გიორგი მაკარიძე: მგონი გუნდიდან იგორ სტეპანოვიჩი მიდის და ვნახოთ...

AutoSharing Option
მოგეხსენებათ, საქართველოს ეროვნული ნაკრების 26 წლის მეკარე გიორგი მაკარიძე კარიერას პორტუგალიის უმაღლესი ლიგის ბინადარ "მორეირენშეში" გააგრძელებს. პორტუგალიის ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში აქამდე ქართველთაგან გოჩა ქოქოშვილს, ზაზა ზირაქიშვილსა და ავთო ებრალიძეს უთამაშიათ.

როცა მაკარიძის ტრანსფერის თაობაზე მოგაწოდეთ ინფორმაცია, მისი მოკლე კომენტარი შემოგთავაზეთ, ახლა კი ვრცლად ვისაუბრებთ მაკარიძის, მისი ახალი კლუბისა და ამ ტრანსფერის თანამდევი საინტერესო ამბების შესახებ...

მაკარიძის გზა
გიორგი მაკარიძე 1990 წლის 31 მარტს, თბილისში დაიბადა. არის თბილისის "დინამოს" აღზრდილი. თამაშობდა ამ გუნდის დუბლშემადგენლობასა და ძირითადშიც.

ჯერ კიდევ 17 წლის იყო, როცა
საქართველოს ეროვნული ნაკრების მაშინდელმა მთავარმა მწვრთნელმა კლაუს ტოპმიოლერმა მას ეროვნულ გუნდში უხმო და მეტიც - შოტლანდიასთან თბილისურ შესარჩევ მატჩში (2:0) ათამაშა კიდეც. ჩვენ დიდხანს არ დაგვავიწყდება შესანიშნავი გამარჯვება ბრიტანელებთან. მაშინ სქოთურმა მედიამ პირდაპირ დაწერა - ჩვენი დიდი სირცხვილია, სკოლის მოსწავლეებთან რომ წავაგეთო...

2009-11 წლებში მაკარიძე ფრანგული "ლე მანის" ღირსებას იცავდა. იყო პერიოდი, როცა ის ამ ფრანგული კლუბის ძირითადი შემადგენლობის მეკარეც იყო და ლიგა 1-ის შეხვედრებშიც თამაშობდა.

და მაინც, გიორგიმ " ლე მანში" სისტემატური სათამაშო პრაქტიკა ვერ მიიღო. სწორედ ამ მიზეზით მიაშურა მან კვიპროსის ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის ბინადარ "დოქსას". ამ გუნდში გიორგი დიდხანს არ გაჩერებულა. მალე გაეცალა კლუბს. არც არაფერი წაუგია - შეგვიძლია ვთქვათ, რომ სწორედ "ფეირენშეში" უდგას მას კარიერის საუკეთესო ხანა.

შემთხვევით როდი მოხდა ჩვენთვის ძალიან სასიამოვნო მოვლენა - 2015 წელს მაკარიძე "ფეირენშეს" შემადგენლობაში საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. ეს ქართველი მეკარისთვის დიდი აღიარება იყო...

გავიცნოთ მორეირენშე...
მაკარიძემ 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა "მორეირენშესთან". ეს პორტუგალიური კლუბი 1938 წელს დაარსდა.
სულ მალე ოფიციალურად გაცხადდება, რომ გუნდის დამრიგებლად ინიშნება პეპა, ვინც მაკარიძეს "ფეირენშეში" წვრთნიდა.

31 ტურის შემდეგ "მორეირენშეს" პორტუგალიის პრიმეირა (უმაღლესი) ლიგაში მე-13 ადგილზე.

"მორეირენშე" ძირითადად პორტუგალიელი და ბრაზილიელი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული. გამორჩეული ვარსკვლავი ამ გუნდში სადღეისოდ არ მოიძებნება.

კონკურენტი მიდის
ახალ გუნდში მაკარიძის მთავარი კონკურენტი სერბი გოლკიპერი იგორ სტეპანოვიჩი იქნება. ბალკანელი კიპერი 28 წლისაა. ის სერბეთის ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი მეკარეა.

როგორ იქნება მომავალ სეზონში? ეს კითხვა გიორგი მაკარიძეს დავუსვით და მისგან საინტერესო პასუხი მივიღეთ.

"როგორც ჩემთვის ცნობილია, სეზონის დასრულების შემდეგ სტეპანოვიჩი გუნდიდან წასვლას აპირებს. რა თქმა უნდა, დიდი იმედი მაქვს, რომ ახალ კლუბში სათამაშო პრაქტიკა არ მომაკლდება", - გვითხრა გიორგიმ.

რა თქმა უნდა, ნებისმიერ დროსა და შემთხვევაში ფეხბურთში კონკურენცია ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ მაინც კარგია, როცა გუნდში ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელის სტატუსით მიდიხარ.

მაინც რატომ მორეირენშე?
გიორგი მაკარიძემ "ლელოს" ადრევე უთხრა, რომ მისი გადაბირება რამდენიმე კლუბს სურდა და მათ შორის ერთ-ერთი იყო სწორედ "მორეირენშე". სხვათა შორის, ქართველი მეკარის მსურველთა შორის ერია კიდევ უფრო ტრადიციული პორტუგალიური კლუბი - "ბოავიშტა".

მაშ, რატომ შეაჩერა არჩევანი გიორგიმ "მორეირენშეზე"? ამ კითხვას დამაჯერებელი პასუხი თავად მაკარიძემ გასცა "ლელოსთან" კომენტარში:

"საქმე ისაა, რომ გადაწყვეტილია გუნდში პეპას დანიშვნა. პეპა "ფეირენშეს" მწვრთნელი იყო და მან ძალიან კარგად იცის ჩემი შესაძლებლობები. ძალიან კარგი, მცოდნე სპეციალისტია და ჩემთვისაც კარგია, კვლავ რომ მეძლევა მასთან მუშაობის საშუალება", - გვეუბნება გიორგი.

მისია
მაკარიძეს ჯერ საკუთარი თავი არ ამოუწურავს "ფეირენშეში". ამ დროისთვის მაკარიძის კლუბი გააფთრებით იბრძვის პორტუგალიურ სუპერლიგაში გადმოსასვლელად. ამ ბრძოლაში, რა თქმა უნდა, "ფეირენშეს" თავისი საუკეთესო ფეხბურთელის იმედი აქვს.

თავად გიორგიც ამბობს, რომ მისთვის ახლა ძალიან მნიშვნელოვანი ჟამი დგას. "ფეირენშესთან" ერთად ის უმაღლესი ლიგის საგზურის მოსაპოვებლად იბრძვის.

"უმაღლეს ლიგაში გადასვლის შანსი რეალურია. რა თქმა უნდა, ამ შანსისთვის ბრძოლას ბოლომდე ვაპირებთ. ახლა მხოლოდ "ფეირენშეს" მატჩებზე ვარ კონცენტრირებული", - გვითხრა საქართველოს ნაკრების მეკარემ.

მაშ ასე, გიორგი სეზონს "ფეირენშეში" ჩაამთავრებს და მერე მიაშურებს "მორეირენშეს".

გეგმები
პორტუგალიური მედიის ცნობით, "მორეირენშე" ამ სეზონის დასრულების შემდეგ ნაყოფიერი სატრანსფერო საქმიანობის გაშლას აპირებს. არის საკმაოდ სოლიდური შანსი იმისი, რომ გუნდში გამოჩნდნენ ახალი ფეხბურთელები, მათ შორის - პორტუგალიური ფეხბურთის გრანდებიდან.

რა თქმა უნდა, "პორტუს", "სპორტინგისა" და "ბენფიკას" ძირითადი შემადგენლობის მოთამაშეებს "მორეირენშე" ვერ შესწვდება, მაგრამ ნიჭიერ ახალგაზრდებს კი დაიმატებს.

კონკურენცია კიდევ უფრო გაიზრდება!
იმ შემთხვევაში, თუ გიორგი მაკარიძეს სისტემატური სათამაშო პრაქტიკა ექნება პორტუგალიის უმაღლესი ლიგის ბინადარ კლუბში, საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მეკარის პოზიციაზე კონკურენცია კიდევ უფრო გაიზრდება.

ნუ დაგვავიწყდება, რომ ამ დროისთვის, მაკარიძის გარდა, ჩვენი ქვეყნის პირველ გუნდს ორი, მართლაც რომ შესანიშნავი მეკარე ჰყავს - გიორგი ლორია და ნუკრი რევიშვილი. ისინი გამოცდილი, შემდგარი კიპერები არიან და რუსულ პრემიერლიგაში თამაშობენ.

რა თქმა უნდა, თუ მაკარიძის კარიერაში ყველაფერი ისე აეწყო, როგორც ფეხბურთელს სურს, მაშინ ის რეალურ პრეტენზიას განაცხადებს ეროვნული გუნდის მთავარმეკარეობაზე.

ამ დროისთვის კი ის მხოლოდ მესამე გოლკიპერია საქართველოს ნაკრებში, მაგრამ არავინ იცის, რა მოხდება მომავალში. ერთი კი ზუსტად ვიცით - კონკურენციას არსად არასოდეს უვნია არც ერთი გუნდისთვის...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
qriste agsdga..cheshmaritad agsdga.gilocavt yvelas am brwyinvale dges,shegewiot da gparavdet upali.makaridze martlac kai bichi da xox raitamasha aburjaniam ai martla mesiamovna golic faitana.dvalishvilmac kai goli gaitana da kashiamac...samwuxarod ambooloris gundma waago.uprosworad vitesma waago da postgliwike agebs81wutia
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული