ლეგიონის უქმეები: ავთო ებრალიძე სეზონს ეფექტური გოლით იწყებს [VIDEO]

AutoSharing Option
ერთ კვირაში საფრანგეთის პირველობა იწყება და წესით, ის ორმაგად საინტერესო უნდა გახდეს ჩვენთვის, რადგან "რეიმსში" ჯაბა კანკავა გადადის.

მანამდე კი ლიგა 2-ის გათამაშება დაიწყო: ამირან სანაიას "პარიზი" შინ დაუზავდა (1:1) "ლავალს". ქართველ მცველს არ უთამაშია.

გერმანია
მეორე ბუნდესლიგაში II ტურის მატჩები გაიმართა და თუკი ლუკას ჰუფნაგელი პირველ ტურში "ფრაიბურგის" განაცხადში მაინც იყო, ახლა "მიუნხენთან" სტუმრად 1:0-ზე მოგებულ მატჩში ქართველი ნახევარმცველისთვის სათადარიგოთა სკამზეც არ გამოინახა ადგილი.

III ბუნდესლიგა კი ჩვენთვის საინტერესო გიორგი პაპუნაშვილის გამო გახდა. II ტურში "ვერდერის" სარეზერვო გუნდი შინ
"კოტბუსთან" 0:2 დამარცხდა. პაპუნაშვილი 72-ე წუთზე ჩაერთო თამაშში. მის ანგარიშზე ერთი უზუსტო დარტყმაა.

პორტუგალია
პორტუგალიაში სეზონი ლიგის თასის გათამაშებით დაიწყო. I ეტაპზე "ჟილ ვისენტე" "ვიზეუს" მასპინძლობდა, ხოლო "ფეირენშე" - "კოვილიას". გიორგი მაკარიძის გუნდმა "კოვილია" 2:1 დაამარცხა და შემდეგ წრეში "ბოავიშტას" შეხვდება.

ავთო ებრალიძის "ჟილ ვისენტემ" 1:1 ითამაშა და მხოლოდ პენალტების სერიაში დათმო მატჩი და გავარდა. აღსანიშნავია, რომ 28-ე წუთზე ანგარიში ებრალიძემ ეფექტური გოლით გახსნა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ბელგია
ბელგიის ჩემპიონატის მეორე ტურში ჩემპიონმა "გენტმა" 1:0 მოუგო "გენკს". პოტენციურად, ამ ორ გუნდში 4 ქართველს შეუძლია თამაში, მაგრამ "გენტის" ქართველები ჯერ სარეზერვო გუნდის წევრები არიან, ხოლო "გენკის" ლუკა ზარანდია პირველ გუნდში კი ირიცხება, მაგრამ იქ სათამაშო პრაქტიკა არ აქვს.

მოკლედ, მოედანზე მხოლოდ ერთი ქართველი იყო - თორნიკე ოქრიაშვილი უკანდახეული ფორვარდის პოზიციაზე მოქმედებდა და პირველ ტაიმში გოლიც გაიტანა, მაგრამ მინიმალური ოფსაიდის გამო ეს გოლი არ ჩაითვალა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

დანია
დანიის სუპერლიგის III ტურში ლადო დვალიშვილის (სათადარიგო) "ოდენსე" სტუმრად "მიდტიულანდთან" დამარცხდა - 0:1.

"ორჰუსმა" შინ 3:2 დაამარცხა "რანდერსი". ეს მატჩი ვერ გამოდგა წარმატებული მათე ვაწაძისთვის, რომელიც პირველ ტაიმში გააფრთხილეს, მატჩის ეს ნაწილი კი მისმა გუნდმა 0:2 წააგო. შესვენებაზე ვაწაძე შეცვალეს და "ორჰუსმა" 9-კაციან მეტოქეს 3 უპასუხო გოლი გაუტანა. დავით სხირტლაძე სათადარიგო იყო.

რუსეთი
რუსულ პრემიერლიგას მალე დააგემოვნებს 22 წლის თედო გრიგალაშვილი. მანამდე კი მან მოაგვარა სავიზო პრობლემები და ჩემპიონატის განაცხადში მოხვდა. "ზენიტთან" საგარეო შეხვედრაში (0:3) ის "ტერეკის" სათადარიგო ფეხბურთელი იყო.

"მორდოვიამ" შინ 1:1 ითამაშა "ურალთან". მასპინძელთა მეკარე ნუკრი რევიშვილი თავიდან ბოლომდე მოედანზე იყო.

რაკი რუსეთის პრემიერლიგა ვახსენეთ, ბარემ აქვე გეტყვით, რომ დღეს ჯანო ანანიძის "სპარტაკი" საბა კვირკველიას "რუბინს" მასპინძლობს. თუმცა ქართული დერბი ვერ შედგება - კვირკველია დისკვალიფიკაციის გამო დაისვენებს.

დღესვე გაიმართება I დივიზიონის მთელი ტურიც.

უკრაინა
უკრაინის პრემიერლიგის III ტურში სტუმრად იმარჯვა ბუბა დაუშვილის "კარპატიმ", რომელმაც "ოლიმპიკი" 1:0 დაამარცხა. ქართველმა საყრდენმა ნახევარმცველმა 90 წუთი ითამაშა და პირველ ტაიმში გაფრთხილებაც მიიღო.

სანდრო კობახიძე "დნიპროში" კი ბრუნდება, მაგრამ ჯერ ისევ "ვოლინშია". ამ გუნდმა 2 აგვისტოს სტუმრად 2:0 დაამარცხა "მეტალურგი". ქართველმა ნახევარმცველმა შეუცვლელად ითამაშა.

ოდესის "ჩერნომორეცი" შინ ასეთივე ანგარიშით დამარცხდა კიევის "დინამოსთან". მასპინძელთა შორის დავით ხოჭოლავამ შეუცვლელად ითამაშა და ყვითელი ბარათი იხილა, ხოლო გიორგი გადრანი სათადარიგო იყო.

"ზორია" სტუმრად "სტალთან" დამარცხდა - 0:2. "ზორიას" ნახევარმცველმა ჯაბა ლიპარტიამ 90 წუთი ითამაშა და გაფრთხილება მიიღო.

"დნიპრო" "ვორსკლას" ესტუმრა და 1:1 ეთამაშა. ჯაბა კანკავამ 85-ე წუთამდე ითამაშა.

სხვა
ფინეთში ირაკლი სირბილაძის კუპს-მა "როვანიემი" 3:0 გაანადგურა. სირბილაძემ შეუცვლელად ითამაშა.

ნორვეგიის ჩემპიონატში გიორგი გოროზიას "სტაბეკმა" შინ 2:0 დაამარცხა "ვალერენგა". ჩვენებური მოედანზე მხოლოდ 86-ე წუთზე გამოჩნდა. "სტაბეკი" 35 ქულით მე-2 ადგილზეა, მესამეზე კი სწორედ "ვალერენგაა".

ბელორუსის უმაღლეს ლიგაში "სლავიამ" და ბატე-მ "მხიარული" მატჩი შემოგვთავაზეს - სტუმრებმა 5:3 მოიგეს. მასპინძელთა რიგებში 63-ე წუთამდე ითამაშა იაკობ აფხაზავამ, 57-ეზე გამოჩნდა დავით ჩიგოევი, ხოლო ნუკრი წულუკიძე სათადარიგოებში დარჩა. "სლავია" 16 ქულით მე-9 ადგილზეა.

ესტონეთის მეისტრილიგაში ზაქარია ბეგლარიშვილის "ფლორა" შინ უგოლოდ დაუზავდა "ინფონეტს". ზაქარია მოედანზე 66-ე წუთზე გამოჩნდა. "ფლორა" 45 ქულით მესამე ადგილზეა.

ლიტვაში იმარჯვა ნიკა აფაქიძის "ტრაკაიმ", რომელმაც სტუმრად 1:0 სძლია "სუდუვას". აფაქიძე 90 წუთი გაისარჯა გამარჯვებულთა რიგებში.

ფარერის კუნძულებზე ქართველთა "სუდუროიმ" სტუმრად ქულა აიღო (0:0) ჰბ-სთან. ვალერი იობაშვილმა და მამუკა ტორონჯაძემ 90-90 წუთი ითამაშეს.

უზბეკეთში "ფახთაქორმა" სტუმრად სძლია "ოლმალიქს". სტუმართა მეორე (და გადამწყვეტი) გოლი 11-მეტრიანის ნიშნულიდან კახა მახარაძემ გაიტანა, რომელმაც შეუცვლელად ითამაშა.

"ფახთაქორი" 41 ქულით ერთპიროვნული ლიდერია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
შენ არ გცხვენია სახლში რო ზიხარ ... რო იფხან და ბიჭებს დაცინი რომლებიც შრომობენ? შენ რას წარმოადგენ საერთოდ?
llcl momismine
14:52 08-08-2015
0
მოკლედ ესენი ეხლა კლუბებში თამაშობენ, ენას მოიმტვრევ და შემადგენლობში რომლებიც ვერ ხვდებიან, ნეტა თუ არ რცხვენიათ
llcl
12:53 03-08-2015
0

სიახლეები პოპულარული