ლეგიონის უქმეები: გურამ კაშიას გოლი, აკაკი ხუბუტიას დებიუტი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გურამ კაშიამ ჰოლანდიურ ერედივიზიეში თავისი მე-11 გოლი გაიტანა, ხოლო საბერძნეთში აკაკი ხუბუტიას დებიუტი შედგა...

* * *
ჰოლანდიაში "ვიტესი" აშკარა კრიზისშია, "ჰეერენვენთან" 1:4 წაგების შემდეგ არნემული გუნდი ერედივიზიეში მე-12 ადგილზეა.

გურამ კაშიამ და ვაკო ყაზაიშვილმა 90-90 წუთი ითამაშეს. 77-ე წუთზე პრესტიჟის გოლი სწორედ "ვიტესის" ქართველმა კაპიტანმა კაშიამ გაიტანა. ეს მისი პირველი გოლია ამ სეზონში, სულ კი - მე-11 ჰოლანდიის ჩემპიონატში. ჩვენებურმა გოლი თავით გაიტანა.

გურამ კაშიამ მატჩის შემდეგ თქვა:

"სეზონში არის თამაში, როცა არაფერი გამოგდის, თუმცა ეს, რა თქმა უნდა, არ
გვამართლებს. ყველამ, ვინც დღეს ვითამაშეთ, პასუხისმგებლობა ამ მარცხზე საკუთარ თავზე უნდა ავიღოთ. თამაში სწორედ ჩვენ წავაგეთ და არა მწვრთნელმა. დავუშვით ბევრი შეცდომა, მოკლედ, საშინლად ვითამაშეთ. ძალიან ბევრი ორთაბრძოლა წავაგეთ, ალბათ, 80-90%. საერთო ჯამში, ძალიან უფერული თამაში გვქონდა".

* * *
23 იანვარს ბელგიურ ჟუპილერლიგაში ქართველთა "გენკმა" "მუსკრონს" 2:0 მოუგო და მნიშვნელოვნად გაიუმჯობესა სატურნირო მდგომარეობა.

"კრისტალ არენაზე" ალექს მაკლიშმა გუნდი 4-3-3 სქემით ათამაშა, სადაც თორნიკე ოქრიაშვილი მარცხენა ფორვარდი იყო. ჩვენებური 84-ე წუთზე შეცვალეს, ლუკა ზარანდია კი სათადარიგო სკამზე დარჩა.

ოქრიაშვილი აქტიური იყო და მეორე გოლში მონაწილეობაც მიიღო - მან მოაწოდა კუთხური. ბურთი თავით უოლშმა შორეულ ძელთან გადაგზავნა, სადაც დე კეულარმა იყოჩაღა.

* * *
ირაკლი შეყილაძის "ლატინა" "კროტონეს" ეწვია, უშუალო კონკურენტთან 1:2 წააგო და 21 ქულით ბოლო ადგილზე ჩაეშვა სერია B-ს ცხრილში. ქართველი ფორვარდი მატჩის განაცხადში არ ყოფილა.

* * *
ბერძნულ სუპერლიგაში აკაკი ხუბუტიას დებიუტი ვიხილეთ - "კერკირამ" 4:0 გაანადგურა "ვერია" და გამარჯვებულთა რიგებში 88-ე წუთზე გამოჩნდა ქართველი მცველი. ბუნებრივია, ამ ხნის განმავლობაში ის ბევრს ვერაფერს მოასწრებდა. "კერკირა" 25 ქულით მე-10 ადგილზეა.

სამაგიეროდ, ცუდ დღეშია ოფი. რაც მას ქულები დააკლეს, ქართველთა გუნდი 14 ქულით მე-16 ადგილზეა. კრეტელებმა შინ ვერაფერი გააწყვეს ლიდერ "ოლიმპიაკოსთან" და სამი უპასუხო გოლი გაუშვეს.

გიორგი ლორიამ და გიორგი მერებაშვილმა (გაფრთხილება) შეუცვლელად ითამაშეს. მარცხის მიუხედავად, მერებაშვილის თამაში ბერძნულ პრესაში დადებითად შეაფასეს.

* * *
თურქეთში შოთა არველაძის "ქასიმფაშა" 0:3 დამარცხდა ლიდერ "ფენერბაჰჩესთან". დირკ კუიტმა დუბლი შეასრულა ქართველი მწვრთნელის გუნდის კარში.

* * *
მართალია, ლუკა კიკაბიძის დებიუტი "ბასტიაში" უკვე შედგა, მაგრამ საფრანგეთის ჩემპიონატში მას ჯერ არ უთამაშია. "ბასტია" 0:0 დაუზავდა "ბორდოს", ჩვენებური კი მატჩის განაცხადში არ ყოფილა.

* * *
არ უთამაშია არც ავთო ებრალიძეს. მისმა "ჟილ ვისენტემ" სტუმრად 2:2 ითამაშა "გიმარაეშთან" პორტუგალიის პირველობაზე, რაც მოულოდნელი შედეგია. ავთო აუტსაიდერთა განაცხადშიც არ იყო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული