ნუკრი რევიშვილი "მორდოვიასთან" კონტრაქტს მედშემოწმების გავლისთანავე გააფორმებს

AutoSharing Option
გადაწყვეტილია, რომ რუსეთის პრემიერლიგის კლუბ სარანსკის "მორდოვია" საქართველოს ნაკრების მეკარე ნუკრი რევიშვილთან კონტრაქტს გააფორმებს.

ამის შესახებ კლუბის დირექტორმა ვლადიმირ ბიბიკოვმა განაცხადა, რომლის თქმით, რევიშვილთან ხელშეკრულებას სამედიცინო შემოწმების გავლისთანავე გაუფორმებენ.

"რევიშვილთან კონტრაქტის გაფორმებას მედშემოწმების გავლის შემდეგ ვგეგმავთ და საკითხიც მაშინ გადაწყდება", - აქვეყნებს მის ნათქვამს rsport.ru.

შეგახსენებთ, რომ სეზონის დასრულების შემდეგ რუსეთის პირველი ლიგის "ტოსნოდან" წამოსული 28 წლის მეკარის მომავალს ჯერ გორის "დილას", შემდეგ კი მოლდოვურ "შერიფს" უკავშირებდნენ, მაგრამ საბოლოოდ რევიშვილმა რუსეთში დაბრუნება არჩია და "მორდოვიას" სერბეთში შეკრებაზე გაჰყვა, სადაც პირველ
საკონტროლო მატჩში ითამაშა კიდეც.

რევიშვილმა 25 ივნისს, სერბულ "იაგოდინასთან" ანგარიშით 4:0 მოგებულ შეხვედრაში პირველი ტაიმი ჩაატარა.

რევიშვილმა ეროვნულ ნაკრებში 24 მატჩი ჩაატარა. მისთვის "მორდოვია" კი მეხუთე უცხოური კლუბია: 2006 წელს ყაზანის "რუბინში" ჩაირიცხა, რის შემდეგაც ითამაშა მახაჭყალის "ანჟიში" (2010-11), "კრასნოდარში" (2012-13), მალტის "ვალეტასა" (2014) და რუსულ "ტოსნოში" (2014).
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული