ავთო ებრალიძე: "ჟილ ვისენტედან" წასვლა მინდა, მაგრამ პრეზიდენტი არ მიშვებს...

AutoSharing Option
"ჟილ ვისენტეს" აღარ აქვს პორტუგალიის პრიმეირა (უმაღლესი) ლიგაში გადასვლის შანსი. ამ გუნდის ამბები იმად გვაინტერესებს, რომ იქ ჩვენებური ავთო ებრალიძე თამაშობს - 24 წლის სწრაფი და ტექნიკური ფლანგელი, ვისაც მოწინააღმდეგის მოტყუება, სიტუაციის გამწვავება და გოლის გატანა შეუძლია...

"ლელო" ებრალიძეს პორტუგალიაში დაუკავშირდა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა. ვფიქრობთ, საინტერესო ინტერვიუ გამოგვივიდა...

- რადგან "ჟილ ვისენტეს" აღარ აქვს პორტუგალიურ ელიტაში აღზევების პრაქტიკული შანსი, ხომ არ არის მოსალოდნელი, რომ კლუბი დატოვოთ?
- არის რაღაც შემოთავაზებები, მაგრამ სეზონის დასრულებას ველოდები. "ჟილ ვისენტესთან" კიდევ დამრჩა ერთწლიანი
კონტრაქტი. მორჩება ჩემპიონატი და ვნახოთ, რა და როგორ მოხერხდება.

აქ პრობლემაა კლუბის პრეზიდენტი. ის ძალიან რთული ადამიანია და გუნდიდან ცოცხალი თავით არ მიშვებს. არაერთხელ მქონდა უფრო ამბიციურ გუნდში გადასვლის შანსი, მაგრამ არსად არ გამიშვა და ახლაც უარზეა. ყოფილა შემთხვევა, სოლიდური თანხაც შემოუთავაზებიათ კლუბისთვის ჩემს სანაცვლოდ, მაგრამ ის სულ უმატებდა და უმატებდა ფასს.

- საინტერესოა, რომელი გუნდები არიან თქვენით დაინტერესებულები?
- ამ ეტაპზე, კონკრეტულად ვერ დავასახელებ კლუბებს, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ ლაპარაკია ესპანეთის, საფრანგეთისა და თურქეთის გუნდებზე. როგორც გითხარით, ყველაფერი "ჟილ ვისენტეს" პრეზიდენტზეა დამოკიდებული. აქამდე არ მაძლევდა წასვლის შანსს და მგონი, ახლა უნდა მოგვარდეს ყველაფერი. ვნახოთ...

- რას ამბობს? რატომ გამუხრუჭებთ?
- რაც ამ გუნდში ვარ, უკვე სამჯერ გამიკეთა ასე. თან, საკვირველი ის არის, რომ ჩემში ფული არ გადაუხდია. რომ გავეშვი, "ჟილ ვისენტე" ფულს ხომ მიიღებდა?! იყო ერთი გუნდი, 400 ათას ევროს იხდიდა, მაგრამ პრეზიდენტმა მეტი მოითხოვა. ეს იყო ზამთარში... მოკლედ რომ ვთქვათ, ძალიან დამამუხრუჭა.

გადასვლა უნდოდა უმაღლეს ლიგაში, მაგრამ არ გამოვიდა. პორტუგალიის სეგუნდა ლიგა, სადაც ახლა "ჟილ ვისენტე" თამაშობს, ისეთია, რომ ძალიან რთულია გადასვლა. ვერ იტყვი, ვინ ვის მოუგებს. ცხრილშიც ძალიან დიდი სიმჭიდროვეა...

- როგორც ვატყობ, "ჟილ ვისენტედან" წასვლა ძალიან გინდათ...
- რომ იტყვიან, ერთი სული მაქვს! რაც პორტუგალიის უმაღლესი ლიგიდან გავვარდით, სულ მინდა წასვლა, მაგრამ... არ მიშვებს პრეზიდენტი და რა ვქნა?! ფსიქოლოგიურად ძალიან რთული სეზონი იყო ჩემთვის. არავითარ შემთხვევაში არ მეგონა, თუ ისევ მეორე ლიგაში ვითამაშებდი. საკუთარ თავს ვაჯობე. შედეგების კუთხით არ იყო ცუდი სეზონი და ამან რამდენიმე გუნდის ინტერესი გამოიწვია. იმედი მაქვს, მოვახერხებ ამბიციურ გუნდში გადასვლას.

- მაინც, ვინ არის პრეზიდენტი? გაგვაცანით...
- ანტონიო ფიუზა.

- მასთან დალაპარაკება არ გიცდიათ?
- ძალიან ბევრჯერ გვილაპარაკია, ძალიან... სულ მპირდება, გაგიშვებო. სხვათა შორის, პორტუგალიაში ძალიან ცნობილი ადამიანია. იმედია, ახლა მაინც შეასრულებს სიტყვას. ჯერ ერთი, მომავალი სეზონის შემდეგ ჩემი კონტრაქტი მთავრდება. მეორეც - პორტუგალიის მეორე ლიგაში ჩემს დარჩენას აზრი არ აქვს. პირდაპირ უნდა ვთქვა, რომ ეს ჩემთვის დაკარგული დრო იქნება.

- დიდ ფულს ითხოვს თქვენს სანაცვლოდ?
- წესით, ახლა მის ინტერესებშიც უნდა შედიოდეს ჩემი გაშვება, რადგან მერე თავისუფალი აგენტის სტატუსით შემეძლება წასვლა და ასეთ შემთხვევაში, "ჟილ ვისენტე" ვერაფერს მიიღებს. ერთი სული მაქვს, როდის მოგვარდება ჩემი სიტუაცია.

- მაინც, საით მიგიწევთ გული?
- ცხადია, ევროპაში მინდა დარჩენა, ოღონდ - პორტუგალიის გარეთ. არ მაკლია ინტერესი არც აქაური უმაღლესი ლიგის გუნდებისგან, მაგრამ დღეს სხვა ჩემპიონატი, სხვა გამოცდილება მჭირდება. მირჩევნია, წავიდე ისეთ გუნდში, რომელიც იქნება პერსპექტიული და ამ გუნდში თამაშით რომელიმე დიდ კლუბში მოხვედრის მიზანს მივაღწიო. არ მინდა, წავიდე იქ, სადაც მხოლოდ დიდ ფულს იხდიან...

სხვათა შორის, პორტუგალიური კლუბების უმრავლესობაში ფინანსური სიტუაცია ვერ არის დალაგებული. აქ ჯერ ბევრს ვერ იხდიან და, რასაც იხდიან, იმასაც აგვიანებენ.

- ესპანეთის, საფრანგეთისა და თურქეთის კლუბები ახსენეთ. ყველა უმაღლესი ლიგისაა?
- დიახ, ყველა. მარტო პორტუგალიის უმაღლესი ლიგიდანაა 4-5 გუნდის ინტერესი. ჯერ კიდევ წინა სეზონში სურდათ ჩემი წაყვანა, მაგრამ, როგორც გითხარით, არ გამიშვა პრეზიდენტმა.

მოკლედ, ამ ეტაპზე მირჩევნია, სადმე პორტუგალიის გარეთ ვითამაშო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
ავთო ებრალიძე - ევროპის საშუალო დონის ჩემპიონატის, რიგით მეორე ლიგის!, საშუალო გუნდის, საშუალო ფეხბურთელია! ხომ ასეა?! თუ მიუკერძოებლები ვიქნებით ნამდვილად ასეა!

24-25 წლის ფეხბურთელს მხოლოდ არაპროფესიონალი უწოდებს პერსპექტიულს.

ის არ არის 17-18 წლის და ახლა იმ ასაკშია, როდესაც ფორმისა და კარიერის პიკში უნდა იყოს და ალბათ არის კიდეც.

აწი მხოლოდ გამოცდილება თუ მოემატება თორე ასეთ ასაკში რომ ერთხელ გაიღვიძო და ვარსკვლავი გახდე ჯეიმი ვარდი უნდა იყო და სამწუხაროდ ვარდი იმით არის ვარდი რომ ის ერთადერთი გამონაკლისია თანამედროვე ფეხბურთში.

"პრეზიდენტი არ მიშვებს" - არის ტაქტიკა რომლითაც, წესით ჩვენ უნდა მოვტყუვდეთ! სიმართლე კი ის არის რომ ებრალიძეში უბრალოდ არ იხდიან ფულს და უფასოდ არცერთი გუნდის პრეზიდენტი არ გაგიშვებს... რატომ უნდა გაყიდო ფეხბურთელი რომლის ფასი 750 000 ევროა, 400 000-ად? მეტს კი არავინ არ იხდის და ამიტომაც არ უშვებენ. 350 000 ევრო რა ქუჩაში ყრია?!

და კიდევ, ამბიცია გარკვეულწილად დადებითი თვისებაა მაგრამ ილუზია და ამბიცია სხვადასხვა მცნებებია! ილუზიაა პორტუგალიის სეგუნდას საშულო გუნდის, საშუალო ფეხბურთელმა იძახოს უკეთეს ქვეყნის და თან უმააღლესი ლიგის და ძირითადში თამაში მინდაო.

მეც ბევრი რამე მინდა მაგრამ სადაა? ყველაფერს დამსახურება უნდა...

zaza
13:50 07-05-2016
0
აბსოლიტურად გეთანხმები > ჩვენი ფეხბურთელების უმრავლესობა რამდენიც არ უნდა ვიძახოთ უნიჭიერესი თაობა გვყავს და კიდევ მოდიანო ეს არის მტკნარი სიცრუე რომოდენიმე გამონაკლისის გარდა რო დაუჯინებიათ ასაკობრივი ნაკრებების თამაშებზე მიხეილ მესხის სტადიონი უნდა გავავსოთო ეს არის პროვინციული ბეცი აზროვნების გამომჟღავნება ევროპაში მათ ასაკში ასაკობრივ ნაკრებებს არავინ არ თხოვს შედეგს არამედ მათ ასწავლიან საფეხბურთო სრულყოფილ განვითარებას სერი ა ში ბუნდესლიგაში პრემიერლიგასა და პრიმერა დივიზიონში რომც ტექნიკურ ფეხბურთელად აქ ჩანდე იქ მთავარი პირობა ფიზიკური გამძლეობა სხარტი აზროვნება და შენი გუნდისთვის ყველაფერს აკეთებდე რომ იმ გუნდში თავს სრულყოფილ წევრად თვლიდე და არა მეორე ხარისხოვან ღრმა ზამენის რიგით ფეხბურთელად, გადახედეთ რამდენი ქართველი ფეხბურთელი აკმაყოფილებს ამ მოთხოვნებს და მიიღებთ პასუხს თუ რათომ არ სჭირდებატ ჩვენი ფეხბურთელები ევროპულ წამყვან თუ საშუალო საფეხბურთო ჩემპიონატების კლუბებს და ის არარის არგუმენტი რომ ევროპაში ვიზის გამო რომელიმე ევროპული კლუბი ქართველ ფეხბურტელს ამის გამო ვერ ყიდულობსო კიდევ ბევრი მითები არის გამოგონილი "ჩვენიანების" გასამართებლად მაგრამ მთავარი პრობლემა მე მაინც საშუალო და მაღალი კლასის ფეხბურთელების კატასტროფულ დეფიციტში მგონია რაც ერთი თვალის კარგი დაკვირვებით ნამდვილათ ჩანს.
baggio
15:52 07-05-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული