გრიგლავამ რუსულ საიტ championat.com ინტერვიუ მისცა, სადაც აღნიშნა, რომ ის "სუფთაა" და ეს ყველაფერი მას მოუწყვეს.
- უწინ არასდროს მისაუბრია "ანჟისთან" ჩემი ურთიერთობის დეტალებზე, მიუხედავად იმისა, რომ სათქმელი მქონია. მაგრამ ახლა საქამე იქამდე მივიდა, რომ უბრალოდ არ შემიძლია გავჩუმდე.
-
- "ანჟის" დღევანდელ განცხადებას სხვას ვერაფერს ვუწოდებ, თუ არა სასაცილოს. ამბობენ, თითქოს ჯერ კიდევ 15 იანვარს აღმომაჩნდა რაღაც. თითქოს, სისხლის ანალიზში... არადა, ანალიზების ჩაბარებიდან 4-5 დღის შემდეგ გუნდის ექიმი ამბობდა, რომ ყველა ფეხბურთელი სუფთა იყო და არავითარი პრობლემა არ არსებობდა.
მაგრამ მოგვიანებით ნაცნობებმა დამიწყეს გაფრთხილება: "გია, ფრთხილად იყავი. ადამიანები ყველაფერზე წამსვლელები არიან". მე კი თავდაჯერებული ვიყავი. არც ვეწევი და არც ვსვამ, რომ აღარაფერი ვთქვათ სხვა უფრო სერიოზულ საშუალებებზე.
გაფრთხილებიდან ერთ დღეში შემოწმება დაიწყეს. ვვარჯიში გვქონდა, როდესაც გენდირექტორი მოვიდა. თავისთან უხმო მეორე გუნდის მწვრთნელს და უთხრა: "ახლა ფეხბურთელები გასახდელში შევლენ და შარდის ანალიზს ჩააბარებენ".
ის წავიდა. მწვრთნელები, რამდენადაც მახსოვს, გასახდელში არ ყოფილან, შემოწმება კი იმ დონის იყო, თავი ვაგზალზე მეგონა. მათ, ვინც პროცედურებს ატარებდნენ, საჭირო ინვენტარიც არ ჰქონდათ და შარდს მასაჟისტის მოცემული ჩაის ჭიქებით ვაბარებდით!
ტესტებზე უარი არ მითქვამს. თუმცა კი მეცინებოდა: "ეს რა ჭიქებია? ეს ყველაფერი სასაცილოა".
ანალიზი ერთერთმა ბოლომ ჩავაბარე. ბიჭების უმეტესობის ანალიზები გადაღვარეს, ტესტერები კი გადაყარეს, ჩემი კი შეინახეს. ვკითხე: "ექიმო, დამიბრუნეთ ტესტერი, თქვენ ხომ ყველასას ყრით!". ექიმმა თავიდან მომიშორა: გაიარე, ეს შენ არ გეხებაო. ამ ყველაფერს მთელი გუნდი დამიდასტურებს.
შემდეგ მითხრეს, რომ გავყოლოდი, რაზეც მივუგე: "არა, თქვენთან ერთად მე არსად წამოვალ. ვხვდები, რომ რაღაცას ურევთ და ამიტომ, თუნდაც დღესვე მზად ვარ, მოსკოვში გავემგზავრო და იქ ჩავაბარო ყველანაირი ანალიზი. მზად ვარ სიცრუის დეტექტორზეც კი გავიდე. ცხოვრებაში აკრძალული არაფერი გამისინჯავს - გინდ ბოლო ხუთ წელიწადში, გინდ ათსა და ოცში..."
მათ მიპასუხეს: "რას ამბობ, რა მოსკოვი? სანამ იქ ჩავალთ, სამ-ოთხ დღეში ორგანიზმი ხომ ისედაც გაგეწმინდება, თუ მართლა რამეს იღებდი?"
ამაზე მივუგე: "ჯერ ერთი, არც არაფერი მიმიღია. მეორეც, მზად ვარ გამოკვლევისთვის, ოღონდ არა - თქვენთან. საეჭვო ხალხი მგონიხართ და არ გენდობით. საერთოდ, საიდან მოხვედით?"
ერთ-ერთმა ბიჭმა მიპასუხა: "თქვენი კლუბის გენდირექტორმა დაგვირეკა და მოსვლა გთხოვა".
მას შემდეგ, რაც გაყოლაზე უარი ვუთხარი, წავიდნენ. ჩემი თანაგუნდელები მაშინვე მიხვდნენ, რომ მათ მხოლოდ მე ვჭირდებოდი. ყველაფერი თეთრი ძაფით იყო ნაკერი...
- "ანჟიში" ამბობენ, რომ ამის შემდეგ გაუჩინარდით და არც ტელეფონს პასუხობდით.
- არსად დავმალულვარ. მეორე დღესაც ვარჯიშზე ვიყავი და მომდევნო დღესაც. ჩემთან არავინ მოსულა. ტელეფონი კი 24 საათის განმავლობაში ჩართული მქონდა. ისინი, ვინც მიცნობენ, მხარდაჭერას მიცხადებდნენ. ყველა ხვდება, რომ ეს ყველაფერი "დადგმული" იყო.
- და, მიზანი რა იყო?
- ყველა პრობლემა "ანჟისთან" ჩემს შრომით ხელშეკრულებას უკავშირდება. კონტრაქტის პირობების გაუარესებაზე არ ვთანხმდები და ამის გამო გამიშვეს მეორე გუნდშიც. შემდეგ ჩემთვის დამატებითი წნეხი მოიფიქრეს, მაგრამ პრობლემა არ შემქმნია - დავრბივარ. როგორც ჩანს, დაიღალნენ ჩემი დევნით და მიხვდნენ, რომ ეს უშედეგო იყო.
- შემდეგ რა მოიმოქმედეთ?
- მოსკოვში გავემგზავრე ანალიზების ჩასაბარებლად, თუმცა იქ არავინ მაგზავნიდა. შემთხვევით თვითმფრინავში კლუბის გენდირექტორს გადავეყარე. რომ დამინახა, შოკში ჩავარდა. მკითხა: "რატომ მიფრინავ?" გაფრენამდე ხუთი წუთიღა რჩებოდა. და სწორედ მაშინ, "ანჟის" საიტზე გაჩნდა კიდეც ის ინფორმაცია...
ვიმეორებ, მზად ვარ ნებისმიერი ანალიზისა და სიცრუის დეტექტორისთვის. მაგრამ სხვები თუ არიან ამისთვის მზად?
არც ვიცი, საიდან შეიძლებოდა ჩემს ორგანიზმში რამე მოხვედრილიყო - ჰაერიდან, საკვებიდან თუ წყლიდან? მათ ეს კარგად იციან, რადგან დროის 90 პროცენტს "ანჟი-არენაზე" ვატარებდი, სულ იქ ვსადილობდი.
ბოლო დროს კი "ანჟის" ტერიტორიაზე კვებაზეც უარი ვთქვი, ამისთვის სხვა ადგილებში დავდივარ. არც ჩემს ოთახში ვრჩები - აზრს ვერ ვხედავ. ადამიანები პირში მიღიმოდნენ და თურმე აქ ისეთი რამეები ხდება...
ახლა მხოლოდ ვარჯიშზე ვცხადდები, მის დასრულების შემდეგ კი უმალ ვტოვებ ბაზას.
- მახაჭყალაში ტესტირების გავლაზე უარი რატომ თქვით?
- იმიტომ, რომ ადგილობრივ სისტემას არ ვენდობი... დასამალი რამე რომ მქონოდა, როგორ ფიქრობთ, მოსკოვში გავფრინდებოდი?
დღეს იქ ყველა ანალიზი ჩავაბარე. ამ ტესტებით ნათლად გამოჩნდება, ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში რას ვიღებდი. ამას კი არ გავაკეთებდი, საკუთარ თავში დარწმუნებული რომ არ ვიყო.
ვერ გამიგია, რას ფიქრობდნენ ისინი, ვინც ეს ფარსი დაგეგმა. ამბავი მთელ ქვეყანას მოსდეს და ნარკომანადაც კი გამომიყვანეს! ვერცკი ვიხსენებ, ფეხბურთში ყოფილა სადმე მსგავსი შემთხვევა?
- როდის იქნება მოსკოვური ანალიზების პასუხები?
- დაახლეობით 10 თებერვალს.
- თითქოს, იანვარში თქვენ "ამკარში" უნდა გადასულიყავით. აქამდე რატომ არ გადახვედით?
- პირობებზე ვერ შევთანხმდით. თუმცა ჯერ კიდევ შეიძლება მოლაპარაკება, სანამ სატრანსფერო ფანჯარა დაიხურება. მაგრამ ახლა ყველაზე მთავარი ისაა, როგორ დასრულდება ჩემთვის ეს ისტორია.