ნიკა კვეკვესკირი: ...ვითამაშებ თბილისის "დინამოში"

AutoSharing Option
ნიკა კვეკვესკირისთვის მიმდინარე სეზონის პირველი ნახევარი ძალიან წარმატებული იყო. საქართველოს ეროვნული ნაკრების 23 წლის საყრდენი ნახევარმცველი ბაქოს "ინტერში" ლიდერად მოგვევლინა. მან აზერბაიჯანის ჩემპიონატის პირველი ეტაპის სიმბოლურ ნაკრებშიც დაიმკვიდრა ადგილი, რაც იოლი სულაც არ არის.

გარდა ამისა, რაც მთავარია, კვეკვესკირმა მშვენივრად წარმოაჩინა თავი საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში, სადაც მას კახა ცხადაძის ხელმძღვანელობით ჰქონდა დებიუტი...

როგორც შევიტყვეთ, კვეკვესკირის გადაბირება თბილისის "დინამოს" სურს. მოკლედ, საქართველოს ნაკრების წევრთან სასაუბრო საკმარისად დაგროვდა და ჩვენც აღარ დავაყოვნეთ...

- სეზონის პირველი ნახევარი განსაკუთრებული იყო თქვენთვის: დებიუტი გქონდათ საქართველოს
ეროვნულ გუნდში, დაგასახელეს აზერბაიჯანის ჩემპიონატის პირველი ეტაპის სიმბოლურ ნაკრებში...

- გეთანხმებით, მართლაც განსაკუთრებული იყო ჩემთვის სეზონის პირველი ნახევარი. ყველაზე მთავარი ის იყო, რომ დებიუტი მქონდა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში, რაც ნებისმიერი ფეხბურთელის ოცნება და უმთავრესი მიზანია. რა თქმა უნდა, ძალიან სასიამოვნოა, რომ დამაფასეს აზერბაიჯანის ჩემპიონატშიც...

- ეგ იყო, რომ სეზონის მიწურულს ეს ყველაფერი ტრავმამ ოდნავ გააუფერულა...
- რას ვიზამ, ტრავმები ფეხბურთის განუყოფელი ნაწილია... საქართველოს ნაკრების ბოლო ორი მატჩის გამოტოვება მომიხდა და ამან ძალიან დამწყვიტა გული... მაგრამ კარგია, რომ ტრავმა უკან დარჩა და აზერბაიჯანის ჩემპიონატის მატჩში ბოლო 15 წუთიც ვითამაშე. საბედნიეროდ, არანაირი ტკივილი არ მიგრძვნია, ყველაფერი კარგად იყო.

- რა ისმის ბაქოს "ინტერის" ბანაკიდან? აპირებენ იმ ძველი ვალების გადახდას, რის გამოც კლუბს შეიძლება ევროთასებზე თამაში აუკრძალონ?
- ჩემი ინფორმაციით, ამ მხრივ პრობლემა აღარ იქნება. ძველ ვალებს აუცილებლად გადაიხდიან. საქმე ისაა, რომ კლუბში ხელმძღვანელობა შეიცვალა, თან ამიერიდან, "ინტერის" მთავარი სპონსორი აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი იქნება და სწორედ ის გადაიხდის ძველ ვალებს. ამას გარდა, მომავალ სეზონშიც იზრუნებს "ინტერის" კეთილდღეობისთვის.

- ამ დროისთვის როგორ აფასებთ გუნდის სატურნირო მდგომარეობას?
- ახლა მეორე ადგილზე ვართ და ეს ყველაფერი რომ შევაჯამოთ, მიმაჩნია, რომ ჩვენი გუნდისთვის ეს მაქსიმუმია. ამ ეტაპზე ასე იყო და ვნახოთ, მეორე წრეში რა და როგორ იქნება.

- ქართველები რჩებით "ინტერში"?
- კლუბთან კონტრაქტები სეზონის ბოლომდე გვაქვს. ისე ჩანს, რომ ჩემპიონატის ბოლომდე "ინტერში" ვიქნებით. ამის ალბათობა დიდია. ზაურ სვანაძემ ძალიან ბევრი გააკეთა გუნდისთვისაც და ჩვენთვისაც. მისი ხელმძღვანელობით დაწყებული საქმე ბოლომდე უნდა მივიყვანოთ.

- შევიტყვეთ, რომ თქვენი გადაბირებით თბილისის "დინამოა" დაინტერესებული. "დინამო" ქართველი ფეხბურთელისთვის განსაკუთრებული კლუბია და მისი წინადადება გულგრილს ვერავის დატოვებს...
- უნდა გითხრათ გულწრფელად: ჩემთვის თბილისის "დინამო", ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, ქართულ ფეხბურთთან ასოცირდება. თავის დროზე, "დინამოდან" ცოტა გულნატკენი წამოვედი, მაგრამ ამის მიუხედავად, ჩემი გრძნობები ამ გუნდის მიმართ არ განელებულა...

იმედი მაქვს, მოვა დრო და კიდევ ვითამაშებ "დინამოში". ამ ეტაპზე კი "ინტერის" ფეხბურთელი ვარ და სეზონის ბოლომდე ამ გუნდში ვაპირებ დარჩენას.

- იმას თუ ადასტურებთ, რომ "დინამოს" მხრიდან ინტერესი იყო?
- დასამალი არაფერია, ვადასტურებ, რომ ინტერესი იყო, მაგრამ სეზონის ბოლომდე "ინტერს" ვეკუთვნი.

- ბევრმა დიდ კარიერულ რისკად შეაფასა თქვენი ნაბიჯი, როცა საქართველოს ჩემპიონ გორის "დილადან" ბაქოს "ინტერში" გადახვედით...
- მეც ასე მგონია, რომ ეს დიდი რისკი იყო, მაგრამ დღეს ჩანს, რომ ამ ნაბიჯმა გაამართლა.

- ბოლოს, საქართველოს ნაკრებზეც გკითხავთ. როგორი იყო 2015 წელი ქვეყნის უმთავრესი გუნდისთვის?
- ეს იყო შემობრუნების წელი! ვფიქრობ, გულშემატკივარიც შემოტრიალდა ჩვენკენ, თუნდაც შოტლანდიასა და გერმანიის თამაშების შემდეგ. წინ მუნდიალის შესარჩევი ციკლია და დიდი იმედი მაქვს, ხალხს გავახარებთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
საქართველოს ეროვნული ნაკრების ბირთვი "დინამოში" თუ მოიყრის თავს 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ბევრად წარმატებულად ვიასპარეზებთ.
სირბილის სწავლების ცენტრი
19:07 30-12-2015
0
ჩემი აზრით დინამოში თამაში ჯობს ბაქოს ინტერში თამაშს.
bebeto
22:46 30-12-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული