ლაშა სალუქვაძე: ვინ თქვა, რომ 30 წლის ფეხბურთელი ბებერია?

AutoSharing Option
ბაქოს "ინტერი" აზერბაიჯანის ჩემპიონატში მეორე ადგილზეა. ზაურ სვანაძის გაწვრთნილი გუნდის მთავარ ბირთვს ქართველი ფეხბურთელები შეადგენენ - ლაშა სალუქვაძე, ზურაბ ხიზანიშვილი, ნიკა კვეკვესკირი, ლაშა კასრაძე და გიორგი ლომაია.

რამდენიმე დღის წინ უეფამ "ინტერს" ევროთასებზე თამაშის უფლება წაართვა, ოღონდ აკრძალვა მხოლოდ იმ შემთხვევაში შევა ძალაში, თუ გუნდი იანვრის ბოლომდე ყოფილი ფეხბურთელების დავალიანებას ვერ გადაიხდის.

"ინტერის" ერთ-ერთი ლიდერი ლაშა სალუქვაძე ახლა თბილისში იმყოფება და, რა თქმა უნდა, 34 წლის ფეხბურთელთან, ვისაც საქართველოს ნაკრებში 38 მატჩი ჩაუტარებია, გასაუბრების შანსი ხელიდან არ გავუშვით.

- ლაშა,
როგორი იყო თქვენთვის სეზონის პირველი ნახევარი? "ინტერში" რომ მიხვედით, აზერბაიჯანის პირველობა უკვე დაწყებული იყო, მაგრამ თქვენ მაინც მოახერხეთ ძირითად შემადგენლობაში ადგილის მოპოვება...

- სანამ "ინტერში" მივიდოდი, ბოლო წამამდე არ ვჩქარობდი გადაწყვეტილების მიღებას. სიმართლე გითხრათ, მქონდა რუსეთის ვარიანტი, მაგრამ საბოლოოდ "ინტერში" დავბრუნდი. ყველა თამაში ძირითად შემადგენლობაში ვითამაშე. გუნდი აზერბაიჯანის ჩემპიონატში მეორე ადგილზეა. ასე რომ, მგონი, არ მაქვს უკმაყოფილების საფუძველი.

აქვე, თქვენი გაზეთის საშუალებით მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ზაურ სვანაძეს, ვინც მენდო. მეც ბოლომდე ვცდილობდი, გამემართლებინა მისი ნდობა. თავი არცერთ მატჩში არ დამიზოგავს. აზერბაიჯანში ყველა ერთხმად აღნიშნავს, რომ "ინტერი" ძალიან შეკრული, მეგობრული გუნდია. ამაში გუნდის მთავარი მწვრთნელის წვლილი ძალიან დიდია.

- აზერბაიჯანის ჩემპიონატში "ინტერი" მეორე ადგილზეა. ეს მართლაც დიდი მიღწევაა იმ ფონზე, რომ გუნდი სეზონის დასაწყისში შეიკრიბა და შემადგენლობა თითქმის მთლიანად გადახალისდა...
- სულ ახალი გუნდი შეიკრიბა სეზონის დაწყების წინ. დაამატეთ ამას ისიც, რომ ფინანსური მდგომარეობა ისეთი აღარ იყო, როგორიც ადრე. ამის მიუხედავად, ზაურ სვანაძემ ძალიან კარგი, ბრძოლისუნარიანი და მეგობრული გუნდი შეკრა. "ინტერმა" ევროთასებზეც კარგად ითამაშა და რომ არა ესპანური "ბილბაოს" ბარიერი, შესაძლოა, ევროპის ლიგის ჯგუფშიც მოხვედრილიყო.

- ვაკვირდებით და ჩანს, რომ აზერბაიჯანის მიმდინარე ჩემპიონატი წინაზე სუსტია. ეთანხმებით ამ შეფასებას?
- გარკვეულწილად ვეთანხმები. ავიღოთ თუნდაც "სიმურგი", რომელიც სულაც მოხსნეს გათამაშებიდან. იმავე "ხაზარს" გაცილებით უკეთესი გუნდი ჰყავდა წინა სეზონში. ჩვენ ყველა ერთად ვხედავთ, როგორი შედეგი აქვს ბაქოს "ნეფთჩის". "ინტერშიც" მეტი იყო ფინანსები. ამის მიუხედავად, აზერბაიჯანმა 2 კლუბი გაიყვანა ევროპის ლიგაზე.

რაც შეეხება ჩემპიონატის ხასიათს, საერთო დონე ძალიან გათანაბრებულია. ვერ იტყვი, ვინ ვის მოუგებს. ხშირია მატჩები, როცა აუტსაიდერები ლიდერებს აკარგვინებენ ქულებს. ყველა შეხვედრაში დიდი ბრძოლაა.

- "ინტერი" მუდამ ყველაზე "ქართული" გუნდი იყო აზერბაიჯანში. როგორია ადგილობრივთა დამოკიდებულება თქვენ მიმართ?
- დამოკიდებულება ძალიან კარგია. ასე იყო ადრეც და ასეა ახლაც. შესაძლოა, მედიის მხრიდან იყო ცალკეული უსიამოვნო ინციდენტები, თუნდაც კახა ცხადაძის მწვრთნელობის დროს, მაგრამ ესეც ჩვეულებრივი ამბავია.

- რა ხდება "ინტერის" ძველ ვალებთან დაკავშირებით? გუნდს აუკრძალავენ ევროთასებზე თამაშს, თუ იანვრის ბოლომდე ვალებს არ გადაიხდის...
- 31 იანვრამდე უნდა დაიფაროს ძველი დავალიანება. ეს ამჟამინდელ პერიოდს არ ეხება. ყველამ კარგად ვიცით, რა ხდებოდა ბოლოს "ინტერის" ზედა ეშელონში. ჩემი ინფორმაციით, კლუბში ახალი ხელმძღვანელობა უნდა მოვიდეს. ამბობენ, რომ დათქმულ ვადაში ვალებსაც გადაიხდიან.

- "ინტერს" რამდენიმე ფეხბურთელმა უჩივლა. როგორც ვიცით, მათ შორის ჩვენებურები არ არიან...
- მეც ასე ვიცი, რომ მომჩივანთა შორის ქართველები არ არიან.

- ხომ არ არის მოსალოდნელი, რომ ზამთარში გუნდი დატოვოთ?
- არა მგონია, ასე მოხდეს. სეზონის დაწყების წინ კი მქონდა რამდენიმე ვარიანტი, მაგრამ ახლა ვერ ვიტყვი, რომ წინადადებები მაქვს. ამ შემთხვევაში, ალბათ გასათვალისწინებელია ჩემი ასაკიც. უკვე 34 წლის ვარ. ამის მიუხედავად, ძველებურად მიხარია ფეხბურთის თამაში და არც ფორმას ვუჩივი.

თუ ვალები დროულად დაიფარება, თუ გუნდს არ აუკრძალავენ ევროთასებზე თამაშს, სიამოვნებით დავრჩები "ინტერში". უბრალოდ, ჩემს ასაკში არ ღირს ისეთ გუნდში თამაში, რომელიც მოკრძალებულ მიზნებს ისახავს, მხოლოდ უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის.

ჩვენ გვაქვს რეალურზე რეალური შანსი იმისა, რომ ევროთასებზე გავიდეთ და თუ მოვლენები საჩვენოდ განვითარდა, ჩემპიონობისთვისაც კი ვიბრძოლოთ. ასე რომ, ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა ამბიციურ გუნდში ყოფნა.

- წეღან თქვით, რომ აზერბაიჯანმა ორი გუნდი გაიყვანა ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე. ცხადია, ეს შემთხვევით არ მომხდარა. რამ განაპირობა ასეთი შედეგი?
- ეს წარმატება შემთხვევით არ მოსულა. ყველას გვახსოვს, თავიდან "ნეფთჩი" შევიდა ევროპის ლიგის ჯგუფში, მერე იყო "ყარაბაღი"... იმავე "ნეფთჩიმ" 2:2 ითამაშა მილანის "ინტერთან", "ყარაბაღი" კი კინაღამ ჯგუფიდან გავიდა.

ასე ეტაპობრივად გააკეთეს საქმე აზერბაიჯანში და რაც, თუნდაც, ორი წლის წინათ სენსაციად აღიქმებოდა, ვგულისხმობ მათი გუნდების გასვლას ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, დღეს კანონზომიერებად მიიჩნევა. აზერბაიჯანში კლუბები ფულს ხარჯავენ, ჩამოჰყავთ ლეგიონერები, რომლებიც ჩემპიონატის დონეს მაღლა სწევენ.

- ალბათ, ჩვენმა კლუბებმაც, შესაბამისი დაფინანსების შემთხვევაში, კვალიფიციური ლეგიონერები უნდა ჩამოიყვანონ...
- ძალიან ძნელი, ვიტყოდი, პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება საქართველოს ჩემპიონატის დონის აწევა ლეგიონერების გარეშე. მთელ მსოფლიოში ასეა და ჩვენც ვერ ვიქნებით გამონაკლისები.

აქვე, მინდა ერთ საჭირბოროტო საკითხზე გავამახვილო ყურადღება. საქართველოში ასეა - 30 წლის გახდება ფეხბურთელი და უკვე ბებერია. არ მესმის, რით ხელმძღვანელობს ის, ვინც ასე ფიქრობს? რატომ უნდა იყურო ფეხბურთელის პასპორტში, თუ ის კარგ ფორმაშია, თამაშობს, გუნდისთვის სარგებლობა მოაქვს...

დიდი იმედი მაქვს ქართული ფეხბურთის ახალი ხელმძღვანელობის. ლევან კობიაშვილი და მისი გუნდი ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ ქართულ ფეხბურთში უკეთესობა იყოს. ამაში დარწმუნებული ვარ.

* * *
სალუქვაძესთან საუბარი ამით დავასრულეთ. როგორც ჩანს, "ინტერი" სეზონის განახლებას ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებებით შეხვდება. აზერბაიჯანული საინფორმაციო საშუალებების ცნობით, ზაურ სვანაძის მიერ გაწვრთნილი გუნდი არაერთმა ფეხბურთელმა დატოვა. კერძოდ, სეზონის განახლების შემდეგ "ინტერში" აღარ ითამაშებენ ესპანელები - ხუან ფრანსისკო და ივან ბენიტესი, ხორვატი სტეპან პოლიაკი, ალბანელი ემელიანო ვილა და გუნდის კაპიტანი, მეკარე სალხატ აგაევი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
30 წლის ფეხბურთელი უდიდესი გამოცდილების მფლობელია და მისი ჩამოწერა მწვრთნელის სისუსტის მაჩვენებელია.

ყველა 30 წელს გადაცილებული ფეხბურთელი, ვინც ჩემთან მოვიდა ფიზიკური კონდიციების გასაუმჯობესებლად, კურსის გავლის შემდეგ უკეთესად გამოიყურებოდა, ვიდრე ახალგაზრდობაში.

გავუფრთხილდეთ ქართველ ფეხბურთელებს!!!! ისედაც თითზე ჩამოსათვლელად დაგვრჩენ.
გუჯა კახაძე
18:20 28-12-2015
0
უნდა დაინგრეს ასაკზე შექმნილი მითი, ფეხბურთელი თუ ფორმაშია და შეუძლია თამაში უნდა ითამაშოს. ზოგი ფეხბურთელი ადრე იხსნება ზოგიც გვიან.
bebeto
21:50 28-12-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული