მოსკოვის "ლოკომოტივს" ჯანო ანანიძის გამოსყიდვა სურს, მოლაპარაკება დაიწყო

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის "სპარტაკის" 22 წლის ნახევარმცველით, ჯანო ანანიძით რუსეთის დედაქალაქის მეორე კლუბი, "ლოკომოტივია" დაინტერესებული.

ამის შესახებ გაზეთი "იზვესტია" იტყობინება, რომლის ცნობით, "რკინიგზელებისა" და ფეხბურთელის წარმომადგენლებმა წინასწარი მოლაპარაკებები უკვე გამართეს.

ცნობისთვის, მოსკოვის "ლოკომოტივს" ამჟამად მიოდრაგ ბოჟოვიჩი წვრთნის, ვინც ჯანოსთან ერთად "როსტოვში" შარშან რუსეთის თასი მოიგო...

"იზვესტია" "ლოკომოტივში" ანანიძის შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით სტატიას აქვეყნებს, რომელსაც ქვემოთ გთავაზობთ:

მოსკოვის "ლოკომოტივი" ჯანო ანანიძესთან თათბირობს
- ქართველი ნახევარმცველი "ლოკომოტივში", შესაძლოა, უკვე ამ ზამთარს გადაბარგდეს. "რკინიგზელები" აპირებენ, გამოისყიდონ ჯანო და შემდეგ ის სეზონის ბოლომდე იჯარით
"როსტოვში" გაუშვან.

თავის მხრივ, "სპარტაკის" ხელმძღვანელობა წინააღმდეგი არაა, ამ სატრანსფერო ფანჯრის დროსვე შეელიოს ფეხბურთელს, ოღონდ - საიჯარო ხელშეკრულებით. ანანიძის მომავალთან დაკავშირებით, "წითელ-თეთრების" საბოლოო პოზიცია მაშინ გაირკვევა, როდესაც "სპარტაკი" ჯანოს მსურველი კლუბისგან ოფიციალურ წინადადებას მიიღებს.

მიმდინარე ჩემპიონატის საშემოდგომო ნაწილში ანანიძემ ვერ შეძლო "სპარტაკის" ძირითადში დამკვიდრება. მეტიც, სექტემბრის ბოლოს ფეხბურთელი დუბლებში გაუშვეს იმის გამო, რომ შორეულ აღმოსავლეთში გასამართ სათასო მატჩზე გაფრენა არ ისურვა. ამ ამბიდან ერთი თვის შემდეგ ანანიძე მთავარ გუნდში კი დააბრუნეს, თუმცა მხოლოდ სავარჯიშოდ - ჯანოს არცერთ მატჩში უთამაშია.

"სპარტაკის" ვეტერანი ვალერი კეჩინოვი მიიჩნევს, რომ მოსკოვური გუნდის შემადგენლობაში ქართველი ფეხბურთელის პერსპექტივას ხაზი სწორედ იმ ინციდენტმა გადაუსვა.

"ჯანო ნიჭიერი ფეხბურთელია, რომელსაც შეუძლია მრავალფეროვნება რუსეთის ჩემპიონატის, პრაქტიკულად, ნებისმიერი გუნდის შეტევის ხაზს შესძინოს, - ამბობს კეჩინოვი. - ვისურვებდი, რომ ჯანო კვლავაც "სპარტაკში" აგრძელებდეს თამაშს.

მაგრამ, როგორც ჩანს, მურატ იაკინის ტაქტიკურ სქემაში ის ვერ ჯდება. შესაბამისად, ანანიძეც ალბათ, კლუბის შეცვლაზე სერიოზულად ფიქრობს.

თუკი ძირითადში დამკვიდრების შანსი მაინც არ ექნება, ვერ ვხედავ აზრს, რატომ უნდა დარჩეს ის მოსკოვის "სპარტაკში". არა მგონია, ვითარება ჩემპიონატის საგაზაფხულო ნაწილში შეიცვალოს".

არადა, გასული სეზონი ჯანოს კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. მას შემდეგ, რაც "სპარტაკის" ძირითადში გამოსვლის გარანტია ვერ მიიღო, ახალგაზრდა ქართველმა ნახევარმცველმა "როსტოვში" ერთი წლით იჯარით თამაში გადაწყვიტა, სადაც მასთან ერთად "სპარტაკიდან" არტიომ ძიუბაც გადავიდა.

ეს ნაბიჯი ჯანოსთვის წარმატებული გამოდგა. მან 22 მატჩი ჩაატარა ქვეყნის ჩემპიონატში, გაიტანა 3 გოლი და მიითვალა 7 საგოლე პასი. "როსტოვთან" ერთად, ანანიძემ დიდ ფეხბურთში პირველი ჯილდოც მოიგო - გახდა რუსეთის თასის გამარჯვებული.

იჯარის ვადის გასვლის შემდეგ ანანიძე "სპარტაკს" დაუბრუნდა. მიმდინარე სეზონში მან 7 მატჩში ითამაშა, 3-ჯერ სასტარტოში და 4-ჯერ შეცვლაზე შევიდა. გოლი არ გაუტანია.

ჯანო ანანიძეს მოსკოვის "სპარტაკთან" მოქმედი კონტრაქტი 2017 წლამდე აკავშირებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული