რესტორან "პრჟისტანის" კლიენტი - ლაშა დვალს გუნდიც მოსწონს და ქალაქიც

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების 20 წლის მცველი ლაშა დვალი პოლონელ გულშემატკივარს კარგი თამაშით აღაფრთოვანებს. ის უკვე ორჯერ მოხვდა ტურის სიმბოლურ ნაკრებში. "შლიონსკის" უკანახაზელი ადგილობრივ ჟურნალისტებს გაესაუბრა...

"ბოლო ორი მატჩი აღმავლობით ჩავატარეთ. ეს მნიშვნელოვანი იყო არა მხოლოდ სატურნირო თვალსაზრისით, არამედ თავდაჯერების მხრივაც. მიმაჩნია, რომ "ლეხთან" და "კრაკოვიასთან" დამსახურებულად მოვიგეთ. რაც შემეხება პირადად მე, ვფიქრობ, საუკეთესო თამაში კილცეში მქონდა...

ბოლო ორი თამაშის მოგებაში გულშემატკივრებმა ძალიან დიდი წვლილი შეიტანეს და ამისთვის მინდა მათ მადლობა გადავუხადო...

რაც შეეხება ჩემპიონატის 8-8 გუნდად დაყოფას, ასეთ რამეს არ
ვარ მიჩვეული, მაგრამ ეს ფეხბურთის ფედერაციის საქმეა. თუ შედარებას გავაკეთებთ პოლონეთისა და თურქეთის ლიგებს შორის, სადაც ადრე ვთამაშობდი, შეიძლება თურქეთში დონე უფრო მაღალია, მაგრამ აქ მეტია სათამაშო დისციპლინა...

მიმაჩნია, რომ პოლონურ ლიგას შეუძლია, რამდენიმე წლის შემდეგ ევროპის საუკეთესო ჩემპიონატების რიგებში მოხვდეს. რაც შეეხება ჩვენი გუნდის მიზანს ჩემპიონატის დასკვნით ნაწილში, მიმაჩნია, რომ შეგვიძლია მე-9 ადგილზე გასვლა. სწორედ ესაა ჩვენი მიზანი...

ჩემი მეწყვილე პიოტრ კელებანი დიდებული ფეხბურთელია. ის გუნდის ნამდვილი ლიდერია - კაპიტანია და ლიდერია გასახდელში. ძალიან დამეხმარა მაშინ, როცა გუნდში ახალმოსული ვიყავი. ადაპტაცია რომ სწრაფად გავიარე, ეს მისი დამსახურებაცაა...

ამ ქალაქში და გუნდში ყოფნა ძალიან მომწონს. ჩვენი სასაუბრო ენა ინგლისურია და არანაირი პრობლემა არ მაქვს. სიამოვნებით ვატარებ თავისუფალ დროს ქალაქის ცენტრში. განსაკუთრებით, რესტორანი "პრჟისტანი" მიყვარს - მდინარე ოდერთანაა და ხშირად დავდივარ სასადილოდ".

შეგახსენებთ, რომ დვალი "შლიონსკს" გერმანული "დუისბურგიდან" შეუერთდა, სადაც მას ძალიან იშვიათად ეძლეოდა თავის გამოჩენის შანსი. ის ერთდროულად საქართველოს ეროვნულ და ახალგაზრდულ ნაკრებთა ღირსებას იცავს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული