კლუბში დარჩენისა და მუშაობის გარანტიას გაძლევთო. ყველაფერი ავწონ-დავწონე და დარჩენა ვამჯობინე.

- არც შემცდარხართ. საფეხბურთო მოღვაწეობა სწორედ ლენინგრადის "დინამოში" დაიწყეთ...
- 1983 წელს, 31 წლისამ დავამთავრე მოთამაშის კარიერა. ბევრმა მითხრა, ადრეა, ნუ ჩქარობო, მაგრამ ეს გადაწყვეტილებაც ფიქრის შედეგად მივიღე. ფეხბურთელის ამპლუაში ყველაფერი დამტკიცებული მქონდა და მინდოდა მწვრთნელის რანგში მომესინჯა ძალები. იმ დროისათვის, საბჭოთა კავშირის ყველა რესპუბლიკა მწვრთნელთა უმაღლეს სკოლაში თითო კანდიდატს წარადგენდა. კარგად მახსოვს, სომხეთმა 5 კანდიდატურა წარადგინა და თან იქვე დაამატეს, ფეხბურთში ჩავარდნა გვაქვს და დახმარებას გთხოვთო. მე რუსეთის ფედერაციამ და ლენინგრადის "დინამომ" წარმადგინა. ლოვჩევთან, ნიკოლოვთან, იურინთან და სხვებთან ერთად დავამთავრე მწვრთნელთა უმაღლესი სკოლა და ლენინგრადის "დინამოში" დავიწყე მუშაობა. გუნდის მთავარი მწვრთნელი 60 წელს გადაცილებული ბონდარენკო იყო. ახალგაზრდა დამწყებ მწვრთნელისთვის ძნელია 60-ს გადაცილებული სპეციალისტის თანაშემწედ მუშაობა - უმეტეს შემთხვევაში, ასაკოვანი მწვრთნელი ეგოისტი ხდება, მისგან ბევრს ვერ ისწავლი... როგორც იტყვიან, "ხეზე ასვლა შესაძლოა არც გასწავლოს". წელიწად ნახევარი ბონდარენკოსთან ვიმუშავე. მისგანაც ბევრი რამ ავითვისე, მაგრამ მწვრთნელობამ დამაინტერესა და გადავწყვიტე, უფრო საფუძვლიანად დავუფლებოდი ამ საქმეს...

- ... და გულმა კოვერჩანოსკენ გაგიწიათ...
- ჯერ კიდევ მწვრთნელთა უმაღლეს სკოლაში სწავლისას დავინტერესდი იტალიური ფეხბურთით. კოვარჩანოს მწვრთნელთა სკოლა არა მარტო ევროპაში, არამედ მსოფლიოში, დღესაც გამორჩეულია. საბჭოთა კავშირი ყოველთვის ცდილობდა უცხოეთისთვის არ მიებაძა, თუნდაც ფეხბურთში. ტენდენცია ასეთი იყო, ჩვენ საბჭოთა საფეხბურთო სკოლა გვაქვს და სხვა ქვეყნების სკოლებისგან არაფერი გვესწავლებაო. მე კი მინდოდა იტალიური, ჰოლანდიური, ინგლისური, ესპანური სხვა ქვეყნების ფეხბურთისგან ამეთვისებინა ის, რაც მომწონდა და რასაც საჭირო ვთვლიდი. ერთი სიტყვით, მოვახერხე და მოვხვდი კოვერჩანოში, სადაც სრულიად ახალი სამყარო დამხვდა. კოვერჩანოში სხვადასხვა ქვეყნის მწვრთნელთა შეკრება პერიოდულად ტარდებოდა. ამ შეკრებების ერთ-ერთი ორგანიზატორი ლუიჯი ვანტაჯატო იყო. მას უდიდესი წვლილი მიუძღვის ჩემს წინსვლაში. იტალიაში თავიდან ძალზე გამიჭირდა, ძნელია უცხო ქვეყანაში დამკვიდრება, მაგრამ ეს შევძელი და ჩანაფიქრი ავისრულე - იტალიურ ფეხბურთს ჩავწვდი.

- თავდაპირველად მილანის "ინტერში" დაიწყეთ საქმიანობა...
- დიახ, ვანტაჯატოს დახმარებით იტალიურ ფეხბურთში ცნობილი ფიგურები გავიცანი და დავუახლოვდი. ხედავდნენ, რომ სწავლას მოწყურებული ვიყავი და ჩემს მონდომებას და აფასებდნენ. ისეთი ფიგურების გვერდით აღმოვჩნდი, როგორებიც არიან სანდრო მაცოლა, ჯან პიერო მარინი და სხვები. "ინტერში" მცირე ხანს ვიყავი, 1995 წლიდან კი "მილანში" გადავედი.

- "მილანში" რას საქმიანობდით?
- ამ კლუბის ერთ-ერთი პრიორიტეტია, მთელი მსოფლიოს მასშტაბით ახალგაზრდა ტალანტების მოძიება, მათზე დაკვირვება, შესწავლა და საბოლოო გადაწყვეტა, რა სარგებელი შეიძლება მოუტანონ მათ "მილანს". ამ მიმართულებით ვმუშაობდი, აღმოსავლეთ ევროპის რეგიონი ჩამაბარეს... შესაბამისად, ჯერ კიდევ მაშინ დავამყარე ახლო კონტაქტები აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების საფეხბურთო წრეებთან. იმ პერიოდიდან მოყოლებული გამორჩეული კავშირები მქონდა კიევის "დინამოსა" და საერთოდ უკრაინულ საფეხბურთო წრეებთან. ეს ურთიერთობა დღემდე გრძელდება.

- სწორედ მაშინ თქვენი თქვენი ყურადღება მიიქციეს კახა კალაძემ და ანდრე შევჩენკომ, რომლებიც "მილანმა" კიევიდან დაიმატა...
- კიევის "დინამოს" ყოფილ თავკაც ვალერი ლობანოვსკის სურდა გუნდში კალაძე-რებროვი-შევჩენკოს სამეულით ისეთივე ტრიო შეექმნა, როგორიც თავის დროზე ჰოლანდიის ნაკრებში იყო - რაიკაარდი-გულიტი-ვან ბასტენის შემადგენლობით. თუმცა რებროვს გაუჭირდა დამკვიდრება, რადგან მის პოზიციაზე ძლიერი ფეხბურთელები თამაშობდნენ. კალაძე და შევჩენკო კი იოლად დამკვიდრდნენ გუნდში და მოკლე ხანში საკვანძო ფიგურებად ჩამოყალიბდნენ. მათი პროგრესი ჩემპიონთა ლიგაზეც თვალში საცემი იყო, ეს "მილანის" მესვეურებსაც არ გამორჩენიათ და მათი ტრანსფერებიც შედგა. "მილანში" გადასვლისას ბერლუსკონიმ და გალიანიმ კახას უთხრეს - ეს ლეგენდარული გუნდია და აქ ყოველთვის ლეგენდარული ფეხბურთელები თამაშობდნენ. შეგიძლია მათ დონეზე ითამაშო, საამისოდ საკმარისი მონაცემები გაქვს და გამორჩეული უნდა იყოო. კახამ გაამართლა კიდეც ეს იმედები. ამიტომაც ორჯერ გაუხანგრძლივეს კონტრაქტი და უკვე ათი წელია, რაც კალაძე "მილანშია".

- საინტერესოა, შევჩენკოს რა უთხრეს "მილანის" მესვეურებმა?
- ანდრეის უთხრეს, შენ "მილანის" მაისურით "ოქროს ბურთს' მოიგებო და ასეც მოხდა. შევჩენკოს გარდა "მილანიდან" "ოქროს ბურთის" მფლობელები გახდნენ ვან ბასტენი, სავიჩევიჩი, ვეა, კაკა... თამამად შეიძლება ითქვას, რომ "მილანის" მეპატრონედ სილვიო ბერლუსკონის 21-წლიანი პერიოდი წარმატებულია. "როსო ნერიმ"მისი ხელმძღვანელობით ორჯერ ჩემპიონთა ლიგა მოიგო, მოიპოვა იტალიის თასი, საკონტინენთაშორისო თასი, არაერთხელ მოიგო სკუდეტო, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონი გახდა... ბერლუსკონიმ ფეხბურთსა და პოლიტიკაში ევოლუცია მოიტანა და სხვა ქვეყნების პრემიერ-მინისტრებს დაანახვა, რომ წარმატებული, მისაბაძი პიროვნებაა.

- "მილანს" ბოლოსაც შეეძლო სკუდეტოს მოპოვება, მაგრამ ბოლო მომენტში დაკარგა ტიტული, ალბათ ამიტომაც გაუშვეს ლეონარდო...
- ბერლუსკონიმ და გალიანიმ ყველას დაანახეს, რომ ახალგაზრდა წარმატებული სპეციალისტითაც შეუძლიათ მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა. "იუვენტუსს" ჩირო ფერარა წვრთნიდა, მაგრამ ლეონარდოსგან განსხვავებით მას წარმატებები არ ჰქონია. "მილანი" ყოველთვის მაქსიმუმისთვის იბრძვის. ამ კლუბში მეორე ან მესამე ადგილის დაკავებისთვის პრემია არ არის დაწესებული. ლეონარდოს შეეძლო გუნდი ჩემპიონი გაეხადა, მაგრამ მცირედი დააკლდა, საბოლოოდ კი ბრინჯაოს მედლები და ჩემპიონთა ლიგის საგზური მოაპოვებინა. ახლა გუნდს მასიმო ალეგრი წვრთნის. ახალგაზრდა, მაგრამ ჭკვიანი მწვრთნელია. "მილანამდე "კალიარის" წვრთნიდა და წარმატებულად მუშაობდა. "კალიარის" პრეზიდენტი ბოლო მომენტამდე ვერ ელეოდა ალეგრის, ბოლოს დათანხმდა და "მილანმა" "კალიარის" საჯაროდ გადაუხადა მადლობა.

- გასულ სეზონში კალაძეს "მილანში" თამაშმა არ მოუწია, რაზეც სხვადასხვა მიზეზი დასახელდა. რეალურად რა მოხდა?
- "მილანი" ერთი დიდი ოჯახია და მის ყველა წევრს, ყველა ფეხბურთელს დიდ პატივს სცემენ. ამბროზინი 3 წლის განმავლობაში გატანჯა ტრავმებმა, მაგრამ მას ყველა მხარში დაუდგა. ასე იყო კალაძის შემთხვევაშიც, კახას 7-8 თვე გაუცდა ტრავმის გამო. მართალია, გამოჯანმრთელდა, მაგრამ ისევ ტრავმამ შეუშალა ხელი, თორემ მას სრული მხარდაჭერა ჰქონდა კლუბის ხელმძღვანელობისგან. ასე რომ, კახას უთამაშებლობის მიზეზი მხოლოდ ტრავმა იყო. კალაძე უკვე სრულად გამოჯანმრთელდა, ის "მილანისთვის" საკვანძო ფიგურაა და ახალ სეზონშიც დიდ სარგებლობას მოუტანს გუნდს. მას გაისად, ივნისში ეწურება კონტრაქტის ვადა. კახას "მილანში" დიდად აფასებენ და თუ თავად კახას უნდა, კიდევ ერთხელ გაუხანგრძლივებენ კონტრაქტს.

- ამჟამად კიევის "დინამოს" გენერალური დირექტორი ხართ და ამ კლუბში თანამედროვე სისტემის შეცვლაზე მუშაობთ...
- "მილანის" მესვეურებთან დღემდე ახლო ურთიერთობა და კონტაქტები მაკავშირებს. როცა იტალიაში ჩავდივარ, მათ ყოველთვის ვნახულობ. ახლა კიევის "დინამოში" ვსაქმიანობ და პარალელურად მინდა თანამედროვე სტრუქტურა დავნერგო. ამ ახალ სისტემაში, ყველა რგოლის მოთამაშეს, ცალ-ცალკე ჰყავს ფიზმომზადების მწვრთნელი. თანამედროვე ფეხბურთში, ფიზიკური კონდიციები, გამძლეობა, ფეხბურთელის აგებულება, მუსკულატური სისტება გადამწყვეტია. ამ მიმართულებით უკვე საგრძნობი პროგრესი გვაქვს, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი.

- ვიცით, რომ ფედერაციის პრეზიდენტად მუშაობისას მერაბ ჟორდანიასთან გქონდათ შეხვედრა. საინტერესოა, ქართულ ფეხბურთზე რა წარმოდგენს გაქვთ?
- სხვათა შორის, ფედერაციის თვკაცობისას ჟორდანია საკმაოდ აქტიურობდა, უნდოდა თანამედროვე ფეხბურთის სტრუქტურები საქართველოშიც დაენერგა. მასთან ადრე არაერთხელ მისაუბრია... რაც შეეხება ქართულ ფეხბურთს, აქ ძალზე ბევრია სამუშაო. მისახედია საფეხბურთო ინფრასტრუქტურა, კლუბები, ეროვნული ჩემპიონატი, ბავშვთა ფეხბურთი, სამწვრთნელო განათლება. ამ პრობლემების მოგვარებას მხოლოდ ფედერაცია ვერ გასწვდება და სახელმწიფო მხარში უნდა დაუდგეს.



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული