ნიკა კვეკვესკირი: "ინტერმა" პირობები შემომთავაზა, მე არ ვჩქარობ

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების 23 წლის ნახევარმცველი ნიკა კვეკვესკირი ის ფეხბურთელია, ვისგანაც გულშემატკივარი ბევრს ელის. აზერბაიჯანის პირველობაზე ტური არ დასრულდებოდა, იქაურ სპეციალისტებს ბაქოს "ინტერის" ლიდერის გარჯა არ გამოერჩიათ...

"ინტერმა" ჩემპიონატი მეოთხე ადგილზე დაასრულა. კვეკვესკირი ახლა საქართველოშია. ამბობენ, რომ მისი გადაბირებით ძალიანაა დაინტერესებული კახა ცხადაძე, რომელიც ალმათის "ქაირათს" თავკაცობს და კარგად უწყის ყოფილი შეგირდის შესაძლებლობები.

სწორედ ცხადაძის ხელმძღვანელობით ითამაშა კვეკვესკირმა პირველად საქართველოს ეროვნულ ნაკრებში და კარგი შთაბეჭდილებაც დატოვა. განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო საგარეო მატჩი გერმანიის ნაკრებთან, რომელიც კვეკვესკირმა მართლაც შესანიშნავად ჩაატარა და კინაღამ
მანუელ ნოიერსაც
გაუტანა...

"ლელო" ნაკრების ნახევარმცველს გაესაუბრა...

- როგორ აფასებთ სეზონს პირადად თქვენთვის?
- სეზონს დადებითად შევაფასებდი. სადებიუტო წელი მქონდა "ინტერში" და თითქმის ყველა ამბობს, რომ ცუდად არ მითამაშია. "ინტერში" ჩემი გადასვლის მთავარი მიზანი და მოტივაცია ის იყო, რომ საქართველოს ნაკრებში მეთამაშა. ეს შევძელი და ამის გამო ძალიან ბედნიერი ვარ.

- და "ინტერისათვის" როგორი გამოდგა სეზონი?
- ჩემი აზრით, "ინტერის" სეზონიც პოზიტიური იყო. უნდა გავითვალისწინოთ ის პრობლემები, რომლებიც მთელი სეზონის განმავლობაში გვაწუხებდა. ვგულისხმობ ფინანსურ პრობლემებს. ეგაა, თავიდანვე ვიცოდით, რომ ევროთასებზე ვერ გავიდოდით, თუმცა თავი არ დაგვიზოგავს.

- რჩებით "ინტერში"?
- ეს საკითხი ჯერ საბოლოოდ არ არის გადაწყვეტილი. კლუბმა საკუთარი პირობები შემომთავაზა, მე კი ჯერ ვფიქრობ, არ ვჩქარობ...

- ამბობენ, თითქოს თქვენი გადაბირება "ქაირათს" სურს. ეს გასაკვირი არც არის, რადგან კახა ცხადაძე კარგად იცნობს თქვენს შესაძლებლობებს...
- კახა ცხადაძეს განსაკუთრებული ადგილი აქვს ჩემს კარიერაში, მაგრამ რაც შეეხება "ქაირათის" ინტერესს, გარწმუნებთ, მეც მხოლოდ გაზეთებიდან გავიგე ამის შესახებ. კიდევ ერთხელ გეუბნებით - არაფერს ვმალავ, რეალურად ასეა.

- ზამთარში თქვენი სამსახურით თბილისის "დინამო" იყო დაინტერესებული. ახლა როგორ არის საქმე?
- დიახ, ზამთარში ნამდვილად იყო ჩვენ შორის კონტაქტი, მაგრამ მაშინ ამ საქმეს გაგრძელება არ მოჰყოლია. იმ დროისთვის, მე "ინტერის" ფეხბურთელი ვიყავი და კლუბთან კონტრაქტი მაკავშირებდა... მას მერე "დინამოსთან" კონტაქტი აღარ მქონია.

- შეგიძლიათ, გვითხრათ, "ინტერის" ქართველები გუნდში რჩებიან?
- ზუსტად მხოლოდ ის ვიცი, რომ ზაურ სვანაძე რჩება მთავარი მწვრთნელის პოსტზე. ისიც ვიცი, რომ კლუბს სურს ქართველებთან თანამშრომლობის გაგრძელება. ჩვენი ბიჭებით ყველა კმაყოფილია, ისევე, როგორც სვანაძით. გუნდში შესანიშნავი ატმოსფეროა. ერთი ოჯახიაო, სწორედ "ინტერზეა" ნათქვამი.

- ამბობენ, აზერბაიჯანის ჩემპიონატის დონე ბოლო დროს შედარებით დაეცაო...
- ამას, ალბათ, იმიტომ ამბობენ, რომ რამდენიმე გუნდი დასუსტდა. მაგალითად, იგივე "ნეფთჩი", რომელმაც რამდენიმე ლეგიონერი გაუშვა. ეს ჩემი პირველი წელია აზერბაიჯანში და მიჭირს შედარება, რადგან არ ვიცი, როგორი დონე იყო ადრე. არიან მაღალი კლასის გუნდებიც. მე, მაგალითად, "ყარაბაღს" გამოვარჩევდი. ის მნიშვნელოვნად აღემატება სხვებს.

საერთოდ, ყველა თამაშში დიდი ბრძოლები მიდის, იმდენად დაძაბული ჩემპიონატია, ვერ მოეშვები.

- ბოლოს, საქართველოს ნაკრებზეც გკითხავთ...
- სამი ამხანაგური მატჩი გველის და სამივე მეტოქე ძალიან ძლიერია. ესპანეთს რომ თავი დავანებოთ, სლოვაკეთიც და რუმინეთიც ევროპის ჩემპიონატის მონაწილეები არიან. სწორედ ასეთ გუნდებს უნდა ვეთამაშოთ იმისთვის, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლისთვის კარგად მოვემზადოთ...

რაც შეეხება ჩვენს შესარჩევ ჯგუფს, გრანდი არ გვყავს მეტოქედ, მაგრამ ძალიან თანაბარი და ძლიერი ჯგუფია. აქედანვე შეიძლება იმის თქმა, რომ ჯგუფში ბევრი ქულა დაიკარგება. რა თქმა უნდა, ყველანი 100 პროცენტით უნდა ვიყოთ მზად იმისთვის, რომ ღირსეულად დავიცვათ ჩვენი ქვეყნის პრესტიჟი საერთაშორისო ასპარეზზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ინტერიო მეთქი მილანის ინტერი აუ ამათი ბაქუს ინტერები და ილიჩოვეცები რა;))))))))))
0
ეს ბიჭი უკეთეს გუნდს და ჩემპიონატს იმსახურებს ვიდრე ინტერი და კაირათია! თუ დინამოს ინტერესი რეალურია დინამოში მაინც მივიდეს იქ ამ ზაფხულს საკვალიფიკაციოზე შენაშნავენ და უკეთეს გუნდში გადავა... წარმატებები ნიკას!!!!!
zaza
18:50 24-05-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული