დიდი ბრძოლით გადალახა მეორე საკვალიფიკაციო ეტაპი ბაქოს "ინტერმა". ზაურ სვანაძის გაწვრთნილმა გუნდმა ისლანდიაში მოგებული (2:1) მატჩის შემდეგ შინ მხოლოდ დამატებით დროში გატეხა "ჰაფნარფიორდურის" წინააღმდეგობა - 2:2.
"ინტერის" ქართველებმა - ზურაბ ხიზანიშვილმა, ლაშა კასრაძემ და ნიკა კვეკვესკირმა - სრულად ითამაშეს, ამ უკანასკნელმა კი საგოლე პასი მიითვალა. გიორგი ლომაია სათადარიგო იყო. მომდევნო ეტაპზე "ინტერს" უაღრესად მკაცრი გამომცდელი ეყოლება "ბილბაოს" სახით.
* * *
კვიპროსში გამართულ ქართულ დერბიში "ომონიამ" 1:0 მოუგო პოლონურ "იაგელონიას" და შემდგომ ეტაპზე გავიდა. "ომონიაში" 90 წუთი ითამაშა უჩა ლობჟანიძემ, პოლონურ კლუბში კი ნიკა ძალამიძეს მხოლოდ პირველი 45 წუთი ანდეს.
მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე "ომონია" დანიურ "ბრონდბიუს" დაუპირისპირდება.
* * *
შოთა არველაძის "ტრაბზონსფორმა" გასვლაზეც (შინ 1:0) დაამარცხა ლუქსემბურგის "დიფერდანჟი" (2:1) და ბრძოლას აგრძელებს. შემდეგი მეტოქე მაკედონიური "რაბოტნიჩკია", რომელიც "ტრაბზონმა", წესით, უნდა დაძლიოს.
* * *
უნგრეთში შერცხვა თამაზ პერტიას "სკონტო", რომელმაც "დებრეცენთან" 2:9 წააგო. პირველ მატჩში ლატვიელები გაცილებით ღირსეულად გამოიყურებოდნენ - 2:2. "სკონტოში" არ უთამაშია ახალგაზრდა ქართველ მცველს, ლევან მახარაძეს, რომელიც დაშავებულია.
* * *
ლიტვურმა "ტრაკაიმ" გასვლაზე უიმედოდ წაგებული (0:4) მატჩის შემდეგ შინ 0:0 ითამაშა კვიპროსულ "აპოლონთან". "ტრაკაის" ქართველი მცველი ნიკა აფაქიძე შეცვლაზე შევიდა, ბესო ამაშუკელს კი არ უთამაშია.* * *
უკრაინის ჩემპიონატში "ვოლინმა" შინ 1:4 წააგო "შახტართან". დამარცხებულთა რიგებში 90 წუთი ითამაშა საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა სანდრო კობახიძემ, რომელიც ახლო მომავალში, შესაძლოა, "დნიპროში" დაბრუნდეს.ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"