მათე ვაწაძე: ეს დუბლი ეძღვნება მათ, ვისაც ჩემი წარმატება უხარია [VIDEO]

AutoSharing Option
26 წლის ქართველმა ფორვარდმა მათე ვაწაძემ დიდებულად დაიწყო დანიური სუპერლიგა - დუბლი შეასრულა იქაური ფეხბურთის გრანდ "ბრონდბიუსთან" მატჩში და ლომის წილი დაიდო იმაში, რომ ელიტაში დაბრუნებულმა "ორჰუსმა" 2:1 მოიგო.

ერთ-ერთი გოლისას ვაწაძემ დანიელ აგერს აჯობა, რომელიც "ბრონდბიუში" მას შემდეგ დაბრუნდა, რაც "ლივერპულში" არაერთი დასამახსოვრებელი მატჩი ჩაატარა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"ლელო" ვაწაძეს დანიაში დაუკავშირდა და ინტერვიუ სთხოვა...

- მათე, გილოცავთ სეზონის დუბლით გახსნას. პირველ რიგში, შეაფასეთ "ბრონდბიუსთან" მატჩი...
- ძალიან რთული თამაში იყო. დავიწყოთ იქიდან, რომ გუნდი უმაღლეს ლიგას დაუბრუნდა და ჩვენი
გულშემატკივრები სადებიუტო მატჩს მოუთმენლად ელოდნენ. მერე მეტოქეც ისეთი გვყავდა, რომ უკეთესს ვერც ინატრებ - "ბრონდბიუ" დანიური ფეხბურთის გრანდია.

ყველამ ბევრი ვიშრომეთ. მინდორზე მყოფმა თითოეულმა ფეხბურთელმა მაქსიმუმი გაიღო წარმატებისთვის და შედეგიც მივიღეთ. ძალიან კარგი თამაში იყო. ჩემი აზრით, "ორჰუსმა" ეს გამარჯვება ალალად დაიმსახურა.

- თუ შეიძლება, აღწერეთ თქვენ მიერ გატანილი გოლები - ერთ ეპიზოდში დანიელ აგერსაც დააყრევინეთ ფარ-ხმალი...
- მოვერიდები საკუთარ თავზე ბევრ ლაპარაკს, გოლების აღწერას... უმჯობესი იქნება, თუ სპეციალისტები შეაფასებენ ჩემს გარჯას. ერთს კი ვიტყვი - ძალიან მნიშვნელოვანი გოლები იყო. ეს გამარჯვება ერთობ დაგვეხმარება, თუნდაც - ფსიქოლოგიური კუთხით.

- ვის მიუძღვენით ეს დუბლი?
- ყველა იმ ადამიანს, ვისაც ჩემი წარმატება უხარია, პირველ რიგში - ჩემი ოჯახის წევრებს, ჩემს მეუღლეს. მადლობა ღმერთს ამ დღისთვის!

- რა არის "ორჰუსის" მიზანი დანიის მიმდინარე ჩემპიონატში?
- დებიუტანტები კი ვართ, მაგრამ ამის მიუხედავად, მიზნებში არ ვიზღუდებით. ამ ეტაპზე ისე ჩანს, რომ თავისუფლად შეგვიძლია დავისახოთ მიზნად ევროპალიგის საგზურის მოპოვება... მაგრამ მაინც ნუ ვიჩქარებთ, სეზონი ეს-ესაა დაიწყო. მოვიცადოთ ცოტა და უფრო კარგად ჩამოყალიბდება ყველაფერი.

- სამწუხაროდ, კვლავ ვერ თამაშობს ტრავმის გამო დავით დევდარიანი. რა იცით მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ?
- ის ამჟამად თბილისშია და მკურნალობს. ზუსტად ვიცი, რომ უკეთესობა არის. მჯერა, ყველაფერი კარგად იქნება და დევდარიანი მალე დაიწყებს ვარჯიშს.

- მათე, თქვენ ახლახან ორი წლით გააგრძელეთ კონტრაქტი "ორჰუსთან". არადა, რამდენიმე ვარიანტი გქონდათ. რატომ გადაწყვიტეთ დარჩენა?
- აქ ხალხს ძალიან ვუყვარვარ, პატივს მცემენ... ჩემი აზრით, სისულელე იქნებოდა სხვა დანიურ კლუბში გადასვლა. რაც შეეხება ვარიანტებს, იყო რამდენიმე, მაგრამ ახლა მათზე საუბარს აზრი აღარ აქვს, ეს უკვე წარსულია, ხელშეკრულების გაგრძელებით კი ძალიან ბედნიერი ვარ. ვეცდები, რაც შეიძლება მეტი სარგებლობა მოვუტანო გუნდს.

- დაბოლოს, საქართველოს ნაკრებზე გკითხავთ. ეროვნულ გუნდს უკეთესობას თუ ამჩნევთ?
- კი და თანაც ძალიან დიდს. კახა ცხადაძეს უნდა ვაცადოთ, საჭიროა დრო. უნდა ვენდოთ მას და თითოეულ მოთამაშეს. ახლა ბევრად შემტევ ფეხბურთს ვთამაშობთ.

- მაინც რა მოხდა პოლონეთში?
- რაც პოლონეთში მოხდა, ღრმად ვარ დარწმუნებული, აღარასოდეს განმეორდება. მთავარია, ყველამ ვირწმუნოთ საკუთარი თავის და მივყვეთ საქართველოს ნაკრების მწვრთნელის სტილს, მის მოთხოვნებს...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
მალე ნაკრების პირველი ფორვარდი იქნება
თბილისი
17:34 22-07-2015
0
გაიხარე მათე. უკვე დროა ფეხბურთში ვიაზროვნოთ და ვითამაშოდ ევროპულად. შEნი მუდამ გვჯეროდა.
gizog
17:55 22-07-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული