უკრაინელები 19 წლის ქართველზეც დიდ იმედებს ამყარებდნენ. ინტერნეტგამოცემა "ფუტბოლის" ჟურნალისტი ვაჩიბერაძეს, თამაშის მანერით, ჩილეს ნაკრებისა და "ფიორენტინას" ფეხბურთელს დავიდ პისაროს ადარებდა, ხოლო ზაფხულში "შახტარის" ძირითად შემადგენლობაში მოხვედრასაც უწინასწარმეტყველებდა - ფერნანდინიოს წასვლის შემდეგ, "შახტარი" მოედნის ცენტრში შემოქმედი ნახევარმცველების დეფიციტს განიცდის, ვაჩიბერაძე კი პოტენციალით ფერნანდინიოს შემცვლელ ფრედზე უკეთესიაო...
...მაგრამ ვაჩიბერაძემ "შახტარი" დატოვა. კლუბთან კონტრაქტი რომ ეწურებოდა და წასვლას აპირებდა, ეს ცნობილი იყო და დონეცკელები კარგ პირობებსაც სთავაზობდნენ. თუმცა მხარეები ახალ კონტრაქტზე მაინც ვერ შეთანხმდნენ.
ცხადია, როცა წინ ვიხედებით, სხვა ქვეყნის სახელით მოთამაშე ქართველებსაც თვალყურს ვადევნებთ. ვაჩიბერაძე კი ერთ-ერთი მათგანია. მისი ახალი კლუბისადმი ინტერესიც ამითაა გამოწვეული.
ბექამ "ლელოს" ინტერვიუ მისცა...
- "შახტარი" ისეთი გუნდია, იქ მოხვედრას ბევრი ახალგაზრდა ისურვებდა. თქვენ კი გუნდი დატოვეთ. ასეთი რა მოხდა?
- არაფერი, მთელი ცხოვრება ამ ხალხის მადლიერი ვიქნები. მაგრამ ევროპაში მინდოდა თამაში და ძალების მოსინჯვა.
- კონკრეტული მიწვევა თუ გაქვთ?
- შემოთავაზებები მაქვს, მაგრამ დაკონკრეტება არ მსურს.
- "შახტარმა" მისაღები პირობები ვერ შემოგთავაზათ?
- საქმეც ისაა, რომ დონეცკელებს კარგად დავშორდი. იქ ბევრი სასიამოვნო შეხვედრა ჩამიტარებია და ახალი კონტრაქტიც კარგი პირობებით შემომთავაზეს. მე უმადური კი არ ვარ, მაგრამ მათაც ავუხსენი, რომ ამ გუნდში უკვე მეოთხე წელია ვარ და გარემოს შეცვლა მიჯობს-მეთქი.
ბავშვობიდან ევროპაზე ვოცნებობდი და ახლა ეს აზრი კიდევ უფრო გამიძლიერდა, რადგან იქ მეტი პერსპექტივაა. ფეხბურთელს განვითარება თუ სურს, ამაზე უნდა იფიქროს.
- იმანაც იმოქმედა, რომ "შახტარი" დონეცკში ვეღარ ვარჯიშობს?
- ესეც ერთ-ერთი დეტალი იყო. ხან კიევში ვვარჯიშობდით და ხან - პოლტავაში... ფეხბურთელის კარიერაში მგზავრობა ისედაც ჩვეულებრივი მოვლენაა, მაგრამ როცა ამას ახალი სირთულე ემატება, ასე ცხოვრება ძნელია.
- ის მაინც გვითხარით, რომელ ქვეყანაში გადადიხართ?
- მიწვევები ესპანეთიდანაც მაქვს და გერმანიიდანაც. მაგრამ ჯერ არაფერია გადაწყვეტილი.
- პრიმერა დივიზიონისა და ბუნდესლიგის კლუბები გიწვევენ თუ დაბალი ლიგების?
- მენეჯერისგან ვიცი, რომ უმაღლესი დივიზიონების საკმაოდ კარგი გუნდები დაინტერესდნენ. ჩემი საკითხი მალე გაირკვევა. სატრანსფერო "ფანჯარა" 1-ელ სექტემბერს იხურება.
- თქვენთვის უფრო რეალური და სასურველი რომელ ქვეყანაში თამაშია?
- არც ერთ ამ ქვეყანას ჩემი დასაწუნი არაფერი აქვს. გერმანიაშიც სიამოვნებით ვითამაშებ და ესპანეთშიც.
- როცა "შახტარმა" იუნიორთა ლიგაზე ფინალში ითამაშა, ბევრმა ჩათვალა, რომ უკრაინის 19-წლამდელები, რომლის ბირთვსაც თქვენი გუნდის ლიდერები წარმოადგენენ, ევროპის ჩემპიონატზე კარგად ითამაშებდნენ. არადა, ჯგუფური ეტაპიც ვერ დაძლიეთ...
- პირველივე ტურში მასპინძელ საბერძნეთთან 0:2 წავაგეთ. არადა, ბერძნები ჩვენს ნახევარზე სულ ორჯერ გადმოვიდნენ. აშკარად არ გაგვიმართლა და ამ წაგებამ ჩვენზე ძალიან ცუდად იმოქმედა. სამწუხაროდ, ელიტრაუნდში მიღებული ყვითელი ბარათის გამო, ეს შეხვედრა გამოვტოვე.
ამ წაგების შემდეგ გუნდი ვეღარ დალაგდა. არადა, პირველივე ტაიმში სამი ასპროცენტიანი საგოლე მომენტი გვქონდა და ვერ გამოვიყენეთ.
- ევროპის ჩემპიონატზე სხვა ქვეყნის, რუსეთის სახელით კიდევ ერთმა ქართველმა ითამაშა - გიორგი მელქაძემ. მასზე რა შთაბეჭდილება დაგრჩათ?
- სამწუხაროდ, გიორგის თამაში არ მინახავს გადატვირთული გრაფიკის გამო, ვერც გავიცანი. მაგრამ ვიცი, რომ ნიჭიერი ბიჭია, უკვე "სპარტაკის" ძირითად შემადგენლობაშიც ითამაშა და მთელი სულითა და გულით წარმატებებს ვუსურვებ.
- კარგი იქნებოდა, ორივეს საქართველოს სახელით გეთამაშათ...
- თქვენ გგონიათ, ამაზე არ ვფიქრობ? სულითა და გულით ქართველი ვარ, მაგრამ... შევცვალოთ თემა...
- ახლა სად ვარჯიშობ?
- ოდესაში ვარ და ფორმის შესანარჩუნებლად ინდივიდუალურად ვემზადები.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"