ოთარ მარცვალაძე: იქნებ 2018 წლის მუნდიალზე მეც ვითამაშო

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და "ვოლგას" თავდამსხმელი ოთარ მარცვალაძე გასული სეზონის 33 მატჩში გატანილი 21 გოლით პირველი დივიზიონის საუკეთესო ბომბარდირი გახდა და საგანგებო პრიზიც დაიმსახურა. ის კლუბის საუკეთესო მოთამაშედაც დაასახელეს.

"ვოლგას" ვებგვერდზე ოთარის ვრცელი ინტერვიუ გამოქვეყნდა, რომელიც ჩვენი მკითხველისთვისაც საინტერესო უნდა იყოს.

- პირველი დივიზიონიდან პრემიერლიგამდე გზა ორ გუნდში განვლეთ - ჯერ "ანჟიში", შემდეგ კი "ვოლგაში". რა სხვაობა და მსგავსებაა ამ ორ გზას შორის?
- შეიძლება ითქვას, რომ ორივე გუნდმა თითქმ
ის ერთნაირი გზა გაიარა. მადლობა ღმერთს, რომ ორივემ შეძლო პრემიერლიგაში აღზევება. სხვაობა ის არის, რომ "ანჟი" მუდმივად ლიდერების სამეულში იყო. "ვოლგამ" კი მძიმედ დაიწყო ჩემპიონატი და დანაკარგის გამო, ათი ტურის შემდეგ, მე-14 ადგილზე ვიყავით. შესაბამისად, ცხრილის სათავეში მოქცევა ძალზე ძნელი იყო. თუმცა ორმაგად სასიამოვნო იყო, როცა ეს შევძელით და პრემიერლიგაში გადავედით.

- ბევრი აღიშნავს, რომ პირველ დივიზიონში თამაშის მეორე სეზონი პირველზე უკეთ ჩაატარეთ. ამ აზრს იზიარებთ?
- დიახ, ასე იყო. 2009 წელს სრულფასოვნად მხოლოდ მეორე წრე ვითამაშე. გასულ სეზონში კი "ვოლგაში" პირველიდან ბოლო მატჩის ჩათვლით ვითამაშე. ამიტომაც ბოლომდე გავიხსენი და სრულად წარმოვაჩინე ჩემი პოტენციალი.

- "ანჟიში" ბევრი ქართველი იყავით და ეს ზოგს არ მოსწონდა. საბოლოოდ სწორედ ქართველობის გამო დატოვეთ მახაჭყალა. ნიჟნი ნოვგოროდში თუ შეგაწუხათ ამ პრობლემამ?
- არა, "ვოლგაში" თამაშისას არანაირი პრობლემა არ მქონია.

- გასული სეზონის შუაწელს გუნდი ომარ თეთრაძემ ჩაიბარა. მასზე რა აზრის ხართ?
- მისმა საქმიანობამ გუნდს დიდი სარგებლობა რომ მოუტანა, შედეგებიდანაც ჩანს. თავად განსაჯეთ, თეთრაძემ "ვოლგა" რომ ჩაიბარა, გუნდი მე-13 ადგილზე იყო. მან ძლიერი შემადგენლობა შეკრიბა და "ანჟის" შემდეგ მეორე გუნდი გადაიყვანა პრემიერლიგაში.

- თეთრაძესთან ჯერ კიდევ "ანჟიში" მუშაობდით. მისგან რა ისწავლეთ?
- ის მაღალი დონის ფეხბურთელი იყო და ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად მწვრთნელობაშიც საკმაო გამოცდილება შეიძინა. მისგან არაერთი საფეხურთო კომპონენტი ვისწავლე. ის არა მარტო კვალიფიციური მწვრთნელი, არამედ კარგი პიროვნებაა და მისგან მოედნის მიღმაც ბევრს ისწავლი. თეთრაძესთან "ვოლგამდეც" ვმუშაობდი, მას კარგად ვიცნობ და თავიდანვე ვიგრძენი, რომ ამ მომენტმა პასუხისმგებლობა გამიორმაგა.

შესაბამისად, ყველა თამაშში მეტად და მეტად ვინდომებდი. მეც მჯეროდა, რომ მეტი შეგვეძლო. ფეხბურთში რწმენას ძალიან მნიშვნელოვნად მივიჩნევ, თუ არ გწამს, ისე ძნელია დიდი მიზნებისთვის ბრძოლა.

რწმენასთან ერთად გუნდში აუცილებელია დისციპლინა. ბევრის აზრით თეთრაძე დემოკრატი მწვრთნელია. თუმცა ჩვენს გუნდში დისციპლინა უმაღლეს დონეზეა.

- ტრავმების გამო კიევში კარიერა არ აგეწყოთ. ასეთ დროს ამბობენ, ფეხბურთელს იღბალმა ზურგი აქციაო. გაუთავებელი ტრავმების დროს ზოგი მოთამაშე მორწმუნე ხდება და ხშირად დადის ეკლესიაში.
- ეკლესიაში მეც ხშირად დავდივარ და შემიძლია გითხრათ, რომ მორწმუნე ადამიანი ვარ. ბერის ცხოვრებით ვერ ვცხოვრობ, მაგრამ ჩემთვის რწმენა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია ცხოვრებაში. კიევში გატარებულ პერიოდს რომ ვიხსენებ, ვრწმუნდები, რომ წარუმატებლობის მიზეზი ჩემი ცხოვრების მაშინდელი წესი იყო. მას მერე ასაკი მომემატა და ახლა სხვაგვარად ვცხოვრობ. "ვოლგაშიც" პროფესიულად მივუდექი საქმეს და როგორც ხედავთ, შედეგიც მოვიმკე.

- ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან, ლატვიისა და უკრაინის გარდა, ვერ ცერთმა ითამაშა ევროპის ან მსოფლიოს ჩემპიონატზე. როგორ ფიქრობთ, სხვა ქვეყნების ნაკრებებმა ეს რატომ ვერ შეძლეს?
- ეს რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის არასაფეხბურთოზეც.

საქართველოს მაგალითით რომ ვიმსჯელოთ, ალბათ ჯერ კიდევ არ გვყავს იმ დონის გუნდი, ასეთი მაღალი მიზნისთვის რეალურად რომ ვიბრძოლოთ. ჩვენი ნაკრების ფეხბურთელები სათითაოდ რომ ავიღოთ, ყველას მაღალ დონეზე უთამაშიათ და გამოცდილია, მაგრამ ნაკრებს შესაბამისი შედეგი არ ჰქონია. თუნდაც უკრაინის ნაკრების დონის გუნდი არ გვყავს ჯერ. თუმცა 2010 წელს საქართველოს ნაკრების შედეგებს რომ გადავხედოთ, დიდი იმედი მაქვს, რომ ვითარება უკეთესობისკენ შეიცვლება.

დღეისთვის ქართულ ფეხბურთში არ არის ის პირობები, რაც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებშია. თუმცა საქართველო საფეხბურთო ტრადიციების ქვეყანაა და იმედი მაქვს, სიტუაცია გამოსწორდება.

- რა შანსი გაქვთ საიმისოდ, რომ ეროვნული ნაკრების მთავარი ფორვარდი გახდეთ?
- ვფიქრობ, ყველაფერი ჩემზეა დამოკიდებული. ახალ სეზონში პრემიერლიგაში მომიწევს თამაში. შესაბამისად, შანსი მეძლევა, უფრო კარგად წარმოვაჩინო ჩემი შესაძლებლობები.

თუ ასე მოხდა, მჯერა, ნაკრებშიც მექნება შანსი, რომელიც უნდა გამოვიყენო.

- ვის მიიჩნევთ საუკეთესო ქართველ ფეხბურთელად?
- საუკეთესოდ ყოველთვის შოთა არველაძეს ვთვლიდი. ის ქართველი ფორვარდის ჩინებული მაგალითია. დღეისთვის, დიდი პერსპექტივის მქონე არაერთი ახალგაზრდა ფეხბურთელი გვყავს, მაგრამ, ჩემი აზრით, არველაძის მასშტაბისა ჯერ არ არიან. ამიტომ ახლაც შოთას მივიჩნევ ქართულ ფეხბურთში საუკეთესოდ.

- შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ თავდამსხმელი მარცვალაძე პირველი დივიზიონის დონეს აღემატება?
- საკუთარ თავზე ლაპარაკი არ მჩვევია. ჩემი აზრით, პირველი დივიზიონის საუკეთესო ფეხბურთელებზე ბევრით გამორჩეული არ ვიყავი.

- პირველი დივიზიონის ვარსკვლავად ვის მიიჩნევთ?
- გოჩა ხოჯავას. ასევე ძალიან მომწონს გოგნიევის თამაშიც. თუმცა პირველ დივიზიონში სხვა არაერთი გამორჩეული ფეხბურთელიც იყო.

- ვისაც კარიერაში შეხვედრიხართ, რომელმა ფეხბურთელმა განგაცვიფრათ ყველაზე მეტად?
- მხოლოდ ერთს ვერ გამოვყოფ. როგორც ფეხბურთელმა, ჩემზე დიდი შთაბეჭდილება დროგბამ მოახდინა. ევროპის ქვეყნების ნაკრებებს თუ ავიღებთ, თავის დროზე ტოტიმ გამაოცა.

- გასულ სეზონში ყველაზე მნიშვნელოვნად რომელ გოლს მიიჩნევთ?
- ერთს ვერ გამოვარჩევ. ძალიან მინდოდა, გოგნიევისთვის გადამესწრო და ლიგის საუკეთესო ბომბარდირი გავმხდარიყავი.

- გოლი, რომელიც არასოდეს დაგავიწყდებათ.
- "ანჟიში" თამაშისას "სიბირს" მატჩის მიწურულს, 1:1-ზე 93-ე წუთზე "დავასაჩუქრე" გოლით "ჩერნომორეცი". მართალი გითხრათ, ჩემი ყველა გოლი მახსოვს, ისინიც კი რომელიც საქართველოში თამაშისას გავიტანე.

- კარიერის დასაწყისში ისრაელში თამაშობდით. რუსეთის შემეგ რომელი ქვეყნის ჩემპიონატში ისურვებდით ძალების მოსინჯვას?
- ჩემთვის ყველაზე გამორჩეული ესპანეთის ჩემპიონატია და ამ ლიგაში თამაშს ვისურვებდი.

- 2018 წელს რუსეთი მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლებს. ნიჟნი ნოვგოროდი მასპინძელი ქალაქების კანდიდატთა შორისაა.
- ნიჟნი ნოვგოროდი დიდებული ქალაქია, თანამედროვე სტადიონი აკლია და მუნდიალსაც უმასპინძლებს. იქნებ ღმერთმა ინებოს და მეც ვითამაშო ამ მუნდიალზე. რატომაც არა?

- ომარ თეთრაძემ სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაგასახელათ. "ვოლგაში" ამ ტიტულს ვის მიანიჭებდით?
- გოჩა ხოჯავას დავასახელებდი, მან მეორე წრეში დიდი სარგებლობა მოუტანა გუნდს.

- "ვოლგაში" ქართული დიასპორა შეიკრიბა. ვინაა მისი არაფორმალური ლიდერი?
- ვერავის გამოვყოფდი.

- ვის გარეშე ვერ წარმოგიდგენიათ "ვოლგა"?
- ქართველების გარეშე.

- გასულ სეზონში პირველ დივიზიონში ითამაშეთ, მაგრამ ალბათ პრემიერლიგასაც ადევნებდით თვალს. რომელი გუნდი მოგეწონათ?
- ყველაზე მეტად "ზენიტი", ჩინებული ფეხბურთი აჩვენა.

- რომელი გუნდის კარის დალაშქვრა გინდათ ყველაზე უფრო?
- განსაკუთრებით გრანდებს მინდა გავუტანო. რა თქმა უნდა, "ანჟისთან" ჩემი თამაშიც პრინციპული იქნება.



.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული