ავთო ებრალიძე: იმედია, "ჟილ ვისენტედან" ამ სეზონის ბოლოს წავალ

AutoSharing Option
ავთო ებრალიძე და მისი "ჟილ ვისენტე" პორტუგალიის თასის გათამაშების ნახევარფინალში გავიდნენ. ქართველი ფეხბურთელის გუნდმა საშინაო შეხვედრაში "ნასიონალი" დაამარცხა. ამ მატჩში 24 წლის ებრალიძემ სრულად ითამაშა და გუნდის წარმატებაში დიდი წვლილიც შეიტანა.

სხვათა შორის, ავთო ებრალიძე ძალიან საინტერესო ბედის ფეხბურთელია. მან კარიერა პორტუგალიის დაბალი ლიგების კლუბებიდან დაიწყო და მალე იმდენი მოახერხა, რომ უმაღლეს ლიგაშიც ითამაშა.მისი პირველი პორტუგალიური კლუბი "ესპერანსა დე ლაგოსი" გახლდათ, საიდანაც "ჟუვენტუდე ევორაში" გადავიდა. 2012 წელს ებრალიძემ "ოლივეირენშეს" მიაშურა, 201
3 წლიდან კი "ჟილ ვისენტეში" თამაშობს.

საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ებრალიძემ 3 მატჩი ჩაატარა. არის სწრაფი, ფეთქებადი ფლანგელი, შეუძლია კარგი დრიბლინგი და მოწინააღმდეგის კართან სიტუაციის გამწვავება...

მას პორტუგალიაში დავუკავშირდით და ინტერვიუ ვთხოვეთ...

- გილოცავთ შობა-ახალ წელს და პორტუგალიის თასის ნახევარფინალში გასვლას...
- დიდი მადლობა მოლოცვისთვის. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ მიღწევით ჩვენ კლუბის ისტორიაში შევედით. "ჟილ ვისენტე" მეორედ გავიდა პორტუგალიის თასის ნახევარფინალში. პირველად, ეს 40 წლის წინ მოხდა...

- მოდით, გავიხსენოთ მეოთხედფინალური მატჩი "ნასიონალთან", რომელიც მინიმალური ანგარიშით 1:0 მოიგეთ...
- ყველა ასე მიიჩნევდა: ფავორიტი, მისი სტატუსის გათვალისწინებით, "ნასიონალი" იყო. ის ხომ უმაღლესი ლიგის გუნდია. ამის მიუხედავად, ჩვენ გვჯეროდა, რომ დიდი შანსი გვქონდა წარმატების, რადგან საკუთარ მოედანზე ვთამაშობდით. რაც სეზონი დაიწყო, ჩვენ შინ თამაში არ წაგვიგია. შინ კი არა, უკვე 12 მატჩია, არც გასვლაზე დავმარცხებულვართ.

"ჟილ ვისენტე" კარგ ფორმაშია, ძალიან თავდაჯერებულები ვართ, ბოლომდე და თავისუფლად ვთამაშობთ. "ნასიონალს", რომ იტყვიან, სწორედ ასე თავისუფლად მოვუგეთ. კიდევ არაერთი საგოლე მომენტი გვქონდა, მაგრამ ერთი გოლიც გვეყო ნახევარფინალში გასასვლელად.

- ნახევარფინალში მკაცრი გამომცდელი გელით "პორტუს" სახით...
- ყველამ ვიცით, რომ ძალიან რთული მატჩები გვექნება "პორტუსთან", მაგრამ ჩვენ ბოლომდე ბრძოლას ვაპირებთ. ნახევარფინალში ერთი თამაში შინ გვექნება, მეორე - სტუმრად.

- რა ხდება ჩემპიონატში? იქ როგორ მიდის "ჟილ ვისენტეს" საქმეები?
- სეზონი რომ დაიწყო, ჩვენი მიზანი იყო, რაც შეიძლებოდა სწრაფად დაგვეგროვებინა საკმარისი რაოდენობის ქულები, რათა უპრობლემოდ შეგვენარჩუნებინა ადგილი პორტუგალიის ჩემპიონატის რანგით მეორე ლიგაში. ეს იმიტომ, რომ უმაღლესი ლიგიდან გავარდნის შემდეგ ჩვენთან ძალიან ბევრი რამ შეიცვალა. ბევრი ფეხბურთელი წავიდა. მოვიდნენ ახალი მოთამაშეები. ძალიან ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი შეგვემატა.

ახლა აბსოლუტურად საპირისპირო სიტუაცია გვაქვს. გუნდი ძალიან კარგად არის ფსიქოლოგიურად მზად და შემტევ ფეხბურთს თამაშობს. ჩვენი მიზანი უმაღლეს ლიგაში დაბრუნებაა და ვფიქრობ, შეგვიძლია ვიბრძოლოთ ამ მიზნის მისაღწევად. და ეს მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე კლუბი ფინანსურად ჩვენზე უკეთეს მდგომარეობაშია. მათ დიდი ფული ჩადეს იმისთვის, რათა უმაღლეს ლიგაში გადავიდნენ.

- როგორც ჩანს, "ჟილ ვისენტეს" მთავარი მწვრთნელი ძალიან კარგი სპეციალისტია. თუ შეიძლება, მოგვიყევით მასზე...
- ნანდინიო ძალიან ახალგაზრდა და მართლაც კარგი სპეციალისტია. "ბენფიკას" ყოფილი ფეხბურთელია. ერთი წელია, რაც პროფესიულ დონეზე მწვრთნელობს. ძალიან მომთხოვნია. შემტევ ფეხბურთს ვთამაშობთ, უამრავ საგოლე მომენტს ვქმნით... ამავე დროს, გუნდი შესანიშნავადაა ორგანიზებული დაცვაში. ეს ყველაფერი ხომ მწვრთნელის დამსახურებაა?!

- საქართველოს ნაკრებზეც გკითხავთ. თქვენ უკვე ითამაშეთ ეროვნულ გუნდში და, რა თქმა უნდა, კვლავ გაქვთ იქ მოხვედრის ამბიცია...
- საქართველოს ნაკრებში თამაში ყოველთვის იყო, არის და იქნება ჩემი ოცნება. ვიცი, პორტუგალიის რანგით მეორე ლიგიდან რთულია საქართველოს ნაკრებში მოხვედრა, მაგრამ იმედი მაქვს, მალე უკეთეს გუნდში მოვხვდები. ვიცი, შემიძლია, ეროვნულ გუნდს სარგებლობა მოვუტანო.

- სიტყვამ მოიტანა და, როდემდე აპირებთ "ჟილ ვისენტეში" დარჩენას?
- ჩემი გადასაწყვეტი რომ იყოს, დღესვე სხვა კლუბში გადავიდოდი. იყო კონკრეტული შემოთავაზებაც. მაგალითად, კრაკოვის "ვისლა" 310.000 ევროს იხდიდა, მაგრამ ჯერჯერობით პრეზიდენტმა უარი თქვა ჩემს გაშვებაზე, რადგან გუნდი უმაღლეს ლიგაში დასაბრუნებლად იბრძვის და ჩათვალეს, რომ ამ საქმეში მეც საჭირო ვარ...

არის ლაპარაკი სხვა გუნდებზეც, ესპანეთისა და იტალიის კლუბებია, თუმცა ჯერ კონკრეტული არაფერია. კიდევ ერთი წელიწადი მაქვს კონტრაქტით დარჩენილი, მაგრამ იმედია, "ჟილ ვისენტედან" ამ სეზონის ბოლოს წავალ. მიუხედავად იმისა, გადავალთ თუ არა უმაღლეს ლიგაში.

- დაბოლოს, როგორია თქვენი ერთი რიგითი დღე, გიორგი მაკარიძეს თუ ხვდებით ხოლმე?
- გუნდში ძალიან კარგი ურთიერთობებია და ეს მნიშვნელოვნად განაპირობებს "ჟილ ვისენტეს" წარმატებას. გიორგის ვერ ვნახულობ, ის ცოტა მოშორებითაა ჩემგან. ძალიან დაძაბული გრაფიკია, სულ თამაშებია... ისე, სისტემატურად ვეხმიანებით ერთმანეთს.

რაც შეეხებათ ჩემს თანაგუნდელებს, ბიჭები ძალიან ხშირად ვიკრიბებით... მოკლედ, იდეალური ურთიერთობები გვაქვს "ჟილ ვისენტეში".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ამსაც აქვს შანსი ნაკრებში მოხვდეს,ნაკრების მწვრთნელები მაიქცევენ ალბათ ყურადღებას თან კონკურენცია გაიზრდება ნაკრებში. ისე კარგ პორტუგალიურ გუნდში თუ მოხვდება კარგი იქნება.
bebeto
20:11 16-01-2016
0
MIDI DZMA MIAWEQI,HEN SAQARTVELOS NAKREBS HIRDEBI.
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული