ზაურ სვანაძე: არ მოვეშვებით!

AutoSharing Option
ევროპალიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში ბაქოს "ინტერი" შინ მიიღებს ისლანდიურ "ჰაფნარფიორდურს". პირველი შეხვედრა ზაურ სვანაძის შეგირდებმა 2:1 მოიგეს.

ბოლო წლებში ეს აზერბაიჯანული კლუბი ჩვენი მუდმივი ინტერესის საგანია. ახლაც, როცა კახა ცხადაძე საქართველოს ნაკრებში დასაქმდა და მასთან ერთად იქიდან ქართველებიც წამოვიდნენ (მეკარე გიორგი ლომაიას გარდა), "ინტერისადმი" ჩვენი დამოკიდებულება კვლავაც, ასე ვთქვათ, შინაურულია - დღეს გუნდს ცხადაძის ყოფილი ასისტენტი ზაურ სვანაძე წვრთნის და არც ახალი ქართველი ლეგიონერების (ზურაბ ხიზანიშვილი, ლაშა კასრაძე, ნიკა კვეკვესკირი) ნაკლებობას უჩივის...

"ჰაფნარფიორდურთან" საპასუხო მატჩის წინ სვანაძეს "აზერისპორტი"
გაესაუბრა...

- როგორ ემზადებით "ჰაფნარფიორდურთან" დაპირისპირებისთვის? როგორია განწყობა?
- გუნდი თავს კარგად გრძნობს, მიდის ჩვეულებრივი მზადება, განწყობაც კარგია, თუმცა წინ რთული თამაში გველის. იოლი მოწინააღმდეგე ნამდვილად არ გვყავს.

- გასვლაზე მოპოვებული გამარჯვება თქვენს ფეხბურთელებს ხომ არ მოადუნებს?
- არავითარ შემთხვევაში! ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ შარშანდელი მაგალითი. მაშინ სტუმრად ვაჯობეთ შვედურ "ელფსბორგს", მაგრამ საშინაო შეხვედრაში დავმარცხდით და ასპარეზობას გამოვეთიშეთ.

ვერ ნახავთ მოშვებულ "ინტერს" - იმ წაგების კვალი ჯერ კიდევ არ წაშლილა.

- შეგიძლიათ თუ არა "ჰაფნარფიორდურის" ძლევა? "ინტერი" აგებდა, სანამ მეტოქე უმცირესობაში არ დარჩა...
- პირველ ტაიმში მათ არ ჰქონიათ საგოლე მომენტი. ყველაფერი, რაც შექმნეს, მხოლოდ სტანდარტული მდგომარეობების ნაყოფი იყო. პენალტამდე თამაშს ჩვენ ვაკონტროლებდით.

- შეიძლება ითქვას, რომ ისეთივე თამაში იქნება, როგორც ალბანურ "ლაჩისთან" ბაქოში? გუნდს ხომ ახლაც აწყობს უგოლო ფრე?..
- დიახ, უგოლო ფრე ნამდვილად გვაძლევს ხელს, მაგრამ ჩვენ დაცვაში ჯდომას არ ვაპირებთ.

- რამდენად სავარაუდოა ნულოვანი ფრე?
- (იღიმის)... მე არ შემიძლია, ეს გითხრათ. ერთი კი ვიცი - თუ საკუთარ საჯარიმოში ჩავიკეტებით, უსიამოვნებები არ აგვცდება. მეტოქე კარგად ასრულებს "სტანდარტულებს" და ძლიერია საჰაერო ორთაბრძოლების დროს.

- რას იტყვით ევროპალიგის მესამე ეტაპის წილისყრაზე?
- ახლა ამაზე არ ვფიქრობ, ჯერ ისლანდიური ბარიერი უნდა გადავლახოთ.

- "ბილბაოს" მწვრთნელმა უკვე გაჰკრა კბილი "ინტერ არენის" ხელოვნურსაფარიან მოედანს...
- მათ აქვთ ამის უფლება. ჩვენ ჯერ არ ვართ ისე, როგორც ისინი.

- თქვენ ხომ ელოდით, რომ ამ ეტაპზე, შესაძლო იყო, ასეთი ძლიერი მეტოქე შეგხვედროდათ?
- უმჯობესია, სწორედ ასეთ ძლიერ მეტოქესთან ვითამაშოთ. ასე მეტ გამოცდილებას დავაგროვებთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული