გიორგი ჭანტურიას კონტრაქტი და პრეზენტაცია "დუისბურგში" - სამშაბათს!

AutoSharing Option
ისე ჩანს, საბოლოოდ დასრულდა გაურკვევლობის ხანა საქართველოს ეროვნული ნაკრების 22 წლის შემტევის, გიორგი ჭანტურიას კარიერაში. როგორც გუშინ თავად ფეხბურთელმა გვითხრა, "დუისბურგში" მისი ჩარიცხვა საბოლოოდ გადაწყდა.

ჭანტურია გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში მოასპარეზე კლუბთან, სადაც კიდევ ერთი ჩვენებური ლაშა დვალიც თამაშობს, ორწლიან კონტრაქტს გააფორმებს. ჭანტურიას პრეზენტაცია სამშაბათს იგეგმება.

...მას შემდეგ, რაც გიორგიმ ფეხბურთის თამაში დაიწყო, ქართველ გულშემატკივარს მისი იმედი აქვს. ჭანტურია იყო "ბარსელონაში", სადაც ჭაბუკთა გუნდში თამაშობდა. ამის შემდეგ მის კარიერაში დადგა ჰოლანდიური პერიოდი - ის არნემის "ვიტესმა" გადაიბირა.

ამის შემდეგ ჭანტურიამ ითამაშა
"ალანიაში", რასაც რუმინულ "კლუჟში" გადასვლა მოჰყვა. აქედან ის "ვერონამ" აიყვანა, თუმცა სერია A-ს კლუბში ერთი მატჩიც არ ჩაუტარებია. ის ისევ "კლუჟში" დაბრუნდა, თუმცა ფინანსური პრობლემების გამო რუმინული გუნდი მალევე დატოვა, რაც ლოგიკური იყო.

წესით, "დუისბურგი" ჩვენებურისთვის ძალიან კარგი ვარიანტი უნდა იყოს. გერმანიაში ჭანტურია საბოლოოდ უნდა ჩამოყალიბდეს ნამდვილ პროფესიონალად და თუ ასე მოხდა, ამით ქართული ფეხბურთი მხოლოდ მოიგებს.

* * *
საერთოდ, გერმანიაში ნებისმიერი ფეხბურთელის განვითარებისა და წინსვლისთვის იდეალური გარემოა შექმნილი. მერე რა, რომ მეორე ბუნდესლიგაა - გერმანულმა საფეხბურთო თემმა პირველად სწორედ ამ ლიგაში გაიცნო ალექსანდრე იაშვილი, ლევან კობიაშვილი...

გიორგისთვის მნიშვნელოვანია ისიც, რომ უცხო გარემოში მარტოს არ მოუწევს ყოფნა და გვერდით ლაშა დვალი ეყოლება.

ამ დროისთვის, როცა მეორე ბუნდესლიგაში 5 ტურია ნათამაშები, "დუისბურგის" მდგომარეობა იდეალური ნამდვილად არ არის. გუნდს მხოლოდ 2 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილშიც ბოლოდან მეორე ადგილზეა.

გუნდს შვეიცარიელი ჯინო ლეტიერი წვრთნის. "დუისბურგის" შემადგენლობაში თამაშობენ ტუნისელი, ბოსნიელი, ნიგერიელი, ვენესუელელი და ავსტრალიელი ლეგიონერები. როგორც კლუბის ხელმძღვანელობა აცხადებს, ეს ჩავარდნა დროებითია და გუნდი მალე დაიბრუნებს ოპტიმალურ სათამაშო ფორმას, რაც წარმატების წინაპირობა უნდა იყოს.

"დუისბურგი" აქტიურია სატრანსფერო ბაზარზე და აგრძელებს თავისუფალი აგენტების აყვანას. "ზებრებმა" გადაიბირეს გამოცდილი ნიგერიელი ფორვარდი ვიქტორ ობინა. კლუბის მიზანი კიდევ რამდენიმე თავისუფალი აგენტის, ძირითადად, გამოცდილი ფეხბურთელების გადაბირებაა. ჯერჯერობით, გერმანულ პრესაში მათი ვინაობა არ ხმაურდება...

მოკლედ, ვნახოთ. ჭანტურიას კარიერაში ახალი ეტაპი იწყება და იმედია, ამ გზაზე დაბრკოლებები არ იქნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
აბა შედგა გიორგის ტრანსფერი ?
gela
13:12 16-09-2015
0
წარმატებას ვუსურვებ გიორგის, მე მის ოჯახს ბავშვობიდან ვიცნობ და ეჭვი არ მეპარება, რომ გიორგი შეუპოვარი და ნიჭიერი შემტევი ფეხბურთელია. "დუისბურგი" მის პროფესიონალურ ზრდას ხელს შეუწყობს. ნამდვილი ფეხბურთელი მთელი კარიერის მანძილზე იზრდება.
MZIA RATIANI
00:51 12-09-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული