ლევან სილაგაძე: ლორია და მერებაშვილი კარგ კლუბებში გადავლენ!

AutoSharing Option
არახალია, რომ საბერძნეთის სუპერლიგის ბინადარ კრეტის ოფი-ში არსებული ფინანსური კრიზისის გამო გიორგი ლორია და გიორგი მერებაშვილი კლუბს სეზონის ბოლოს დატოვებენ.

თბილისის "დინამოდან" წასულმა დუეტმა თავი არც საბერძნეთში შეირცხვინა. ლორია საბერძნეთის სუპერლიგის პირველი წრის საუკეთესო მეკარედ დაასახელეს, მერებაშვილმა კი კრეტელთა ძირითად შემადგენლობაში გაიკაფა გზა და გუნდის ერთ-ერთ საკვანძო ფიგურად იქცა.

შევიტყვეთ, რომ ოფი-ს მესვეურებთან მოსალაპარაკებლად საბერძნეთში საქართველოს ნაკრების ყოფილი მცველი, ცოტა ხნის წინ გორის "დილას" ერთ-ერთი ხელმძღვანელი ლევან სილაგაძე იმყოფებოდა. ქართველი მოთამაშეების მენეჯერმა გვითხრა:

Sportall.Ge"ჩვენებს ოფი-სთან ორწლიანი ხელშეკრულებები აკავშირებთ, მაგრამ კლუბს
ფინანსურად გაუჭირდა და ამის გამო შევთანხმდით, რომ ლორია და მერებაშვილი სეზონის დასრულების შემდეგ კრეტას დაბრკოლების გარეშე დატოვებენ", - ამბობს სილაგაძე.

მისივე თქმით, ქართველ ფეხბურთელებს საბერძნეთში ახალი კლუბის მოძებნა არ უნდა გაუჭირდეთ:

"მიუხედავად იმისა, რომ ლორიამ და მერებაშვილმა საბერძნეთის სუპერლიგაში მცირე დრო დაჰყვეს, თავის გამოჩენა მაინც მოახერხეს. მათ უკვე კარგად იცნობენ ამ ქვეყანაში და მიმაჩნია, რომ ზაფხულში ახალ კლუბში უპრობლემოდ გადავლენ".

"ლელო" წერდა, რომ ლორიათი ბერძნული ფეხბურთის გრანდი, პირეოსის "ოლიმპიაკოსი", ხოლო მერებაშვილით ქვეყნის კიდევ ერთი პოპულარული კლუბი, სალონიკის პაოკ-ი დაინტერესდა:

"ცხადია, მათ ტრანსფერებზე მუშაობა უკვე დაწყებულია. კონკრეტული მოლაპარაკებები ჯერ არ დაწყებულა, თუმცა საკმაოდ მაღალ დონეზე ჩატარებული პირველი წრის შემდეგ ლორიათი და მერებაშვილით რამდენიმე კლუბი მართლაც დაინტერესდა.

დარწმუნებული ვარ, ზაფხულში მათ არა მხოლოდ საბერძნეთის, არამედ ევროპის სხვა ქვეყნების უფრო ძლიერ გუნდში გადასვლაც არ გაუჭირდებათ".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ნეწ ვასიუკი
jora
16:11 27-01-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული