"შავ სიაში" საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი თორნიკე ოქრიაშვილიც მოხვდა და თუ მას სხვა კლუბიდან კარგი წინადადება ექნა, ხელს არ შეუშლიან. რაც შეეხება ლუკა ზარანდიას, მასში გარკვეულ პოტენციალს ხედავენ და, შესაძლოა, სხვა კლუბში გაანათხოვრონ.
ეს ამბავი სიახლე აღმოჩნდა თავად ზარანდიასთვის. მისი თქმით, გუნდიდან ისე წამოვიდა, მსგავსი რამ არავის უთქვამს.
"ლელო" ბელგიაში ოქრიაშვილის მენეჯერ მამუკა ამიროვსაც დაუკავშირდა:
"თორნიკესთან დაკავშირებით, "გენკს" ახლა ველაპარაკე. პირდაპირ გეტყვით, რომ რაღაც ხდება, მაგრამ ბელგიურმა მედიამ მოვლენები არასწორი ინტერპრეტაციით გააშუქა. საქმე ისაა, რომ ოქრიაშვილს არავინ უშვებს და მით უმეტეს, არც არავინ აგდებს. წამოსვლა თავად თორნიკეს სურს. მისით რამდენიმე კლუბი დაინტერესდა, მაგრამ ბელგიელები 1,5 მილიონ ევროს ითხოვენ. ასე რომ, ოქრიაშვილი ახალ გუნდში მხოლოდ იმ შემთხვევაში გადავა, თუ ამ თანხას გადაიხდიან. თუ არა და, შესაძლოა, ისევ "გენკში" დარჩეს".
ამიროვს ოქრიაშვილით დაინტერესებულ კლუბებზეც ვკითხეთ: "პირდაპირ გეტყვით, რომ შესაძლოა, მალე გავრცელდეს ხმები "ვიტესში" მის შესაძლო გადასვლასთან დაკავშირებით, მაგრამ არ დაიჯეროთ - ეს ჭორები იქნება. რეალურად, დაინტერესებულ კლუბებს ჯერ ვერ დავასახელებ. არ მინდა, მოვლენებს გავუსწრო, რათა მერე მორიგ ინტერპრეტაციებს არ დაუდონ სათავე".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"