კახა კალაძე: კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ მაღალ დონეზე თამაში შეგვიძლია

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების კაპიტანმა კახა კალაძემ ახალი წელიწადი რიხიანად დაიწყო. მას ტრავმის გამო საკმაო ხანი გაუცდა, ბოლოს 24 ნოემბერს "ვიჩენცასთან" მატჩში ვიხილეთ.

იძულებითი პაუზის შემდეგ კალაძემ "ჯენოას" რიგებში მეორე ადგილზე მყოფ
"ლაციოსთან" მატჩში შთამბეჭდავად ითამაშა. კახა სასტარტო შემადგენლობაში იყო და შეხვედრა (რომელიც 0:0 დასრულდა) ჩაამთავრა. იტალიურმა ვებგვერდებმა calciomercatonews.com-მა, ilgiornale.it-მა და სხვა საიტებმა ქართველი მცველის თამაში 7 ბალით შეაფასა. ვებგვერდმა goal.com.it-მა კალაძე ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა. ამ საიტის ტურის 11 რჩეულს შორის მოხვდნენ: მუსლერა (ლაციო)
- ასტორი (კალიარი), კალაძე (ჯენოა), ბოვო (პალერმო) - სანჩესი (უდინეზე), მოტა (ინტერი), შტრასერი (მილანი), ჯოვინკო (პარმა) - მიკოლი (პალერმო), ოკაკა (ბარი), ვუჩინიჩი (რომა).

"კალაძემ "ჯენოაში" ყველაზე დასამახსოვრებელი მატჩი ჩაატარა. თანაც, ტრავმის შემდეგ პირველად ითამაშა. დაცვაში საიმედო იყო და "ლაციოს" თავდამსხმელებს სერჯიო ფლოკარისა და მაურო ზარატეს, სათანადოდ გაუმკლავდა", - წერს ჩვენი ნაკრების მცველზე goal.com.it-ი.

თავად კახამ კი pianetgenoa1893.net-თან კომენტარში აღნიშნა: "მხოლოდ მე კი არა, მთელმა გუნდმა კარგად ითამაშა წლის პირველი მატჩი. ჩვენი გუნდი მეორე ტაიმში გაცილებით უკეთ გამოიყურებოდა. კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ მაღალ დონეზე თამაში შეგვიძლია და მომდევნო მატჩები შედეგიანად უნდა ჩავატაროთ".

გუშინ "ჯენოა" "ჩეზენას" სტუმრად ეთამაშა. კალაძემ ამ მატჩშიც 90 წუთით ითამაშა, ეს შეხვედრაც 0:0 დასრულდა.



.



მკითხველის კომენტარები / 2 /
ეგრე გააგრძელე კახუჩ
intereli
10:41 10-01-2011
0
კალა ჩვენ გვჯერა შენიიიიიი......
meko
15:35 10-01-2011
0

სიახლეები პოპულარული