გოგიტა გოგუა ახალი გუნდით კმაყოფილია

AutoSharing Option
ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა გოგიტა გოგუამ ზამთრის სატრანსფერო პერიოდისას გუნდი შეიცვალა - ნალჩიკის "სპარტაკიდან" პრემიერლიგის დებიუტანტ ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგაში" გადავიდა. გოგუა ახალ გუნდში ვარჯიშს უკვე შეუდგა. მასთან ინტერვიუ რუსულმა ვებგვერდმა sportbox.ru-მ გამოაქვეყნა, რომელსაც მცირედი შემოკლებით გთავაზობთ.

- "ვოლგას" გარდა სხვა კლუბებიც გეპატიჟებოდნენ. თქვენი არჩევანი რით არის განპირობებული?
- "ვოლგასთან" წინადადება ნოემბრის ბოლოს მივიღე. მართალი გითხრათ, ბევრი არ მიფიქრია. მით უმეტეს, გუნდის მთავარ მწვრთნელ ომარ თეთრაძეს დიდი ხანია ვიცნობ, მაშინ გავიცანი, როცა "სატურნში" ვთამაშობდი და ერთმანეთთან თბილი ურთიერთობა გვაკავშირებს.

ერთი სიტყვით, "ვოლგადან"
კარგი წინადადება მივიღე. ნალჩიკის "სპარტაკთან" წლის ბოლოს მიმთავრდებოდა კონტრაქტი. ასე რომ, ხელისშემშლელი ფაქტორი არ ყოფილა და გადავწყვიტე "ვოლგაში" გადავსულიყავი. პრემიერლიგის დებიუტანტ გუნდში გადასვლა ჩემთვის ერთგვარი გამოწვევაა. ნალჩიკში ხუთი წელიწადი გავატარე და გარემოს შეცვლა მინდოდა.

- "ვოლგაში" გადასვლა ფინანსურად რამდენად გამართლებული იყო?
- ვფიქრობ, ნალჩიკის "სპარტაკი" პრემიერლიგაში ყველაზე ღარიბი კლუბია. "ვოლგაში" ჩემს ყოფილ კლუბზე უკეთესი ფინანსური პირობებია.

- ახალ გუნდში უკვე ივარჯიშეთ. რა აზრის ხართ?
- მართალი გითხრათ, იოლი ნამდვილად არ ყოფილა. დიდხანს, თითქმის თვენახევრის განმავლობაში მომიწია დასვენებამ. ასეთი შესვენების შემდეგ, პირველივე ვარჯიშზე დიდი დატვირთვა მოგვცეს და რთული იყო. თუმცა ახალი გუნდით კმაყოფილი ვარ. მჯერა, ეს დიდი დატვირთვა და მძიმე ვარჯიშები სასურველ შედეგს მოგვიტანს.

- ახალ სეზონში "ვოლგა" რა მიზნისთვის იბრძოლებს?
- ამაზე ჯერ ლაპარაკი არ ყოფილა. გასულ სეზონში ნალჩიკის "სპარტაკს" სეზონის წინ მიზანი არ დაუსახავს. უბრალოდ, გავდიოდით მოედანზე და ყველა მატჩში ბოლომდე ვიბრძოდით სასურველი შედეგისთვის. ყველა დამეთანხმება, რომ ჩინებული შედეგი ვაჩვენეთ. ჩემპიონატის დაწყებამდე ვერავინ იფიქრებდა, რომ ევროსაგზურისთვის ვიბრძოლებდით.

- თქვენი გუნდის ყოფილმა თავკაცმა იური კრასნოჟანმა მოსკოვის "ლოკომოტივი" ჩაიბარა...
- მართალი გითხრათ, კრასნოჟანი "ლოკომოტივში" ვერ წარმომიდგენია. ვფიქრობ ეს მწვრთნელი ნალჩიკის "სპარტაკისთვის" ზედგამოჭრილი იყო. იმის განსჯას ნამდვილად არ დავიწყებ, აეწყობა თუ არა მას საქმე რკინიგზელთა კლუბში. დრო ყველაფერს გვიჩვენებს.





.





მკითხველის კომენტარები / 1 /
წამატებებს გისურვებ ქართველო კარგო კაცო ვოლგაშიც, ნაკრებშიც და ცხოვრებაშიც!!! პირადად არ გიცნობ, მაგრამ შენი თამაში ყველაპერზე მეტყველებს... დაე გმერთი იყოს შენი და ყველა ქა რთველის მფარველი. როგორი ქართველიც ხარ ისე გაგიმარჯოს

zhilina
16:30 10-01-2011
0

სიახლეები პოპულარული