ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

საბა კვირკველია: თბილისში ჩამომწერეს, ფეხბურთელად არ ივარგებ, სხვა საქმე მონახეო

AutoSharing Option
საქართველოს 2014 წლის საუკეთესო ფეხბურთელმა საბა (სოლომონ) კვირკველიამ რუსულ championat.com-ს ვრცელი ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა. ყაზანის "რუბინის" მცველი დღეს პოპულარული არამხოლოდ საქართველოშია - საბას პროგრესს რუსებიც კარგად ხედავენ, აღიარებენ და მისი გადაბირებით არაერთი იქაური ტოპ-კლუბიცაა დაინტერესებული. სხვა რომ არაფერი, ჩვენი ჩრდილოელი მეზობლები აქამდე წუწუნებენ, რომ ფაბიო კაპელოს მოწონებულ ფეხბურთელს თავიანთი ნაკრების ფორმა ვერაფრით ჩააცვეს.

22 წლის ფეხბურთელის გზა ია-ვარდით მოფენილი სულაც არ ყოფილა. თურქულ შეკრებაზე მყოფი საბა კი რუს ჟურნალისტს, სხვასთან ერთად, გულახდილად უყვება იმის შესახებ, თუ როგორ ჩამოწერეს თავის დროზე,
როგორც ფეხბურთელი, საქართველოში. საბა ასევ იხსენებს, როგორ თქვა მასზე უარი "ზენიტმა" და როგორ წარიმართა მისი კარიერა ყაზანურ კლუბში...

ინტერვიუს უმნიშვნელო ცვლილებით გთავაზობთ:

თბილისსა და სანკტ-პეტერბურგში დაწუნებული
- ფეხბურთმა როდის გაგიტაცათ?
- მამაჩემი ფეხბურთის დიდი გულშემატკივარია, დედაჩემს კი სურდა, მესწავლა. თუმცა მე მაინც ბურთის გორაობა ვამჯობინე. საქართველოში ძალიან ბევრი ფეხბურთელია, მაგრამ პროფესიონალად ყველა ვერ ყალიბდება. ეს, ალბათ, ბედიცაა, ჩემს შემთხვევაში კი ყველაფერზე გავლენა ერთ ადამიანთან ნაცნობობამაც იქონია, რომელიც მხარში მედგა და მიდგას მთელი კარიერის განმავლობაში. ეს პიროვნება წარსულში ცნობილი ქართველი ფეხბურთელი, დღეს კი ჩემი აგენტი რევაზ ჩელებაძეა.

- და მშობლები თქვენი არჩევანის გამო არ კამათობდნენ?
- არა, რადგან ვიცავდი რეჟიმს და მართლა ვვარჯიშობდი. სახლში კი, სადაც ბავშვობა გავატარე, ბურთი N1 სათამაშო იყო. შესაბამისად, დედაც ბედს შეურიგდა. მეტიც, შემდეგ უკვე ის უფრო მეხმარებოდა, ვიდრე მამა. "სოლომონ, მთავარი ფეხბურთია", - მეუბნებოდა ის და ყოველთვის მამხნევებდა. საერთოდაც, დედასთან განსაკუთრებული ურთიერთობა მაქვს, მასთან ყველაფერზე შემიძლია საუბარი. საუკეთესო მეგობრებივით ვართ!

- გაიხსენებთ იმ ეპიზოდს, როდესაც მშობლების მხარდაჭერა განსაკუთრებით გჭირდებოდათ?
- 15 წლისა სამტრედიიდან თბილისში გავემგზავრე, რათა ბედი ერთ-ერთ დედაქალაქურ გუნდში მეცადა. თუმცა იქ რამდენიმე ვარჯიშის ჩატარებისა და ჩემზე დაკვირვების შემდეგ გამომიცხადეს: "როგორც ფეხბურთელი, არ ვარგიხარ და ვერასდროს შეძლებ მაღალ დონეზე თამაშს. გიჯობს, სხვა საქმე მონახო".

ამან გამანადგურა. შინ დავბრუნდი. დედას ვუთხარი, რომ აღარასდროს ვითამაშებდი ფეხბურთს, მაგრამ მან გადამაფიქრებინა. მითხრა: "არაფერია, შვილო, ასეთია ცხოვრება. და თუკი ერთგან კარი დაგიხურეს, სხვაგან გაგიღებენ". ეს სიტყვები სამუდამოდ დამამახსოვრდა.

- მგონია, რომ როდესაც ეს ადამიანები თქვენს ინტერვიუს გაეცნობიან, მიხვდებიან, როგორი შეცდომა დაუშვეს. ასეთი ფეხბურთელის ხელიდან გაშვება? მარტო ანთროპომეტრული მონაცემები რად ღირს - სიმაღლე 190 სმ!
- ვერ გამიგია, ყველგან რატომ წერენ ჩემს სიმაღლესა და წონას შეცდომით?! კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ სიმაღლე 196 სმ მაქვს და 87 კგ-ს ვიწონი და არა - 75-ს.

- "ზენიტის" სკოლაში სათანადოდ შეგაფასეს?
- როდესაც რუსეთში ჩავედი, რუსული ერთი სიტყვაც არ ვიცოდი. ძალიან დამეხმარა დუბლების მწვრთნელი ანატოლი დავიდოვი. ჩემი მშობლიური ენა არც მას ესმოდა, მაგრამ სამაგიეროდ, ხვდებოდა, რისკენ ვისწრაფვოდი და ყოველთვის მენდობოდა. მინდა, თქვენი მეშვეობით კიდევ ერთხელ გადავუხადო მას მადლობა!

პიტერში ნახევარი წელი გავატარე, მაგრამ "ზენიტმა" თავის რიგებში ჩემი ხილვა არ მოინდომა. მადლობა ღმერთს, 2011/12 წლების დაწყების წინ მიწვევა "რუბისგან" მივიღე.

ავტოგოლი არ ყოფილა - ეს შეცდომაა!
- ყაზანში თქვენმა კარიერამ მნიშვნელოვანი აღმასვლა განიცადა და უკვე 2011 წლის 22 ივნისს, "რუბინის" შემადგენლობაში პირველი სადებიუტო მატჩიც ჩაატარეთ. ვნებათაღელვისგან მუხლები არ გიკანკალებდათ?
- როგორც მახსოვს, ყურბან ბერდიევმა თავისთან მიხმო და მითხრა, რომ "ტერეკთან" მათამაშებდა. არანაირი გამოცდილება არ მქონდა, მაგრამ სურვილით კი ვიწვოდი. არაფრის მეშინოდა, უბრალოდ, ვხედავდი მიზანს და ვისწრაფვოდი მისკენ.

ღმერთიც მწყალობდა იმ რვა მატჩში, რომელიც იმ სეზონში ჩავატარე - სულ სამი ბურთი გავუშვით. თავიდან "რუბინთან" ექვსთვიანი კონტრაქტი გავაფორმეთ, მაგრამ სეზონის დასრულების შემდეგ შეთანხმება სამი წლამდე გავზარდეთ.

- არაფრის გეშინოდათ? თქვენ უშიშარი ადამიანი ხართ!
- ჰო, შეიძლება (იცინის).

- თქვენ პარაშუტითაც იქნებით გადმომხტარი...
- კი, ერთხელ 800 მეტრიდან გადმოვხტი. 4 ათასიდან ინსტრუქტორთან ერთად ნახტომი - ის არაა, რადგან შენ არაფერს აკონტროლებ, აი, 800-იდან კი სულ სხვაა - რგოლიც თავად უნდა გამოჰკრა და მიწაზეც სათანადოდ დაეშვა.

- არც იმ ცნობილი ეპიზოდის დროს გეშინოდათ, როდესაც ბურთზე თქვენ ვარდნას "ლიონთან" ჩემპიონთა ლიგის მატჩში ავტოგოლი მოჰყვა?
- (გაცხარებით) არავითარი ავტოგოლი არ ყოფილა - ეს შეცდომაა! ავტოგოლია, როდესაც მეტოქის დარტყმის შემდეგ საჯარიმოში ბურთს ფეხს ცუდად დაუხვედრებ და საკუთარ კარში ჩაჭრი. მე კი მეტოქეს ბურთზე კუთხურის ალმის მონაკვეთში ჩავუწექი. შემთხვევით ისე მოხდა, რომ ბურთმა კარამდე 20 მეტრი იფრინა.

საერთოდ კი, მსოფლიო ფეხბურთის ბევრ ვარსკვლავს ასევე გაუტანია ავტოგოლი. ავიღოთ თუნდაც ჯონ ტერი. ეს ფეხბურთია, ჩვენ კი ცოცხალი ადამიანები ვართ და არა - რობოტები. ხომ არ გვაქვს ჯოისტიკი, როგორც ეს PlayStation-ში ან Xbox-შია?!

- მოდით, მაშინ უფრო სასიამოვნოზე ვილაპარაკოთ. "რუბინში" თქვენი პირველი გოლი კარგად გახსოვთ?
- დიახ, "ამკართან" ვაგებდით და 84-ე წუთზე ანგარიში გავათანაბრე. ლამაზი გოლი გამოვიდა. ნატხომ კუთხური მოაწოდა, სადღაც 11-მეტრიანის ნიშნულთან ავხტი და თავი დავკარი. მიყვარს გატანა და მინდა, უფრო ხშირად გავამწარო ხოლმე მეტოქეები.

ჩქარა, უკან ყაზანში!
- 2012-ის "ცივმა ზაფხულმა" გული დაგწყვიტათ?
- ვიცოდი, რომ გუნდში ბევრი ვარსკვლავი მცველი იყო - ბოკეტი, ნავასი, შარონოვი. შემდეგ მარკანოც დაგვემატა. სათამაშო პრაქტიკის გარეშე დავრჩი და ამიტომ თავად მივმართე ბერდიევს თხოვნით, იჯარით გავეშვი. ვიცოდი, რომ "ნეფრეხიმიკში" ასე ბევრს უშვებდნენ.

- ყაზანის შემდეგ ნიჟნეკამსკი, ალბათ, ყრუ სოფლად მოგეჩვენათ...
- რა თქმა უნდა, ის ყაზანს არ ჰგავს - პატარა, პროვინციური ქალაქია, მაგრამ - კარგი. თანაც, იქ "რუბინის" სხვა ფეხბურთელებიც გამოდიოდნენ: პორტნიაგინი, ნასტერენკო, უსტინოვი. პლუს ამას, ერთ ბინაში ვცხოვრობდი კიდევ ერთ ქართველთან, გიორგი ჯანელიძესთან ერთად. ასე რომ, მარტოობით არ მომიწყენია.

- პორტნიაგინი იქ აჩვენებდა კლასს?
- პორტნოი (ფეხბურთელის მეტსახელი), უბრალოდ, გადასარევად თამაშობდა. მაშინ იგორმა 16 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი გააკეთა. ის გუნდის ნახევარი იყო. პორტნიაგინი ახლაც მაგარია.

- პირველ ლიგაში როგორი ფეხბურთია?
- რომ იცოდეთ, იქ საკმაოდ კარგი დონის ფეხბურთს თამაშობენ. ასეთს არ ველოდი. კლასი, რა თქმა უნდა, დაბალია, ვიდრე უმაღლეს დივიზიონში, მაგრამ იოლად არაფერი მიიღწევა. იქ საკმაოდ ბევრი გამოცდილი ფეხბურთელი თამაშობს, პლუს - პრემიერლიგის გუნდებიდან იჯარით გაშვებულები. პირველ ლიგაში, სულ ცოტა, ექვსი-შვიდი კარგი გუნდია.

- როდის შეიტყვეთ, რომ "რუბინს" მალევე დაუბრუნდებოდით?
- "ნეფტეხიმიკმა" პირველი წრე მესამე ადგილზე დაასრულა, მე კი ყველა მატჩი სრულად ჩავატარე. ბერდიევმა შეამჩნია, რომ კარგ ფორმაში ვიყავი და მაშინვე შემატყობინეს - ჩქარა, უკან ყაზანში!

- ნომრების გამოცვლაზე რა მოხდა?
- "რუბინში" 67-ნომრიანი მაისურით ვთამაშობდი, ხოლო, როდესაც ნიჟნეკამსკიდან დავბრუნდი, ის უკვე დაკავებული აღმოჩნდა. ავირჩიე 62, ხოლო ობაფემიუ მარტინსის წასვლის შემდეგ, როდესაც 5 ნომერი გამოთავისუფლდა, ეს უკანასკნელი დავისაკუთრე, ძირითადთან უფრო ახლო რომ ვყოფილიყავი (იცინის).

პურმარილს ყაზანში ვიკისრებ
- ისე გამოვიდა, რომ ძირითადის საგზურით ბურლაკმა უზრუნველგყოთ, რომელიც ახლა "რუბინი-2"-შია.  ტარასს შემადგენლობაში ადგილს, ალბათ, ნამდვილად აღარ დაუთმობთ...
- ტარა ძალიან კარგი ადამიანი და ფეხბურთელია. მაშინ ისე მოხდა, რომ "დინამოსთან" მატჩის შემდეგ მან ტრავმა მიიღო და მოედანზე მისი ადგილი მე დავიკავე. აი, ვინ ითამაშებს მომავალში, ეს უკვე მწვრთნელმა გადაწყვიტოს. არ მიყვარს "მე-მეს" ძახილი. დაე, სხვამ თქვას, ვინ უკეთესია, მე კი, უბრალოდ, ვითამაშებ.

- "რუბინში" ადგილის დამკვიდრებასთან ერთად, ნაკრებშიც მიგიწვიეს. ვინ დატოვა თქვენზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება იმათგან, ვის წინააღმდეგაც გითამაშიათ?
- ლევანდოვსკიმ. არაჩვეულებრივი ფორვარდია, ნამდვილი მანქანა. კაცმა რომ თქვას, ისეთივე, როგორიც მთელი "ბაიერნი"...

- ნაკრებში პარტნიორებიდან რომელიმე არის თქვენთვის ავტორიტეტი?
- არა, გუნდში ყველანი თანასწორნი ვართ.

- თქვენ საქართველოს 2014 წლის საუკეთესო ფეხბურთელად და ლეგიონერად დაგასახელეს. გაგიკვირდათ?
- სიმართლე გითხრათ, ამ ორიდან ერთ-ერთს მოველოდი. რაც უნდა იყოს, კარგი გუნდის ძირითადში მუდმივად ვთამაშობდი. ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან სამშობლოში აღიარება ჩემთვის მნიშვნელოვანია. თუმცა, აქვე აღვნიშნავ ჩემს კონკურენტებსაც, რომლებიც ასევე იმსახურებენ ქებას - თორნიკე ოქრიაშვილსა და ჯაბა კანკავას.

- ოლეგ კუზმინი გეკითხებათ: "როდის აპირებს საბა ამ წარმატების დასველებას"?
- მართლა ასე მკითხა (იცინის)?! 2 მარტს თასზე გასვლითი მატჩი გვაქვს "ლოკომოტივთან", შემდეგ კი ყაზანში აუცილებლად შევკრიბავ ბიჭებს და რესტორანში წავიყვან. არა მგონია, აქ, შეკრებაზე (ანტალიაში) ვინმეს ჰქონდეს აღნიშვნის თავი და სურვილი. აქ თავდაუზოგავად ვვარჯიშობთ.

"სპარტაკს" 1-ელ ტურში 0:4-ისთვის სამაგიერო მივუზღეთ
- ცოტა ხნის წინ კუზმინმა თქვა, "რუბინში" ოჯახური გარემო სუფევსო. მართალია?
- როდესაც პირველად ჩავედი ყაზანში და ვნახე, როგორი ურთიერთობა იყო თანაგუნდელებს შორის, მაშინვე გამიჩნდა სურვილი, გავმხდარიყავი ამ გუნდის ნაწილი. ცუდი ადამიანი აქ ვერ გაჩერდება. "რუბინი" მართლა ერთი ოჯახია.

ხშირად ვიკრიბებით ოჯახებით, მივდივართ რესტორანში ან ერთმანეთთან სტუმრად. ყველას ვუსურვებ ასეთ კოლექტივში მოხვედრას.

- ამაში რა დამსახურება მიუძღვის გუნდის თავკაც რინატ ბილიალეტდინოვს?
- ძალიან დიდი. პირველ რიგში, ის პროფესიონალია, ძალიან მომთხოვნია და თუკი ხედავს, რომ ვიღაც სათანადოდ არ ირჯება, უმალ პირში ეტყვის. მეორე მხრივ, ის ფეხბურთელების მეგობარია. მასთან ნებისმიერ პრობლემაზე შეიძლება საუბარი და ისიც ყოველთვის მზადაა, რჩევით დაგეხმაროს. ის არც იუმორთანაა მწყრალად - თავადაც ხუმრობს და სხვებსაც არ უშლის ამას.

მადლობელი ვარ მწვრთნელის, რომ მენდობა. ამის შედეგია, რომ საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელი გავხდი. ამ წარმატებას ვუზიარებ მას და ყურბან ბერდიევს.

- "რუბინში" მოსვლის შემდეგ ბილიალეტდინოვმა თქვა, რომ გუნდს შემტევი სტილით თამაშს მიაჩვევდა. რაში გამოიხატება ეს?
- ფეხბურთი არა მხოლოდ შეტევა, დაცვაცაა. როდესაც ახალი მწვრთნელი მოვიდა, პირველი ამოცანა შეტევაში თამაშის დალაგება იყო. მთავარია, რგოლებს შორის არ იყოს წყვეტა. ამასთან, თითოეული მოთამაშე უნდა შრომობდეს როგორც წინ, ისე უკან.

რაც შეეხება შეკითხვას, აი, მაგალითს მოგიყვანთ - "ყუბანთან" მატჩში კარში 29-ჯერ დავარტყით. უწინ "რუბინის" თამაშში ასეთი აგრესია არ იყო.

- ჩემპიონატის სტარტზე ისე ჩანდა, რომ ამის გამო გუნდის დაცვა დაზარალდა. საკმარისია, 1-ლი ტურის მატჩი გავიხსენოთ, რომელიც "სპარტაკთან" 0:4 წააგეთ...
- 0:1-ზე მეკარესთან პირისპირ გასულ აზმუნს რომ შეეგდო, შესაძლოა, ყველაფერი სხვაგვარად ყოფილიყო. სამაგიეროდ, სათასო შეხვედრაში ვიყარეთ "სპარტაკზე" ჯავრი. ასეთია ფეხბურთი - დღეს აგებ, ხვალ იგებ.

- და მაინც, პირველ მატჩებში გუნდი დაძაბული ჩანდა...
- მიზეზი გასაგებია - მოვიდა ახალი მთავარი მწვრთნელი, ახალი ხედვითა და ტაქტიკით. ძნელია, ყველაფერი ერთბაშად მოაწესრიგო, დროა საჭირო. რაც მთავარია, ახლა ყველაფერი რიგზეა, ყველამ იცის თავისი საქმე შეტევისა თუ თავდაცვის დროს.

"რუბინში" ბედნიერი ვარ!
- ვისაუბროთ მიმდინარე შეკრებაზე. თურქეთში ბილიალეტდინოვმა გუნდს მომზადების დრაკონული ფორმატი შეუდგინა: დღეში სამჯერადი ვარჯიში + სატრენაჟორო დარბაზი. მსგავსი რამ გინახავთ სადმე?
- არასდროს. განსაკუთრებით, ქვიშაზე ვარჯიშია ძნელი... სამაგიეროდ, შემდეგ მოედანზე მთელი 90 წუთი დაფრინავ და არ იღლები. შეკრებაზე კი ყოველთვის ჭირს. სიარიჩს (რინატ ბილიალეტდინოვი) სხვებზე უკეთ სურს გუნდის მომზადება. ის ხედავს, რა შეგვიძლია და ამიტომაც დაგვინიშნა სამჯერადი ვარჯიშები.

- როგორ ფიქრობთ, რას მიაღწევს ჩემპიონატის მეორე წრეში "რუბინი"?
- პირველ წრეში, სულ ცოტა, ექვსი ქულა დავკარგეთ, ბურთებს კი სულ ბოლო წუთებზე ვუშვებდით. თუკი ამ ხარვეზს გამოვასწორებთ, ყველაფერი კარგად იქნება. მგონია, რომ ამ შემთხვევაში ვერცერთი გუნდი იგრძნობს თავს ჩვენთან ფავორიტად - ვერც "ზენიტი", ვერც ცსკა და ვერც "დინამო".

- ჰო, მართლა - "დინამოზე" უნდა გკითხოთ. გაიგეთ თქვენ მიმართ მოსკოველთა ინტერესის შესახებ? თუ ასეა, მზად ხართ, რომ ახალ დონეზე გამოსცადოთ თავი და გადაბარგდეთ მოსკოვში?
- რა თქმა უნდა, გავიგე, თუმცა ამ კლუბიდან ჩემთვის პირადად არავის მოუმართავს. რა თქმა უნდა, სასიამოვნოა, რომ ჩემით მოსკოვური კლუბები ინტერესდებიან, მაგრამ "რუბინში" ბედნიერი ვარ. წინასწარ კი არაფერზე მინდა ვილაპარაკო, სანამ ოფიციალური წინადადება არ იქნება.

- ბოლოს კი სამი ექსპრეს-შეკითხვა: რამოსი, პიკე თუ, ვთქვათ, გოდინი?
- დღეს მსოფლიოში საუკეთესო ცენტრალური მცველი, ულაპარაკოდ, სერხიო რამოსია.

- ჩახოხბილი თუ საცივი?
- საუკეთესო კერძი ხინკალია, ღორის ხორცით! ყაზანში ერთი კარგი რესტორანი ვიცი...

- ღვინო, ლუდი თუ წვენი?
- ვისკი "კოლასთან", ოღონდ ძალიან, ძალიან ცოტა, ისიც ახალ წელს ან დაბადების დღეზე.