უკვე ორ კვირაზე მეტია, რაც თურქული "ქაისერისპორის" ახალი თავკაცი შოთა არველაძე გუნდის მზადებას შეუდგა. შეგახსენებთ, რომ ქაისერელთა გუნდში კიდევ ერთი ჩვენებურია, ეროვნული ნაკრების მცველი ალექსანდრე ამისულაშვილი. შოთამ მზადების პირველი ეტაპი ფიტნესს, ტრენაჟორებს და საერთოდ ფიზიკური კონდიციების ამაღლებას დაუთმო. ბოლოს კი ამხანაგური მატჩიც გამართა. საკონტოლო შეხვედრაში "ქაისერისფორი" ქვედა ლიგაში მოასპარეზე "ერჩიესფორს" გაეჯიბრა და 3:2 მოიგო. ეს მატჩი ქაისერელთა გუნდის თავკაცის პოსტზე შოთასთვის არაოფიციალური დებიუტი იყო. იგივე შეიძლება ითქვას, გუნდის ახალწვეულ ალექსანდრე ამისულაშვილზეც. ნაკრების მცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და დაცვის ცენტრს ამაგრებდა.
"დიდი სიცხის მიუხედავად, ჩემმა გუნდმა კარგად ითამაშა. შედეგით კმაყოფილი ვარ და პირველი მატჩისთვის თამაშითაც არ ვარ უკმაყოფილო. სამუშაო ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს. ავსტრიული შეკრება მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ. მჯერა ჩემი გუნდი აგვისტოში უფრო უკეთ ითამაშებს", - აღნიშნა მატჩის შემდეგ თურქულ პრესასთან საუბარში შოთა არველაძემ. ვებგვერდი ჰაბერლერ.ცომ-ი აღნიშნავს, რომ შოთამ ქაისერელთა გუნდის თავკაცობა იღბლიანად დაიწყო და სპეციალისტები თურქულ სუპერლიგაში ჩვენებურის გუნდს წარმატებებს უწინასწარმეტყველებენ.
შოთა არველაძისა და მის გუნდთან კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა შეემატა - არგენტინული წარმოშობის, 28 წლის პარაგვაელი ნახევარმცველი ჯონათან სანტანა. ცნობისათვის, სანტანას პარაგავის ნაკრებში 25 მატჩი აქვს ჩატარებული და ახლახანს დასრულებულ მსოფლიოს ჩემპიონატზეც ითამაშა. ეს ნახევარმცველი ბოლოს "რივერ პლეიტში", "ვოლფსბურგსა" და "სან ლორენცოში" გამოდიოდა. სანტანა "ქაისერისფორს" ავსტრიულ შეკრებაზე შეუერთდება.
დაბოლოს, შოთამ გუნდის მზადების პირველი ეტაპი დაასრულა და გუშინ "ქაისერისფორი" მოსამზადებელი შეკრების გასავლელად ავსტრიაში ჩაფრინდა. შოთას გუნდი ავსტრიის ქალაქ კაპფენგერში, სწორედ იქ დაბინავდა, სადაც მუნდიალამდე კამერუნის ნაკრები ემზადებოდა. არველაძის გუნდი ავსტრიაში 31 ივლისამდე დარჩება, მერე კი თურქეთში გააგრძელებს მზადებას.