გიორგი ფოფხაძე: წესით, "იაგელონიაში" ჩემი დაბრუნება შაბათს უნდა შედგეს

AutoSharing Option
მალტასა და გერმანიასთან სათამაშოდ ეროვნულ ნაკრებში პოლონური "იაგელონიას" კიდევ ერთი ქართველი - გიორგი ფოფხაძეცაა გამოძახებული.

28 წლის მცველის კარიერაში ახლა მნიშვნელოვანი ამბები ხდება - ის ოფიციალურად ჩაირიცხა კლუბში, სადაც ცოტა ხნის წინათ ირჯებოდა, მიიღო ახალი სათამაშო ნომერი (77) და დებიუტს ელოდება.

"საქართველოს ნაკრებში გამოძახებამ უზომოდ გამახარა. მკითხეს კიდეც აქ ჩემმა თანაგუნდელებმა - რა ხდება, რა ფრთაშესხმული დადიხარო?.. თავისთავად, ნაკრები ყველა ფეხბურთელის ოცნების მწვერვალია და ჩემს კარიერაში პირველ ადგილზე ყოველთვის საქართველოს ეროვნული გუნდი იყო, არის და იქნება", - გვითხრა ფოფხაძემ, რომელსაც
პოლონეთში შევეხმიანეთ.

საინტერესოა, რას ფიქრობს ის უახლოეს ორ სანაკრებო შეხვედრაზე:

"გერმანიასთან თამაში ყველა ფეხბურთელისთვის უდიდესი გამოწვევაა. ჩვენ ერთი შეგვიძლია, რომ გავიდეთ მინდორზე და რაც შეგვიძლია და იმაზე მეტიც დავდოთ. დანარჩენი თამაშისას გამოჩნდება.

რაც შეეხება მალტას, დღეს მოდუნება არც ერთ გუნდთან არ შეიძლება. ფეხბურთის თამაში ყველამ ისწავლა და ისიც გვახსოვს, მალტამ როგორ დააკარგვინა ქულები სოფიაში ფავორიტ ბულგარეთს".

როგორც შევიტყვეთ, ფოფხაძემ უკვე აიღო ახალი სათამაშო ნომერი. ადრე "იაგელონაში" მას 7-ნომრიანი მაისურა ეცვა, ახლა კი ერთი შვიდიც "დაუმატა":

"77-ნომრიანი მაისურა ავიღე, რადგან 7-ნომრიანი დაკავებული დამხვდა. იმედია, ორი შვიდიანით ორჯერ უკეთ ვითამაშებ. ეს, რა თქმა უნდა, ნახევრად ხუმრობით".

ფოფხაძის თქმით, მთავარ პოლონურ ლიგაში მისი ხელახალი დებიუტი შაბათს შედგება:

"წესით, "იაგელონიაში" ჩემი დაბრუნება შაბათს უნდა შედგეს. საშინაო შეხვედრაში "ლეჩნას" ვეთამაშებით და თუ გაუთვალისწინებელი რამ არ მოხდა, უნდა ვითამაშო. თავს არ ვზოგავ, რათა სანაკრებო მატჩებს ფორმაში შევხვდე".

შეგახსენებთ, რომ ფოფხაძე "იაგელონიას" ღირსებას 2013/14 წლების სეზონში იცავდა. ამ გუნდის შემადგენლობაში მან 26 მატჩი ჩაატარა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული