23 წლის შემტევის მენეჯერ მამუკა ამიროვს კიდევ ერთხელ ვთხოვეთ სიტუაციაში გარკვევა:
"ოქრიაშვილს "გენკიდან" წასვლა თავად სურს, რადგან მწვრთნელი გაუგებარი მიზეზების გამო არ ათამაშებს. თორნიკე კი ამბიციური ბიჭია, ძალიან მონდომებულია და უთამაშებლად ყოფნა არ სურს.
მაგრამ ჯერ არაფერი გადაწყვეტილა, რადგან ევროპაში შობას აღნიშნავენ და ყველა ისვენებს. დიდი ალბათობით, სიახლეები ახალი წლის დასაწყისში იქნება", - ამბობს ამიროვი.
2014 წლის ზაფხულში ოქრიაშვილის თანაგუნდელი გახდა ნიჭიერი შემტევი ნახევარმცველი ლუკა ზარანდია. თბილისის "ლოკომოტივისა" და საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების თავდამსხმელი ბელგიურ "გენკში" დიდი იმედებით გადავიდა, თუმცა თამაში არა და არ ეღირსა. მიზეზი ჯერ ტრავმები იყო, რის გამოც მას 8 თვე გაუცდა. ოპერაციის შემდეგ კი ზარანდიამ ფორმა აღიდგინა, მაგრამ... ისევე, როგორც ოქრიაშვილის შემთხვევაში, მწვრთნელი არც მას ენდობა.
არადა, ზარანდია ისეთი ფეხბურთელი არ არის, მხოლოდ ევროპაში ყოფნით დაკმაყოფილდეს. მას ისეთ გუნდში სურს მოხვედრა, სადაც სათამაშო პრაქტიკა ექნება. მის ასაკში ეს აუცილებელია და "გენკიდან" წასვლა ამიტომაც გადაწყვიტა.
ზარანდიას საკმაოდ საინტერესო შეთავაზებები აქვს, მათ შორის - ჰოლანდიიდან და თავადაც კარიერის ევროპაში გაგრძელებაზე ფიქრობს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"