ლაშა დვალი: სულ უნდა ამტკიცო, რომ მაღალ დონეზე შეგიძლია თამაში

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების 20 წლის მცველ ლაშა დვალისთვის მიმდინარე სეზონის მეორე ნახევარი კარიერაში აშკარად საუკეთესოა. ის გერმანული "დუისბურგიდან" პოლონურ "შლიონსკში" გადასვლის შემდეგ უმოკლეს ხანში გუნდის ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდა - გააქვს გოლები, აკეთებს საგოლე პასებს და დროდადრო სიმბოლურ ნაკრებშიც ასახელებენ...

ერთი სიტყვით, დვალი პროგრესირებს და არ შეიძლება, ეს არ გვახარებდეს, რადგან ის ქართული ფეხბურთის მომავალია. "ლელო" მას პოლონეთში დაუკავშირდა და ინტერვიუ სთხოვა...

- ახლა უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ "დუისბურგიდან" "შლიონსკში" გადასვლამ აშკარად გაამართლა...
- მეც ვფიქრობ, რომ არჩევანმა გაამართლა. ზოგადად,
პოლონეთის ჩემპიონატი ძალიან პროგრესირებს. ეს ითქმის აბსოლუტურად ყველა მხარეზე. ევროპაა, სუფთა საფეხბურთო ქვეყანაა, ხალხს ძალიან უყვარს ფეხბურთი... სწორედ აქედან გამომდინარე მივიღე გადაწყვეტილება, კარიერა პოლონეთში გამეგრძელებინა.

- მაინც რა დამახასიათებელი ნიუანსები აქვს პოლონეთის ჩემპიონატს?
- ზოგადად, ძალისმიერი ჩემპიონატია. გულწრფელად გეტყვით - რაც აქ ვარ, იოლი მატჩი ჯერ არ მითამაშია. ეს, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ახალგაზრდა ფეხბურთელის განვითარებას, მუდმივად ტონუსში ხარ, ფიზიკურად ყველა გუნდი ძლიერია და სულ ორთაბრძოლებია... პოლონეთის ექსტრაკლასაში 6-7 ისეთი გუნდია, მაღალი დონის ინდივიდუალისტები რომ ჰყავს.

- თვითონ "შლიონსკი" როგორი გუნდია?
- უნდა ვთქვა, რომ ამ მხრივაც ძალიან გამიმართლა. "შლიონსკი" შეკრული გუნდია. რაც დრო გადის, ვრწმუნდები, რომ გუნდურ სულისკვეთებას შეუძლია, დაამარცხოს ყველანაირი ნიჭი. აქ ყველა წინაპირობაა იმისთვის, რომ როგორც ფეხბურთელი, გავიზარდო.

საერთოდ, ფეხბურთში ასეა - სულ უნდა ამტკიცო, რომ მაღალ დონეზე შეგიძლია თამაში. 10 კარგ თამაშს ჩაატარებ, მერე ერთი ცუდი გამოერევა და უკვე კრიტიკის მოსმენა გიწევს. ამიტომ, არ უნდა მოდუნდე და სულ ტონუსში იყო.

- რას იტყვით დაცვის ცენტრში თქვენს მეწყვილეზე? როგორც ვიცით, პიოტრ სელებანი გუნდის ერთ-ერთი ლიდერია...
- მართალი ხართ. ის 31 წლისაა, ფეხბურთში ბევრი რამ უნახავს... შემიძლია ვთქვა, რომ კარგად შევეწყვეთ ერთმანეთს.

- "შლიონსკში" ლეგიონერებიც ბევრი გყავთ...
- კი, საკმაოდ. ჩემი ჩათვლით 5-6 ლეგიონერია.

- რას უნდა მივაწეროთ ის, რომ მინდორს უგოლოდ ან საგოლე პასის გარეშე თითქმის არ ტოვებთ. როგორც ჩანს, მწვრთნელის ნდობას გრძნობთ...
- არც კი ვიცი, რა გიპასუხოთ... საკუთარ მიღწევებზე ლაპარაკი არ მიყვარს. მჯერა, კიდევ მეტს შევძლებ.

- ხომ არ შეინიშნება თქვენ მიმართ სხვა კლუბების ყურადღება?
- ვერ გეტყვით. დღეს "შლიონსკში" ვთამაშობ და ბოლომდე ამ გუნდზე ვარ კონცენტრირებული, სხვაზე არ ვფიქრობ.

- დაბოლოს, რა შეგიძლიათ თქვათ საქართველოს ნაკრების ახალ მთავარ მწვრთნელ ვლადიმირ ვაისზე?
- რა შემიძლია ვთქვა?.. ალბათ, დრო დაგვანახებს ყველაფერს. ფაქტია, ვაისმა თავის დროზე მიაღწია დიდ შედეგს და ეს მხოლოდ გამართლებით არ ხდება. მას მხოლოდ წარმატებას ვუსურვებ, მისი წარმატება კი საქართველოს წარმატებაა და ხალხის სიხარულს ნიშნავს...

აქვე, მინდა მადლობა გადავუხადო კახა ცხადაძეს, ვისი მწვრთნელობის დროსაც დებიუტი მქონდა საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული