გიორგი გოროზია: ნორვეგიაში თუ ბევრი არ ირბინე, არაფერი გამოგივა

AutoSharing Option
ალექსანდრე ჩივაძემ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობა რომ დაასახელა, ჩვენდა გასაკვირად, სიაში არ აღმოჩნდა ნორვეგიული "სტაბეკის" ქართველი შემტევი ნახევარმცველი გიორგი გოროზია.

არადა, ის ტიპელიგაში (უმაღლესი დივიზიონი) სისტემატურად თამაშობს და ისიც ვიცით, რომ ახალგაზრდული ნაკრების სამწვრთნელო შტაბს მისი ეიმედება.

20 წლის გოროზიას უთამაშია თბილისის "ლოკომოტივსა" და ქუთაისის "ტორპედოში", ამას გარდა, დაუცავს საქართველოს ყველა ასაკობრივი ნაკრების ღირსება.

მას ნორვეგიაში შევეხმიანეთ და მომხდარის ნამდვილი მიზეზი გავარკვიეთ.

- საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობა უკვე ცნობილია. თქვენ არ ხართ სიაში. შევიტყვეთ, რომ 3 ივნისი არ არის უეფას
ეგიდით გასამართავი მატჩების ოფიციალური თარიღი და, შესაბამისად, "სტაბეკმაც" თავი შეიკავა ნაკრებში თქვენი გამოშვებისაგან. ასეა?
- მართალი ბრძანდებით. უეფას ოფიციალური დღე რომ არ არის, სწორედ ამიტომ არ მიშვებს "სტაბეკი" და ამის უფლება აქვს კიდეც.

- "სტაბეკის" საქმეები როგორ მიდის?
- ბოლო შეხვედრაში ძალიან დასანანი მარცხი ვიწვნიეთ "რუსენბორგთან". ძირითადი გუნდების მატჩი ტრავმის გამო ვერ დავიწყე სასტარტო შემადგენლობაში და შეცვლაზე შევედი. მწვრთნელის გადაწყვეტილებით, დუბლებში ვითამაშე და ჯარიმიდან გავიტანე. რა ვიცი... მგონი, ცუდად არ მითამაშია.

- საინტერესოა, რა არის გუნდის მიზანი?
- ჩვენ პროგრესირებადი, ახალგაზრდული გუნდი გვყავს. ყველა თამაშზე მოსაგებად გავდივართ... ჩვენთვის ჩემპიონობა მიზნად არავის დაუსახავს. ვთამაშობთ ფსიქოლოგიური წნეხის გარეშე და მაქსიმუმს ვაკეთებთ ყველა მატჩში.

- რა პოზიციაზე თამაშობთ "სტაბეკში"?
- გამთამაშებლად.

- რას იტყოდით ნორვეგიის ჩემპიონატის დონეზე?
- რა თქმა უნდა, არ არის უმაღლესი დონის პირველობა, მაგრამ ჩემთვის ამ ეტაპზე აბსოლუტურად მისაღებია. საფეხბურთო გარემოა. ყველა გუნდი კარგადაა მომზადებული. ნორვეგიის ჩემპიონატს ერთი დამახასიათებელი ნიშანი აქვს - აქ თუ ბევრი არ ირბინე, არაფერი გამოგივა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული