ახლავე თუ ზაფხულში? გიორგი აბურჯანიას ლა ლიგაში თამაშის პერსპექტივაც აქვს

AutoSharing Option
გიორგი აბურჯანიას ტრანსფერზე "ლელო" უკვე წერდა. 20 წლის ნახევარმცველმა კონტრაქტი გააფორმა ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის ბინადარ ტარაგონას "ხიმნასტიკთან".

ფეხბურთელის აღმზრდელი მწვრთნელის, გუბაზ დოლიძის თქმით, "ხიმნასტიკსა" და კვიპროსულ "ანორთოსისს" შორის შეთანხმებაზეა დამოკიდებული, აბურჯანია ამ ზამთარს გადავა თუ ზაფხულში.

დავინტერესდით, რა არის ამის მიზეზი. დოლიძის თქმით, აბურჯანიას კონტრაქტი მაისში უმთავრდება. ფიფას წესებით კი, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელს ახალ კლუბთან ხელშეკრულება 6 თვით ადრე შეუძლია გააფორმოს. გიორგიმ ამ უფლებით ისარგებლა და "ხიმნასტიკთან" წინასწარი ხელშეკრულება გააფორმა.

ახლა სწორედ ამიტომაა დამოკიდებული "ანორთოსისზე" მისი საკითხი. კვიპროსულ კლუბს
შეუძლია მცირე კომპენსაციას დათანხმდეს და აბურჯანია გაუშვას, ან ქართველი ზაფხულამდე გააჩეროს და შემდეგ მხოლოდ კომპენსაციას დასჯერდეს.

უეფას წესებით, 23 წლამდე მოთამაშეში კლუბი კომპენსაციას იმის მიხედვით მიიღებს, რამდენ წელიწადსაც თამაშობდა მისი მაისურით. კვიპროსულ კლუბში აბურჯანია 2014 წელს, თბილისის "ლოკომოტივიდან" გადავიდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ "ანორთოსისში" ორწლიანი თანამშრომლობის საფასურად კუნძულელები მხოლოდ 40 ათას ევროს მიიღებენ.

საქმე ისაა, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნის კლუბს მოთამაშის ყოველწლიურ მომსახურებას 20 ათას ევროდ უფასებენ, მაშინ, როცა ეს ციფრი საქართველოს შემთხვევაში ორჯერ ნაკლებს შეადგენს.

თბილისის "დინამოს" ყოფილი ფორვარდისა და კაპიტნის, ჩისკოს კლუბი 17 ტურის შემდეგ სეგუნდა დივიზიონში 26 ქულით მე-7 ადგილზეა და პრიმერაში გადასასვლელად იბრძვის. სათამაშოა 25 ტური, ის კი ლიდერ "კორდობას" 7 ქულით ჩამორჩება, მეორეადგილოსან "ალავესს" კი - ხუთით.

ასე რომ, ყველაფერი წინაა და არის შანსი, მომავალ ზაფხულს აბურჯანიამ სულაც პრიმერა დივიზიონში ამოჰყოს თავი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული