ჯანო ანანიძეს "სპარტაკში" ბოლო შანსი მისცეს - მისი ტრანსფერი იაკინმა დაბლოკა

AutoSharing Option
ფოტოზე: თურქეთისკენ მგზავრობისას ჯანო მსოფლიო ლიტერატურის შედევრებს ეცნობოდა

მოსკოვის "სპარტაკის" მთავარმა მწვრთნელმა მურატ იაკინმა კლუბის ხელმძღვანელობას მიმართა თხოვნით, უახლოეს ორ კვირაში არც გაყიდოს და არც იჯარით დათმოს გუნდის 22 წლის ქართველი ნახევარმცველი ჯანო ანანიძე.

რუსული გაზეთის "იზვესტიას" ცნობით, შვეიცარიელი სპეციალისტი ამით ჯანოს თავის გამოჩენის ბოლო შანსს აძლევს.

როგორც გამოცემა წერს, ახლა იაკინი აპირებს, ყურადღებით დააკვირდეს ქართველის გარჯას გუნდის მეორე, თურქეთში მიმდინარე საწვრთნელ შეკრებაზე, რომელიც 22 თებერვლამდე გასტანს. თუ ამ პერიოდში ჯანო თავის სარგებლიანობას დაამტკიცებს, მაშინ რუსეთის ჩემპიონატის მეორე ნაწილში "სპარტაკის"
სამწვრთნელო შტაბისგან სათამაშო პრაქტიკა არ მოაკლდება.

წინააღმდეგ შემთხვევაში კი, მურატ იაკინი მის სხვა კლუბში გასხვისებას წინ აღარ დაუდგება.

Sportall.Ge
ფოტოზე: მურატ იაკინი ქართველს თურქეთში განსაკუთრებით დააკვირდება

"თურმე შვეიცარიელ სპეციალისტს ქართველ ჰავბეკზე გული მას შემდეგ მოუბრუნდა, რაც ესპანურ მარბელაში, 21 იანვრიდან 1-ელ თებერვლამდე გამართულ პირველ შეკრებაზე მისი თავდადებული გარჯა ნახა. სწორედ ჯანოს მონდომებამ გადააწყვეტინა იაკინს, ფეხბურთელისთვის კიდევ ერთი შანსი მიეცა.

ამასთან, მოსკოველთა ახალგაზრდა ქართველით რუსეთის პრემიერლიგაში ერთბაშად რამდენიმე კლუბია დაინტერესებული. "სპარტაკმა" უკვე მიიღო რამდენიმე კლუბისგან ჯანოს იჯარის თაობაზე ოფიციალური მოთხოვნა, მოსკოვის "ლოკომოტივმა" კი სულაც სრულფასოვანი ტრანსფერის განხორციელება მოინდომა", - წერს "იზვესტია".

საბოლოოდ კი, "სპარტაკის" ხელმძღვანელობამ, რომელიც ჯანოს გასხვისებით ფინანსური მდგომარეობის მცირედით მაინც გაუმჯობესებას იმედოვნებდა, იაკინის თხოვნა ყურად მაინც იღო და ანანიძის ტრანსფერის განხილვას, მინიმუმ, ორი კვირით შეეშვა.

Sportall.Ge
ფოტოზე: ახლა ყველაფერი ჯანოს ხელშია

ამ ამბავს მოსკოვის "სპარტაკის" ყოფილი ფეხბურთელი იური კოვტუნი გამოეხმაურა, რომელიც მიიჩნევს, რომ ახლა ანანიძემ მაქსიმუმი უნდა გააკეთოს, რომ გუნდში ადგილი დაიმკვიდროს:

"ჯანო უნიჭიერესი ფეხბურთელია, უდიდესი პოტენციალით. დარწმუნებული ვარ, მას შეუძლია რუსეთის პრემიერლიგის ნებისმიერი გუნდისთვის იყოს სასარგებლო, მათ შორის "სპარტაკისთვისაც". მაგრამ ფეხბურთელს გარკვეული პრობლემები დისციპლინასთან დაკავშირებით აქვს, რაც თავისი ქცევით რამდენჯერმე დაამტკიცა. ეს კი ჯანოს ძალიან უშლის ხელს "სპარტაკში" დამკვიდრებაში.

თუკი ქართველი ნახევარმცველს მართლაც სურს "სპარტაკში" დარჩენა, ძალიან უნდა მოინდომოს, რათა სამწვრთნელო შტაბს დაუმტკიცოს, რომ პროფესიონალია და კლუბისთვის სარგებლის მოტანა შეუძლია. მით უმეტეს, რომ ჯანოს უკვე ჰქონდა იაკინთან დისციპლინასთან დაკავშირებით პრობლემები".
მკითხველის კომენტარები / 6 /
მიდი ჯანო და დაამტკიცე ეხლა რო მართლა მაგარი ხარ, და დაადუმე პუბლიკა როგორც რუსეტში ისე საქართველოში, აბა შენ იცი,მარტო ერთი თხოვნა მექნება ტრენაჟორებზე ვარჯის უმატე ცოტა..წარმატებები!
0
ჯანო გაგვახარე ქართველი გულშემატკივრები, ასახელე საქართველო რუსეთში
გიო
16:04 08-02-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული